როგორ განაწილდება 2016 წლის თბილისის 810-მილიონიანი ბიუჯეტი

თბილისის საკრებულოს შენობა

თბილისის საკრებულომ 16 ნოემბრიდან თბილისის ახალი, 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. როგორც ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განაცხადა, მომავალ წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 810 მილიონი ლარი იქნება და მას, გასული წლის მსგავსად, პროგრამული ხასიათი ექნება. მერიაში კი აცხადებენ, რომ დედაქალაქის მთავრობას პრიორიტეტები არც ამჯერად შეუცვლია და დაფინანსება გაეზარდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, ინფრასტრუქტურული პროექტები. ოპოზიცია საკრებულოს ბიუჯეტს აკრიტიკებს.

„თვითმმართველობაში დასრულდა ის დრო, როდესაც ერთ დღეს შემოსულ ბიუჯეტს მეორე დღეს ამტკიცებდა მორჩილი უმრავლესობა - წლევანდელი ბიუჯეტი არის პროგრამული და დღეიდან მის შესაფასებლად დებატებიც დავიწყეთ“, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია.

2015 წლის თბილისის ბიუჯეტში იყო ხარჯები, რაც წელს გათვალისწინებული არ არის. ვგულისხმობ უსაფრთხოების სამსახურის ხარჯებს - 21 მილიონ ლარს, ასევე ახალგაზრდული ოლიმპიადის ხარჯებს - 29 მილიონს, დინამოს სტადიონის რეკონსტრუქციას - 9 მილიონს...
ჯაბა სამუშია

ის ამბობს, რომ თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი შეადგენს 810 მილიონს, რაც 7 მილიონით აღემატება გასული წლის დედაქალაქის ბიუჯეტს, თუმცა, როგორც ჯაბა სამუშია განმარტავს, ბიუჯეტი მექანიკურად არ გაზრდილა:

„2015 წლის თბილისის ბიუჯეტში იყო ხარჯები, რაც წელს გათვალისწინებული არ არის. ვგულისხმობ უსაფრთხოების სამსახურის ხარჯებს - 21 მილიონ ლარს, ასევე ახალგაზრდული ოლიმპიადის ხარჯებს - 29 მილიონს, დინამოს სტადიონის რეკონსტრუქციას - 9 მილიონს... მთლიანობაში, ეს საკმაოდ დიდი თანხაა, 60 მილიონამდე, რაც უნდა გამოაკლდეს საერთო თანხას და, საბოლოოდ, ვიღებთ შედეგს, რომ რეალურად ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში 65-67 მილიონი ლარით იზრდება“.

რაც შეეხება კონკრეტულ სფეროებს, 2016 წელს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტს ემატება 20 მილიონი ლარი, ახალი ობიექტების მშენებლობის და ავარიული სახლების მიმართულებას - 29 მილიონი, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას თითქმის მილიონი ლარი დაემატება, ჯანდაცვასა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებს - 9 მილიონი ლარი, განათლებას - 3 მილიონი ლარი.

თბილისში მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე მეტროსადგურის, ასევე კუს ტბისა და მთაწმინდის საბაგიროების რეკონსტრუქცია, რისთვისაც 7 მილიონი ლარია განსაზღვრული. პუშკინის ქუჩაზე იგეგმება ორმხრივი გზის მშენებლობა. მომავალი წლის ბიუჯეტით ასევე დაგეგმილია ცხრა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, მათგან შვიდი მომავალ წელსვე დასრულდება.

ზოგ სფეროს, - მაგალითად, დედაქალაქის გამწვანებას, - 2016 წლის ბიუჯეტით, გარკვეული თანხა მოაკლდა, თუმცა ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ საკრებულოს ბიუჯეტის განხილვის ვადა აქვს, შენიშვნები აქვს უმრავლესობასაც და, შესაძლოა, დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გარკვეული ცვლილებებიც შევიდეს.

ახალი პროგრამები დავამატეთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გამწვანების სფეროს, უცვლელია ჩვენი პრიორიტეტი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის კუთხით და აქაც ბიუჯეტის ხარჯები გაზრდილია...
დავით ნარმანია

2016 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს საკრებულოს უმცირესობა. ირაკლი აბესაძე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“, აცხადებს, რომ შემცირებულია ისეთი სფეროების დაფინანსება, როგორიცაა, მაგალითად, სოციალური უზრუნველყოფა. სამაგიეროდ, დედაქალაქს რამდენიმე მილიონით უძვირდება ჩინოვნიკების შენახვა:

„რეალურად სოციალური დაფინანსება მცირდება 2 მილიონი ლარით, ოპერაციებისა და მედიკამენტებისათვის გამოყოფილი თანხა მცირდება 5 მილიონი ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის საჭირო თანხა 8 მილიონი ლარით ნაკლები იქნება მომავალ წელს, დედაქალაქის გამწვანების ღონისძიებებს აკლდება, დაახლოებით, 2 მილიონი ლარი და ა.შ. ამ ფონზე კი, დაახლოებით, 9 მილიონი ლარით ძვირი დაუჯდებათ თბილისელებს დავით ნარმანიას და მისი უუნარო გუნდის შენახვა“.

ჯაბა სამუშია ოპონენტების კრიტიკას ციფრებით მანიპულაციას უწოდებს და ამბობს, რომ მათი შენიშვნები უსამართლოა.

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია კი აცხადებს, რომ თბილისის ბიუჯეტში უცვლელია ის პრიორიტეტები, რომლებიც 2015 წელსაც იყო დოკუმენტში ჩადებული. მას დაემატა რამდენიმე ახალი პროგრამა, მათ შორის - ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სფეროებში:

„ამ მხრივ ორი ახალი პროგრამაა შემოთავაზებული და, შესაბამისად, გაზრდილია დაფინანსება. ახალი პროგრამები დავამატეთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გამწვანების სფეროს, უცვლელია ჩვენი პრიორიტეტი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის კუთხით და აქაც ბიუჯეტის ხარჯები გაზრდილია“.

მიხეილ კუკავა

თბილისის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ დასკვნა 2015 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსმა ანალიტიკოსმა მიხეილ კუკავამ მოამზადა. სანამ ახალი ბიუჯეტის პროექტი სრულად გამოქვეყნდება საკრებულოს საიტზე, მანამ მიხეილ კუკავას დეტალებზე საუბარი უჭირს, თუმცა დადებითად აფასებს ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილს:

„პროგრამული ბიუჯეტი, ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, არის შედეგებზე ორიენტირებული ბიუჯეტი. განსხვავებით ჩვეულებრივი ბიუჯეტისგან, ჩვენ ვაფინანსებთ არა საქალაქო სამსახურებს, არამედ ვაფინანსებთ კონკრეტულ პროგრამებს ჯანდაცვისა თუ განათლების სფეროში და ა.შ. პროგრამული ბიუჯეტი, მაგალითად, გვეტყვის, 2016 წელს ისნის რაიონში უფასო სასადილოებზე რამდენი იხარჯება, რამდენ ადამიანს კვებავენ და რა ჯდება თითო ადამიანის კვება - ამ განფასებებს ვხედავთ ასეთ პროგრამულ ბიუჯეტში. რაც შეეხება უფრო კონკრეტულ შეფასებებს, თუ როგორია 2016 წლის ბიუჯეტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დოკუმენტს მისი გამოქვეყნებისთანავე შეისწავლის და შესაბამის დასკვნასაც მოამზადებს“.

ბიუჯეტის პროექტზე დებატები საკრებულოში 16 ნოემბრიდან დაიწყო და 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რის შემდეგაც დოკუმენტს, შენიშვნებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მოაწერს ხელს და მერიას დაუბრუნებს. მერიამ კი ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი დასამტკიცებლად საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა გაუგზავნოს.