გაეროს შემდეგ დავოსი - წავა თუ არ წავა?

ვინ წავა ან ვინ უნდა წავიდეს შვეიცარიაში დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოდან - პრეზიდენტი, პრემიერი თუ ორივე? ეს შეკითხვა გაჩნდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ თურქეთში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსში მიიწვიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე კარგა ხანია დავოსში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ამზადებს.

დავოსის ყოველწლიურ ფორუმზე პრეზიდენტი მარგველაშვილი, ეკონომიკის საკითხებში მისივე მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, თავად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა, პროფესორმა კლაუს შვაბმა მიიწვია. ისინი ერთმანეთს თურქეთში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდნენ, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს დავოსის ფორუმის რეგიონალურ შეხვედრას, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.

„პრეზიდენტს, ზოგადად, საკმაოდ ბევრი მოწვევა აქვს სხვადასხვა რანგის ვიზიტებზე, თუმცა ის ყოველთვის თავად წყვეტს, რომელში მიიღებს მონაწილეობას. ცხადია, ის ითვალისწინებს ამა თუ იმ ვიზიტის რანგს, შინაარსს და თავის სამუშაო გრაფიკს. დავოსში გამგზავრების საკითხი კი ჯერჯერობით არ განგვიხილავს, რადგან მან მიწვევა მხოლოდ გუშინ მიიღო“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, გაემგზავრება თუ არა პრეზიდენტი დავოსში, თუმცა მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ეკონომიკურ ფორუმს პრემიერი უნდა დაესწროს. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს შვეიცარიაში უკვე ამზადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო:

ეკონომიკური ფორუმი - ეს ის ფორუმია, სადაც უნდა წავიდეს სახელმწიფოდან ის პირი, ვინც უშუალოდ არის პასუხისმგებელი ეკონომიკურ პოლიტიკაზე ქვეყანაში, ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე. ამ ყველაფრის პირდაპირი პასუხისმგებლობა კი სწორედ პრემიერ-მინისტრს აქვს. ცხადია, შესაძლებელია ისიც, რომ პრეზიდენტიც დაესწროს ამ ფორუმს...
მანანა კობახიძე

„პრეზიდენტმა რა მოწვევა მიიღო, არ ვიცი, მე არ ვყოფილვარ თურქეთში და ამ საუბარს არ დავსწრებივარ, მაგრამ ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრმა მოწვევა 14 მაისს მიიღო და ის წავა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე“, - განაცხადა 30 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

რომელ ფორუმსა თუ კონფერენციაზე ვინ უნდა წარმოადგინოს ქვეყანა, ეს ამ კონკრეტული შეხვედრების შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტოს მმართველმა გუნდმა და არ უნდა გახდეს სკანდალის თემა, გვეუბნება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე. მისი აზრით, დავოსის ეკონომიკური ფორუმი სწორედ ის ადგილია, სადაც გადამწყვეტი სიტყვა პრემიერს ეკუთვნის:

„მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური ფორუმი - ეს ის ფორუმია, სადაც უნდა წავიდეს სახელმწიფოდან ის პირი, ვინც უშუალოდ არის პასუხისმგებელი ეკონომიკურ პოლიტიკაზე ქვეყანაში, ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე. ამ ყველაფრის პირდაპირი პასუხისმგებლობა კი სწორედ პრემიერ-მინისტრს აქვს. ცხადია, შესაძლებელია ისიც, რომ პრეზიდენტიც დაესწროს ამ ფორუმს და მანაც წარმოადგინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარკვეული წინადადებები, მას ამას არავინ უკრძალავს, მაგრამ ჩვენ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ, ვინ უკეთ შეძლებს ქვეყნის წარდგენას და ვისი პირდაპირი ვალდებულებაა ამის გაკეთება“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ფიქრობს, რომ არაფერია ცუდი იმაში, თუ პრეზიდენტი დავოსში მიიწვიეს და ის იქ წასვლას გადაწყვეტს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრემიერი პრეზიდენტით უნდა ჩანაცვლდეს:

„თუ საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულია დავოსის ფორუმზე, ძალიანაც კარგი. მიმაჩნია, რომ საინტერესო იქნება მისთვისაც შეხვედრები მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიც დავოსში იქნებიან. ოღონდ ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ აღმასრულებელი სტრუქტურა, მისი ხელმძღვანელი სწორედ ამიტომ არ უნდა ესწრებოდეს ამ ფორუმს. ეს უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტია“.

ამ ხელშეკრულების გაფორმებით პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო რეიტინგულმა კომპანიამ საქართველოს რეიტინგი მოუმატა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ხდება ახალი პოტენციალის, შესაძლებლობის მქონე ქვეყანა და რამდენად სწორად იქნება გამოყენებული ეს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სწორედ ასეთი ტიპის შეხვედრებზე...
ლევან კალანდაძე

თუ დავოსში საქართველოს დელეგაცია საქმის გასაკეთებლად მიდის, კონკრეტული ეკონომიკური მიზნებით, მაშინ იქ პრემიერი უნდა წავიდეს, როგორც მთავრობის მეთაური, ფიქრობს უმრავლსობის კიდევ ერთი წევრი, ლევან ბერძენიშვილი. ის ასევე განმარტავს, რომ, საქართველოს ახალი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი ეკონომიკის საკითხებში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ჯერ ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენდა, შემდეგ კი მისი შემცვლელი, ირაკლი ღარიბაშვილი.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ დავოსის წლევანდელი ფორუმის მთავარი საკითხი ეკონომიკური უსაფრთხოება იქნება, ასევე ენერგომატარებლებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, რომელიც დღეს ევროპას განსაკუთრებით აწუხებს. ეს არის იმ ადამიანების თავშეყრის ადგილი, ვინც იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებით მსხვილი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. ამ ფონზე საინტერესოა რა შეიძლება საქართველომ შესთავაზოს მსოფლიო ინვესტორთა ელიტას, მით უმეტეს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფორმატში საქართველოს ასევე გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება:

„ამ ხელშეკრულების გაფორმებით პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო რეიტინგულმა კომპანიამ საქართველოს რეიტინგი მოუმატა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ხდება ახალი პოტენციალის, შესაძლებლობის მქონე ქვეყანა და რამდენად სწორად იქნება გამოყენებული ეს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სწორედ ასეთი ტიპის შეხვედრებზე, რამდენად ეფექტურად და შედეგზე ორიენტირებულად წარადგენს ხელისუფლება ქვეყანას“.

ლევან კალანდაძე ასევე შენიშნავს, რომ საქართველო ჯერჯერობით მოიკოჭლებს საინვესტიციო პოლიტიკის კუთხით და, მისი აზრით, ერთადერთი შანსი ამ მხრივ ჰიპერაქტიური პოლიტიკაა. იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს გარღვევის მოხდენა ეკონომიკაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მინიმალური ყოველწლიური მაჩვენებელი ორ მილიარდ აშშ დოლარს უნდა აღემატებოდეს. და ეს მაშინ, როცა დღეს, ლევან კალანდაძის განცხადებით, საქართველო 950-970 მილიონის უცხოური ინვესტიციების ზღვარს ბოლო სამი წელია ვერ გასცდა.