ფუკო მაგრიტის ჩიბუხებიდან უორჰოლის სუპებამდე

გამომცემლობა „აგორამ“ 2015 წელს მიშელ ფუკოს ტექსტი „ეს არ არის ჩიბუხი“ წიგნად დასტამბა. იგი ფრანგულიდან თარგმნა ნატალია მთივლიშვილმა. უნდა აღინიშნოს, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ამ ერთ-ერთი გარდამტეხი ფილოსოფოსის მემკვიდრეობა დღემდე ქართველი მკითხველისთვის, ფაქტობრივად, მიუწვდომელია. მისი ფუნდამენტური კვლევები ძალაუფლების, სიგიჟის, სექსუალობის ისტორიულ და სოციალურ-პოლიტიკურ ასპექტებზე ჯერაც არაა ნათარგმნი.

Your browser doesn’t support HTML5

ფუკო მაგრიტის ჩიბუხებიდან უორჰოლის სუპებამდე

ფუკოს სულ რამდენიმე მცირე ზომის ტექსტია გადმოტანილი ქართულ ენაზე, ფუნდამენტური კვლევებიდან მხოლოდ ერთი - „სიტყვები და საგნები“ - და ისიც არცთუ ხარისხიანად. აი, როგორ შეაფასა ეს თარგმანი ჩვენს რუბრიკაში 2006 წელს ფილოსოფოსმა გიგა ზედანიამ: „თარგმანის ნაკლი ისაა, რომ არასწორად არის თარგმნილი აზრები, გაგებულია არასწორად, არეულია, განსაკუთრებით ბოლოში, ძირითადი, ფუნდამენტური აზრები. მთარგმნელს არ ესმოდა, რაში მდგომარეობდა ფუკოს თეზისი და თარგმნიდა ისე, როგორც ესმოდა და ეს, რასაკვირველია, საკმარისი არ იყო. ასევე, მთარგმნელმა არ იცოდა ძალიან ბევრი კულტურული შრე, რომელზეც ფუკო აკეთებდა ალუზიას ან პირდაპირ ლაპარაკობდა”.

ცხადია, ასეთი ტიპის ტექსტების თარგმნა სპეციფიკურ მიდგომას, განსაკუთრებულ გამოცდილებას საჭიროებს. ერთიათად იზრდება რედაქტორის როლიც, რომელიც შეძლებს თარგმანი ორიგინალს შეადაროს და აზრობრივი თუ ტერმინოლოგიური აცდენები აღმოფხვრას. მკითხველის კონტექსტში გასარკვევად სასურველია ასეთი წიგნების საჭირო აპარატით აღჭურვაც: წინათქმით, განმარტებითი სახის ესეისტიკით, შენიშვნებით თუ ვიზუალური მასალით. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში მიშელ ფუკოს და, საერთოდ, ასეთი ავტორების თარგმნას მთარგმნელები, რედაქტორები თუ გამომცემლები უფრო კომპლექსურად მოეკიდებიან. ახლა კი მივუბრუნდეთ განსახილველ წიგნს, რომელსაც ზემოთ გამოთქმული შენიშვნები თუ სურვილები მეტ-ნაკლებად ასევე ეხება.

ფუკოს ძალიან ფართო საკვლევი სივრცე ჰქონდა და ერთ-ერთ მათგანს ვიზუალური ხელოვნება წარმოადგენდა. მას აქვს ნაწერი ველასკესზე, მანეზე... „ეს არ არის ჩიბუხი“ კი რენე მაგრიტის შემოქმედების ანალიზს და მის საფუძველზე გამოსახულებისა და ტექსტის ურთიერთმიმართებათა სტრუქტურალურ კვლევას წარმოადგენს. წიგნზე საუბარი ვთხოვე ხელოვნებათმცოდნე დავით ანდრიაძეს.

დავით ანდრიაძე

დავით ანდრიაძე: ამ ტიპის ტექსტებს ჩვენ ვეძახით პოსტჰერმენევტიკულ ტექსტებს, პოსტსემიოტიკურ ტექსტებს. ჩვენც პოსტადამიანები ვართ, პოსტრადიოა, ეს ჭიქა კი არ არის, პოსტჭიქაა. საერთოდ, როგორც ყველა ევროპელ ფილოსოფოსს, ფუკოს გამახვილებული პიეტეტი აქვს მხატვრობისადმი. ეტყობა, რომ ეს გამოცდილება გააჩნია, თვალი აქვს არაჩვეულებრივი. მას მხატვრობა სჭირდება, როგორც ორგანონი, ამ შემთხვევაში, პოსტსტრუქტურალისტური ანალიტიკისთვის, რომელსაც ის, მართლაც, ვირტუოზულად ფლობს. შეიძლება ამას დავარქვათ მახეების თუ ხაფანგების თუ კაკანათების სისტემა. სემანტიკური თუ ლოგიკური თუ პოსტლოგიკური მახეების დაგების დიდოსტატია და ამ ტექსტს უნდა მიჰყვე. არსებობს ორი ტიპის ტექსტები, საერთოდ, ფილოსოფიაში. ერთს შეიძლება დავარქვათ რედუცირებადი ტექსტები, მეორეს - არარედუცირებადი ტექსტები. რომ ავიღოთ კანტის "წმინდა გონების კრიტიკა", ჩვენ შეიძლება, რომ ეს ტექსტი დავიყვანოთ რაღაცამდე. ასევე ჰეგელი, შელინგი... აი, ფუკო, დერიდა კი არარედუცირებადი ტექსტების რიგს მიეკუთვნებიან. ეს არის ტექსტი, რომლის კითხვის დინამიკა, რიტმი მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ეს თარგმანში, სამწუხაროდ, მაინცდამაინც ვერ არის შენარჩუნებული. მე გამიჭირდა მოხელთება ტექსტის რიტმის, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, მთარგმნელს უჭირდა ამ ხვეულებში გავლა და ჩანს, რომ ვიზუალური დისკურსი მასთან შეთამამებული არ არის. იგივე კლე არ არის სწორი ფორმა: არის პაულ კლეე. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავი არის „კლეე, კანდინსკი, მაგრიტი.“ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახსნა, ინტერპრეტაცია კლეეს და კანდინსკის მიმართებებისა მაგრიტთან.

ერთხელ ფროიდმა თქვა: ზოგჯერ სიგარა მხოლოდ სიგარა არისო. მაგრიტი კი 1926 და 1966 წლებში ქმნის ორ ვარიაციას ერთი კონცეპტისა: ხატავს ჩიბუხს და მას ფერწერული ტილოების სივრცეშივე ურთავს ტექსტს: „ეს არ არის ჩიბუხი“. მოკლედ, აირია მონასტერი ამ მოსაწევი საშუალებების ნიადაგზე: რა რა არის და რა რა არ არის, ვეღარ გაარკვევ. ამიტომაც ჩაუჯდა 1973 წელს ფუკო ამ საკითხს და ბოლომდე მიჰყვა. თუმცა ფროიდის სიგარა მას არც გახსენებია, ეს მე გამახსენდა და ენაც წინ გამექცა. ენობრივი სპეკულაციებით იწყებს თავის ესეს ფუკოც, ატრიალებს მაგრიტის ამ ფრაზას, შლის და აწყობს, არკვევს, რისი აღმნიშვნელი შეიძლება იყოს ფრაზის თითოეული ნაწილი და როგორ შეიძლება იცვალოს ამან ელფერი, როდესაც ფრაზა უკვე გამოსახულებაა, და რა ხდება მაშინ, როცა ეს ფრაზა ჟღერს, ვერბალურია. ამ წინააღმდეგობრიობებს ის ერთ სცენაში უყრის თავს, როდესაც ყველაფერი საკლასო ოთახში მასწავლებლის დაბნეულობითა და მოსწავლეების ხარხარით მთავრდება. ლინგვისტური ნიშნების და პლასტიკური ელემენტების შეუთავსებლობის ამ პერფორმანსით ასრულებს ფუკო „მოსამზადებელ სამუშაოს“ და კომპლექსურ ანალიზზე გადადის, სადაც სიტყვებსა და საგნებს შორის ახალი კავშირების შექმნის პრეცედენტებს ეძებს და სამ პრინციპულად განსხვავებულ მიდგომას აფიქსირებს კლეეს, კანდინსკისა და მაგრიტის შემოქმედებაში.

მოვუსმინოთ კვლავ დავით ანდრიაძეს.

დავით ანდრიაძე: აქ არ არის კლასიკური ტერმინები. ვთქვათ, მიმეტური, არამიმეტური... ამ ყველაფრისგან ძალიან შორსაა და შეიძლება ითქვას, რომ ძალიანაც სწორია, იმიტომ რომ ამ კლასიკურმა ესთეტიკამ უკვე თავი გადაგვჭამა ლამის. ეს წიგნი თავისებური ირონიაც კი არის ამ კლასიკურ დესკრიფციულ ანალიზზე, კლასიკურ ესთეტიკურ კატეგორიალურ შინაარსებზე. ყოველ შემთხვევაში, მთავარი ისაა, რომ წიგნი აგებულია ისე, რომ მთელი თავისი დრამატურგია აქვს, ეს წიგნი მოდერნისტულ სპექტაკლადაც შეიძლება დაიდგას, თავიდან ბოლომდე თამაშებრივი ტექსტია, მაგრამ ეს თამაშებრიობა არ არის ძალიან ახლოს მოტანილი. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა კრიტიკოსი თუ ფილოსოფოსი ახდენს მიწერას თავისი ვერსიისას. ის ცდილობს, რომ ავტორს ამშობიარებინოს აზრი. ეს თავისებური სოკრატესეული მაიევტიკაა. თითქოს ერთად სხედან ფუკო და მაგრიტი, და კიდევ, ავტორის ხმა - ესეც ძალიან მნიშვნელოვანია: ამ ტექსტში ავტორისა და მეტაავტორის მუშაობა. ფუკო გადაიცვამს თავიდან ბოლომდე მაგრიტის სამოსელს თუ მაგრიტის აქსესუარებს და გველაპარაკება მაგრიტის ენით. ფაქტობრივად, ეს არის მაგრიტის ტექსტი. ამიტომაცაა, რომ მთელ ტექსტში არსად არაა ჭუჭყი. ხშირად ეს ჭუჭყი ჩნდება, როდესაც რაღაცას ფიქრობ, მერე წერ, და მნიშვნელოვანია წერისა და ფიქრის პროცესი როგორ მიდის. თითქოს მთელი ეს პროცესი ძალიან კარგად ჩანს, მაგრამ, ამავე დროს, გათავისუფლებულია ეს ტექსტი ბალასტისაგან. ყველაფერი დაყვანილია ჰერმენევტულ ანალიზამდე. რეფლექსიების მთელი კასკადი მოდის, რომელმაც შეიძლება გადაგიაროს თავზე, თუ შენ მზად არა ხარ იმისთვის, რომ ცოტა ხანი გვერდით გადადო ტექსტი და იფიქრო. ეს არის ტექსტი, რომელიც უწყვეტად უნდა იკითხო და მერე იქიდან საზრისი გამოიტანო. ეს არის ტექსტი, რომელშიაც თვითონ ტექსტი ლაპარაკობს თავის ტექსტუალობაზე, ტექსტი ლაპარაკობს თავის ფაქტურაზე.

მე არა მგონია, რომ ქართველი მხატვრისთვის იყოს ეს ჭკუის სასწავლებელი, იმიტომ რომ ქართული კონცეპტუალიზმი, საბოლოო ჯამში, მაინც არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ემოციური ხალხი ვართ. თუ არის, ეს არის რაღაც მშრალი. აი, არაფერი მშრალი არ არის მაგრიტთან...
დავით ანდრიაძე

ტექსტის ერთ-ერთი საკვანძო მომენტია მსგავსებასა (ressemblance) და მიმსგავსებას (similitude) შორის მაგრიტისეული გამიჯვნის კარგად გააზრება. მსგავსებას „პატრონი“ ჰყავს - საწყისი ელემენტი, რომელიც ახდენს მისგან აღებული ყველა ასლის მოწესრიგებას და იერარქიზაციას, მისგავსება კი სერიებად ვითარდება, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული და არანაირ იერარქიზაციას არ ექვემდებარება. მსგავსება ყალიბდება მოდელად, მიმსგავსება კი წრეზე ატრიალებს სიმულაკრს. ეს ტერმინოლოგიური გამიჯვნა მაგრიტის კონკრეტული ნამუშევრების ინტერპრეტირებაში გადამწყვეტ როლსაც კი ასრულებს. თუმცა ფუკო თემას მაგრიტითვე არ ხურავს, მთელ ამ ანალიზს ტექსტის ბოლოს სასოწარკვეთილი, ირონიული თუ იმედიანი (როგორც გინდათ, ისე გაიგეთ) შეძახილი მოაქვს: კემპბელი, კემპბელი, კემპბელი, კემპბელი. უორჰოლის კემპბელის სუპების ექოთი მთავრდება ესე, რომელიც ჩიბუხზე ნათქვამი ერთი ფრაზის წვალებით დაიწყო.

დაბოლოს, რამდენად შეიძლება იმუშაოს ამ წიგნმა დღევანდელ ქართულ ვიზუალურ ხელოვნებაზე, რამდენად შეიძლება ის იყოს ინსპირაცია თანამედროვე ქართველი მხატვრისთვის?

მოვუსმინოთ ერთხელაც დავით ანდრიაძეს.

დავით ანდრიაძე: მე არა მგონია, რომ ქართველი მხატვრისთვის იყოს ეს ჭკუის სასწავლებელი, იმიტომ რომ ქართული კონცეპტუალიზმი, საბოლოო ჯამში, მაინც არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ემოციური ხალხი ვართ. თუ არის, ეს არის რაღაც მშრალი. აი, არაფერი მშრალი არ არის მაგრიტთან. ყველაფერს აქვს თავისი წვენი, თავისი ჰაერი, თავისი აურა, რომელშიაც რაღაცნაირად მოძრაობს და ამ გაგებით ამ ტიპის აზროვნება თუ მეტააზროვნება მოსკოვური კონცეპტუალიზმის სკოლისთვის უფრო ახლოს არის.