საქართველო „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში

საქართველოში დემოკრატიის მხრივ შექმნილ ვითარებაზე "ამერიკის ხმასთან" საუბარში კომენტარს „ფრიდომ ჰაუსის“ ვიცე-პრეზიდენტი არჩ პადინგტონი აკეთებს

ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ ახალ ანგარიშს აქვეყნებს. კვლევა მსოფლიოში პოლიტიკური უფლებების დაცვის და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ შექმნილ მდგომარეობას აფასებს. „ავტორიტარული ხელისუფლებების ახალი ტაქტიკა თავისუფლებების შეზღუდვის მეცხრე წელს“ - ასეთია პრესრელიზის სათაური, რომელიც ორგანიზაციამ 2015 წლის 28 იანვარს გამოსცა.

მსოფლიო

მთელ მსოფლიოში თავისუფლებების შეზღუდვის ხარისხი ზედიზედ მეცხრე წელია მატულობს - ნათქვამია ანგარიშში „თავისუფლება მსოფლიოში -2015“. ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი კვლევების დარგში არჩ პადინგტონი ამბობს, რომ დემოკრატიის მიღება, როგორც მსოფლიოს ქვეყნების მართვის დომინანტური ფორმა და ინტერნაციონალური სისტემის დემოკრატიულ იდეებზე აგების პრინციპი, ბოლო 25 წლის მანძილზე წელს ყველაზე დიდ საფრთხეში აღმოჩნდა. მისი თქმით, იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც დემოკრატიის მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, თითქმის ორჯერ აღემატება სახელმწიფოებს, სადაც გაუმჯობესება შეინიშნა. პროპორცია დაახლოებით ასე გამოიყურება: 61/ 33-ზე.

ანგარიშში ვრცლად არის საუბარი ტერორიზმის მზარდ ხასიათზე და იმ გავლენაზე, რომელიც მას დემოკრატიულ განვითარებაზე აქვს. დასავლეთ აფრიკიდან დაწყებული, ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ აზიის ჩათვლით, რადიკალურად განწყობილი ჯიჰადისტური ძალები ადგილობრივ მთავრობებზე და მოსახლეობაზე დიდ გავლენას ახდენენ. განსაკუთრებით შესამჩნევია მათი გაძლიერება ერაყში, სირიაში, პაკისტანში და ნიგერიაში.

ევრაზია

„ფრიდომ ჰაუსი“ განსაკუთრებულ ადგილს უთმობს რუსეთის ფაქტორს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის -ვიქტორ იანუკოვიჩის- განდევნით გაუმჯობესებული ვითარება კრემლის მიერ ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მიერ მოწყობილმა ამბოხმა დაჩრდილა. ამას გარდა, თავად რუსეთში ხელისუფლებამ გააძლიერა კონტროლი მედიის სექტორზე და არასამთავრებო ორგანიზაციებზე.

ევრაზიის რეგიონში გაუარესება თურქეთშიც დაფიქსირდა, სადაც ხელისუფლება დემოკრატიის ნორმებს კიდევ უფრო ჩამოსცილდა. პრემიერი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა და მისი ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა. ასევე გაძლიერდა ხელისუფლების მხრიდან მედიის და სამართლებრივი სტრუქტურების კონტროლი. ანგარიშის პირველივე თავში მოყვანილია ერდოღანის გახმაურებული ციტატა, სადაც ის ამბობს: „ჩვენ მოვსპობთ „ტვიტერს“. ყველა დარწმუნდება თურქული სახელმწიფოს სიძლიერეში“ (2014 წლის მარტი).

საქართველო

რაც შეეხება საქართველოს, ზოგადი მონაცემებით საერთო მდგომარეობა და „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ მინიჭებული ქულები პოლიტიკური უფლებების დაცვის და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ ბოლო 3 წლის მანძილზე არ შეცვლილა და საქართველო ისევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ აშკარაა, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური თანამდებობის არქონის მიუხედავად მაინც წამყვან პოლიტიკურ ძალად რჩება. ის, რომ ექსპრემიერი „გარკვეული გავლენის მოხდენას ცდილობს, ჩვენთვის განსაკუთრებით გასაკვირი არ არის“ - აღნიშნავს არჩ პადინგტონი. თუმცა, მისი თქმით, საერთო ჯამში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვითარება საქართველოში დემოკრატიის მხრივ გაუმჯობესდა.

„ჩვენი მიზანია დავადგინოთ, თუ რამდენად ხდება სამართლებრივი პროცესების პოლიტიზირება დღევანდელი მთავრობის მხრიდან. ვგულისხმობ იმ სასამართლო პროცესებს, რომელიც სააკაშვილის დროინდელი მთავრობის წევრების გამო იმართება. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება ზოგიერთ პროცესთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოში დემოკრატიული ვითარება გააუმჯობესა იმასთან შედარებით, რაც მანამდე იყო. ეს წინსვლა კარგად არის ასახული იმ შეფასებებში, რომელიც ჩვენ საქართველოს ბოლო 3 წლის მანძილზე მივეცით“.

„ფრიდომ ჰაუსის“ ვიცე-პრეზიდენტთან საქართველოში ბოლო თვეების მანძილზე გახმაურებული ქალთა მკვლელობების შესახებაც ვისაუბრეთ. ამ ტიპის ძალადობის პრევენცია როგორც ცნობილია, მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. მაგრამ კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ამ პრობლემამ მომავალში შედარებით ნაკლებად იჩინოს თავი?

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც ქალთა წინააღმდეგ ძალადობას ძალიან სერიოზულად იღებენ, დამნაშავეებს იჭერენ, დიდი ხნით პატიმრობას უსჯიან, ეს მაინც პრობლემაა... გამუდმებით განიხილება და დემოკრატიის მხრივ ადვილად მოსაგვარებელი საკითხი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი: არსებობდეს სწორი კანონმდებლობა, რომელიც მოძალადეს პასუხისმგებლობას დააკისრებს და მეორე, რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ აიძულოთ პოლიცია და სხვა ლეგიტიმური ძალები კანონი დაიცვან და ამუშაონ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად კანონის მიღება, რადგან ბევრ ქვეყანას აქვს გამართული კანონმდებლობა, მაგრამ ისინი აზრს კარგავენ, თუკი მათი აღსრულება არ ხდება“ - აღნიშნავს არჩ პადინგტონი.

„ფრიდომ ჰაუსის“ მიერ შეფასებული 195 ქვეყნიდან ბოლო კვლევის თანახმად 89 თავისუფალია, ანუ - 46 პროცენტი. 55 სახელმწიფო ნაწილობრივ თავისუფალია, რაც 28 პროცენტს შეადგენს და სწორედ ამ ქვეყნების რიგშია საქართველო. 51 კი - თავისუფალი არ არის. ეს უკანასკნელი ორგანიზაციის ანგარიშში 26 პროცენტს წარმოადგენს. ყველაზე უარესი მდგომარეობაა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ეკვატორულ გვინეაში, ერითრეაში, ჩრდილოეთ კორეაში, საუდის არაბეთში, სომალში, სუდანში, სირიაში, თურქმენეთში და უზბეკეთში.