აკვანი უშვილოთა

„წაჩხურობაზე“ დასასწრებად მარტვილის რაიონში ათობით ადამიანი ჩადის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. 

აკვანი და თოჯინა იმ წყვილებმა უნდა აიტანონ, რომლებსაც შვილი არ უჩნდებათ.

სამკილომეტრიანი აღმართის მანქანით გავლა ძნელია, რადგან გზა გადავსებულია, ამიტომაც მლოცველთა უმეტესობა ფეხით ასვლას არჩევს.

ეკლესიაში ასვლის შემდეგ მლოცველები წირვის დასრულებას ელოდებიან, რათა მღვდელმა მათი აკვნები აკურთხოს.

ეკლესიაში არა მარტო შვილის, არამედ დაოჯახების სათხოვნელადაც ადიან. ზოგიერთს შესაწირად შინაური ცხოველი და ფრინველი მიჰყავს.

ადგილობრივ მოსახლეობას არ ახსოვს, როდის ჩაეყარა საფუძველი ამ ტრადიციას, თუმცა ბევრი დარწმუნებულია, რომ რიტუალი შედეგიანია.

ეკლესიის ეზო სწრაფად ივსება ხალხით.

ბავშვები წირვის დასრულებას ელოდებიან - იმედი აქვთ, რომ ეკლესიის ეზოში დახვავებული აკვნებიდან ერთ-ერთი მათაც შეხვდებათ.

სანამ ეკლესიაში წირვაა, მლოცველები ტაძარს ანთებული სანთლებით სამჯერ უვლიან გარს.

ლეგენდის მიხედვით, იმ ადგილას, სადაც ახლა წაჩხურის ეკლესიაა, ქრისტიანობამდე წარმართული, ე.წ. „ფალოსის კულტის“ სალოცავი იყო და წყვილების ნაყოფიერებისათვის რიტუალებიც სრულდებოდა.

იმავე ლეგენდის თანახმად, ქრისტიანობის შემოღების შემდეგ ტრადიციამ სახე იცვალა, მაგრამ ადგილმა მაინც შეინარჩუნა „ნაყოფიერების მიმნიჭებლის“ სახელი.

წირვის დასრულების შემდეგ მღვდელი მრევლს უშვილო წყვილების მიერ ატანილ აკვნებს ურიგებს. ეს რიტუალის ნაწილია.

აკვნების დარიგებისას წესრიგის შენარჩუნება რთულდება, რადგან მლოცველთა უმეტესობა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი აკვანი დაისაკუთროს.

ყველაზე კმაყოფილი ის ბავშვები არიან, რომლებსაც თოჯინებიანი აკვნები შეხვდათ.