ფილიპ ბესონის ფრანგულ-იტალიური სამკუთხედი

თბილისის პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი შარშან ფრანგმა მწერალმა ფილიპ ბესონმა გახსნა მწერალთა სახლში. ავტორმა თავისი რომანი „იქიდან ზღვა ჩანს“ წარადგინა. წიგნი ფრანგული ინსტიტუტის ხელშეწყობით დალი იაშვილმა თარგმნა და გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა.

Your browser doesn’t support HTML5

ფილიპ ბესონის ფრანგულ-იტალიური სამკუთხედი

რომანი 40 წლის მწერალ ქალზეა, რომელიც პარიზში მეუღლეს, ფრანსუას, ტოვებს და იტალიის ზღვისპირა ქალაქ ლივურნში მიდის წიგნის დასაწერად. მეგობარი ქალის სახლში მარტო ბინავდება, იქ გაიცნობს თავისი დამლაგებლის, გრაციელას 21 წლის ვაჟს, ლუკას და მათ შორის სასიყვარულო რომანიც ჩაღდება. ერთი სიტყვით, გარეგნულად სასიყვარულო სამკუთხედზე აგებული ისეთი ტექსტია, რომლის მსგავსიც ბევრი წაგვიკითხავს. როდესაც ასე წერ, ორი ვარიანტია: ან გატკეპნილ გზას მიუყვები უპრეტენზიოდ და რიგით საკითხავს ქმნი, ან ასეთი მარადიული სიუჟეტური სქემა გამოწვევაა და მის საზღვრებში მოქცეული ცდილობ საკუთარი მწერლური უნარების ბოლომდე გამოვლენას. ფილიპ ბესონი უპრეტენზიო პროზაიკოსი არაა, ამიტომ ღირს დავაკვირდეთ, რისი გაკეთება მოახერხა მან ამ თავის „სატრფიალო რომანში“, თუმცა ჯერ ჯობს მთარგმნელ დალი იაშვილს მოვუსმინოთ, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა თბილისში ნამყოფ ავტორთან და ამ მხრივაც მისი შთაბეჭდილებები საინტერესოა.

დალი იაშვილი

დალი იაშვილი: „დრო იყო ცოტა და ძალიან სწრაფ რეჟიმში მომიწია წიგნის თარგმნამ. თავიდან სხვა ნაწარმოები სურდა კულტურის ატაშეს, ბატონ ლავუარს, და შემდეგ მე ავარჩიე ეს რომანი, რომელიც უფრო მისაღებად მივიჩნიე ქართული საზოგადოებისთვის. ფილიპ ბესონი 1967 წელსაა დაბადებული, ის ძალიან მრავალმხრივი ადამიანია, სადღაც 2000 წლიდან გადაწყვიტა მხოლოდ მწერლობისთვის მიეძღვნა თავი, მანამდე პოლიტიკაშიც იყო ჩართული, ტელეგადაცემის წამყვანიცაა და ყოველკვირეული ქრონიკა მიჰყავს ჟურნალში. ძალიან საინტერესო ადამიანი ჩანს, იუმორის გრძნობა აქვს საოცარი და რაღაც კითხვები მქონდა: რას ერჩი 40 წლის ქალებს - პირდაპირ ასე მივმართე, ძველი ლიტერატურიდან გადმოყოლილი ხომ არა გაქვთ-მეთქი ეს, რომ 40 წლის ქალი ძალიან ბებერია. XX-XXI საუკუნეში აღარაა ის ასაკი, რომელიც იყო მე-19 საუკუნეში, როცა 40 წლის კი არა, 30 წლის ადამიანი იყო ძალიან ბებერი... ძალიან იცინა, დამეთანხმა, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა სიბერის ელემენტების აღწერაში, მაგრამ, ალბათ, ეს იმისთვის სჭირდებოდა, რომ 21 წლის არის ვაჟი და ამ განსხვავებისთვის ეტყობა რომ ხაზი გაესვა. ნაწარმოები კარგად იკითხება, არის ჩვეულებრივი სამკუთხედი, როგორიც უყვართ ხოლმე ფრანგებს, ცოტა უცნაური, იმიტომ რომ ქალს არ უნდოდა არასდროს, რომ ჰყოლოდა შვილი და სასტიკია ქმრის მიმართ, ქმარი ყოველთვის მეორე პლანზე მყოფი იყო მისთვის და მისთვის მთავარია წერა. და ნებისმიერ მომენტს, ეს არის ცოტა კომიკური, ამისთვის იყენებს. საავადმყოფოს სცენაა, ძალიან დამსხვრეულ, მომაკვდავ ქმარს, საფრანგეთში როცა ჩაბრუნდება, ნახულობს ეს ქალი და საუბრისას სულ ფიქრობს: „ეს ფრაზა გამომადგება რომანში“, „ეს სცენა გამომადგება რომანში“ – მისი პიროვნების გამოხატვა არის ის, რომ უნდა დაწეროს და უნდა დაწეროს კარგი წიგნი“.

გარდა ზემოთ ნათქვამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფილიპ ბესონი აღიარებული კინოსცენარისტიცაა. მისი სცენარებით ბევრი ფილმია გადაღებული. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პატრის შეროს „მისი ძმა“, რომელიც ბესონის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა 2002 წელს გადაღებული. კინოსცენარისტის ეს ნატიფი თვალი ამ რომანშიც კარგად ჩანს. მწერალი ახერხებს შექმნას მგრძნობიარე გარემო სურათ-ხატებით, დეტალებით, განწყობით, ტემპერატურითაც კი. და ეს გარემო მასთან, ფაქტობრივად, პერსონაჟების ბუნების გაგრძელებაა. ანდა, პირიქითაც შეიძლება ითქვას: გარემოს თვისებები კონკრეტდება მასთან თანდათან ადამიანებში. გარემოს ცვლა ცვლის მთავარი გმირის, ლუიზას ხასიათსაც. ეს აღნიშნა დალი იაშვილმაც:

„ვთქვათ, ეს ქალი რომ ჩადის იტალიაში და იტალიის ეს შემაწუხებელი სიცხე. მთელი ქალაქია გალენჩებული და გონებაც აერია ზოგს ამ სიცხისგანო. მიმანიშნებელიც არის, რომ მერე რაღაც აირევა. მწერალი ქალი ჩადის, ქმარი ჰყავს, ბურჟუაზიული ცნობილი ოჯახია, კარგ წყვილად არიან მიჩნეული, თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ აი, ეს შესავალი ნაწარმოებისა გვანიშნებს, რომ იქ რაღაც მოხდება, იქ რაღაც აირევა, ეს სიცხე, ეს სამხრეთი რაღაცას შეცვლის მათ ცხოვრებაში. ზღვიდან ჩანს ჰორიზონტები, ზღვიდან შეიძლება რაღაც ახალი ცხოვრების დაწყება, და ეს გახსნილი სივრცეა, არ არის ეს ჩაკეტილი სივრცე ამ რომანში. ბოლოს ცოტა ჰეფი-ენდი გამოუვიდა, ალბათ, ის ვაჟი რომ არ მობრუნებულიყო, უფრო ბუნებრივი იქნებოდა ეს ყველაფერი და უფრო მძაფრი იქნებოდა რომანი - მე მაინც ასე ვფიქრობ".

მე წავიკითხე მისი რამდენიმე რომანი, უფრო ადრე დაწერილი, ძალიან განსხვავებული სტილი მომეჩვენა. ძალიან მომეწონა ამ რომანის ენა. ესაა მსუბუქი ენა, სხვათა შორის, კრიტიკა ასე ამბობს ხოლმე, რომ ის ძალიან ჰგავს მარგარეტ დიურასს, თუმცა მე ცოტა კი მიკვირს...
დალი იაშვილი

ლუიზას არასდროს უფიქრია არც ქმრის ღალატზე და არც ახალგაზრდა ბიჭთან დაწოლაზე. ეს ყველაფერი გარემოს მოაქვს და სიტუაციას. გრაციელა დაშავდება და ლუკა ლუიზასთან სახლში მიდის, რათა აცნობოს, რომ დედამისი დღეს მასთან ვერ მივა. ის დამფრთხალი ლეკვივითაა, ცხოვრებისეული გამოუცდელობა მასში პანიკას ბადებს, როდესაც გამოცდილი, ცხოვრებაგამოვლილი ქალის წინაშე აღმოჩნდება. ამას სხვა ფაქტორებიც ემატება: ლუკასთვის, საზღვაო აკადემიის მოსწავლისთვის, ლუიზა აბსოლუტურად სხვა, მიუწვდომელი სამყაროდანაა. ფრანგი ქალია, რომელიც წერს, რომელიც მისთვის სრულიად გაუგებარი ცხოვრებით ცხოვრობს. ლუიზაში კი ლუკას სწორედ ეს სიმფრთხალე, ეს „ლეკვობა“ იწვევს ემოციას, უვსებს დაცარიელებულ სივრცეს, ახალი სუნთქვა შემოაქვს. ურთიერთობის ეს სცენები ბესონს ნატიფი, ღრმა ფსიქოლოგიზმებით აქვს დახატული. სულ სხვა ფსიქოლოგიური ველი დგება საავადმყოფოში, ავარიის შედეგად დამტვრეულ და კომადან ახლადგამოსულ ფრანსუასა და ლუიზას შორის დიალოგისას. საუბარში ირკვევა, რომ ავარია შემთხვევითი არ ყოფილა. რომ ფრანსუა ძალით შეუვარდა მანქანით სხვა მანქანას, რათა ლუიზა მასთან ჩამობრუნებულიყო პარიზში. როგორც ფრანსუა ამბობს, მას სიკვდილი არ უნდოდა, თუმცა შეიძლებოდა მომკვდარიყო კიდეც. მწერლისთვის ძნელია ასეთი ქმედება ფსიქოლოგიურად დამაჯერებელი გახადოს, თუმცა ფრანსუას და ლუიზას დიალოგი-ორთაბრძოლა ორივეს მხრიდან სპეკულაციების, წინასწარი გამოთვლების და ყოველი ფრაზის კონტექსტის სწორად მოხელთების ისეთ დახვეწილ ეტაპებს გადის, რომ უკვე ყველაფერს იჯერებ, და მწერლის ოსტატობაც ამაში ვლინდება.

დავუბრუნდეთ კვლავ დალი იაშვილს:

„მე წავიკითხე მისი რამდენიმე რომანი, უფრო ადრე დაწერილი, ძალიან განსხვავებული სტილი მომეჩვენა. ძალიან მომეწონა ამ რომანის ენა. ესაა მსუბუქი ენა, სხვათა შორის, კრიტიკა ასე ამბობს ხოლმე, რომ ის ძალიან ჰგავს მარგარეტ დიურასს, თუმცა მე ცოტა კი მიკვირს... მოკლედ, ეს წიგნი, ეს რომანი არის ძალიან მსუბუქი ენით დაწერილი, კარგი, დახვეწილი ფრანგულით, ასე ვთქვათ, ეკონომიურად იყენებს ენას, არა აქვს დიდად გართულებული წინადადებები და რაღაც ზედმეტი ეპითეტები, მაგრამ ზუსტად გამოხატავს იმას, რისი თქმაც უნდოდა".

ერთი სიტყვით, ფილიპ ბესონი კიდევ ერთი ის ფრანგი კალმის ოსტატია, რომელსაც შეუძლია ისეთი სასიყვარულო ისტორიები წეროს, რომელსაც პრეტენზიული მკითხველიც კი ინტერესით წაიკითხავს.