საქართველოს სამოქალაქო სექტორმა, 32 ორგანიზაციის შემადგენლობით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისგან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინისგან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირი განაგრძობს დამატებით ძალისხმევას საკონსტიტუციო რეფორმის ფართო და გრძელვადიან კონსენსუსზე დასაფუძნებლად. ფედერიკა მოგერინი სინანულს გამოთქვამს რეფორმის გადამწყვეტი ეტაპის ჩართულობისა და კონსენსუსის ნაკლებობით წარმართვის გამო და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი თავიდანვე ინკლუზიურ და კონსენსუსზე დაფუძნებულ პროცესს უჭერდა მხარს. როგორ აფასებენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის გზავნილებს წერილის ადრესატები და რა გავლენა შეიძლება მან მოახდინოს საკონსტიტუციო რეფორმაზე?
Your browser doesn’t support HTML5
წერილი, რომელიც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისგან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინისაგან მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, იყო პასუხი მათ მიმართვაზე, რომელიც, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაუგზავნეს ევროკომისიისა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს. მიმართვაში არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო პროექტში, კერძოდ, საარჩევნო სისტემის რეფორმაში თვითნებური ჩარევით საფრთხის ქვეშ დააყენა დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში და პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ გადადგა ნაბიჯი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი ამბობს, რომ ფედერიკა მოგერინის საპასუხო წერილში გაზიარებულია საქართველოს სამოქალაქო სექტორის შეშფოთება იმ შედეგის გამო, რომელიც დადგა:
“და ეს, პირველ რიგში, ეხება საარჩევნო სისტემას და იქ ძალიან, ასე ვთქვათ, ღია ტექსტით არის აღნიშნული, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ფართო კონსენსუსის მიღწევა და გამოთქმულია ასევე დარწმუნება, ანუ გვეუბნებიან იმას,რომ თავადაც ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ ეს კონსენსუსი შედგეს“.
სამწუხაროდ, არ ვთვლი, რომ ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს, რადგან ყველა ის საკითხი, რომელზეც იყო ლაპარაკი და არის ლაპარაკი ღია წერილებში და, გნებავთ, უშუალო ურთიერთობაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ცნობილი იყო „ქართული ოცნებისთვის“ თავის დროზე და თუ გათვალისწინება უნდოდა, მაშინ ის ამას გაითვალისწინებდა...ვახტანგ ძაბირაძე
საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა 27 ივნისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის გარდა, ღია წერილით მიმართეს ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს, ევროპარლამენტის დეპუტატებს, ვენეციის კომისიის მდივანს, ტომას მარკეტს, და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს. ამ მიმართვაში არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო პარტნიორებს კონსტიტუციის ცვლილებების მიმდინარე პროცესზე მყისიერ რეაგირებას სთხოვდნენ. ფედერიკა მოგერინის 26 ივლისით დათარიღებულ წერილში კი ნათქვამია, რომ ევროკავშირის ძალისხმევა კონსტიტუციაზე კონსენსუსის მისაღწევად გრძელდება. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს,რომ წერილში არის გზავნილი იმის შესახებ, რომ ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გასწევს რეფორმის ფართო და განგრძობით კონსენსუსზე დასაფუძნებლად:
„ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი - მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში - ძალიან კარგად არის ინფორმირებული ამ პრობლემების შესახებ და, ალბათ, გარკვეულწილად ამ მესიჯებს საქართველოს ხელისუფლებასთან საუბრისას ისინი სერიოზულად სვამენ და ძალიან სერიოზულ ხაზს უსვამენ კონსტიტუციაზე კონსენსუსის მნიშვნელობას. ახლა რამდენად შეიძლება ამას გავლენა ჰქონდეს და რამდენად შეიძლება საერთაშორისო ზეწოლით შეიცვალოს საკითხები, ალბათ, ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, ალბათ, ყველამ - ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც - ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს კონსტიტუცია იყოს მართლა უფრო მეტი თანხმობის დოკუმენტი“.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძისთვის კი მნიშვნელოვანია, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება სამოქალაქო სექტორის, ვენეციის კომისიისა და, ზოგადად, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს:
„სამწუხაროდ, არ ვთვლი, რომ ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს, რადგან ყველა ის საკითხი, რომელზეც იყო ლაპარაკი და არის ლაპარაკი ღია წერილებში და, გნებავთ, უშუალო ურთიერთობაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ცნობილი იყო „ქართული ოცნებისთვის“ თავის დროზე და თუ გათვალისწინება უნდოდა, მაშინ ის ამას გაითვალისწინებდა. დღეს, როდესაც, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ქულები ამ მიმართულებით უკვე დაკარგული აქვთ, არა მგონია რომ მან ეს გაითვალისწინოს“.
ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღება საქართველოში უცხო არ არის და „ქართული ოცნება“ ახლა მმართველობის სწორედ ამ ეტაპზე იმყოფება.
ქვეყნისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების საჭიროებაზე საუბრისას კი მმართველი პარტიის წარმომადგენლები, თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიების კეთილი ნების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა იმ დათქმით, რომ მოლაპარაკებების საგანი ვერ გახდება საარჩევნო სისტემის შეცვლა და შერეული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა 2020 წლიდან. ხელისუფლება და ოპოზიცია კონსენსუსის საგანზე ვერ თანხმდებიან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის, არასამთავრობო სექტორისათვის გაგზავნილ წერილში კი კონსტიტუციურ რეფორმაზე კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობის ხაზგასმასთან ერთად ვკითხულობთ, რომ უმრავლესობის მიერ მიღებული კონსტიტუციის პროექტის საბოლოო ვერსია მნიშვნელოვან სახეცვლილებებს შეიცავს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, რაც მთელი რეფორმის ძირითადი საკითხი იყო.