საბერძნეთის საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ 12 ივლისისთვის დაგეგმილი სამიტი არ გაიმართა. მიზეზი საბერნეთისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის გაჭიანურებაა.
ამასთან, ევროჯგუფის მოლაპარაკებები გრძელდება. მოლაპარაკებების საგანი შემდეგია: არის თუ არა საკმარისად დამაჯერებელი პრემირ-მინისტრ ალქესის ციპრასის მიერ წარმოდგენილი რეფორმების გეგმა იმისთვის, რომ საბერძნეთს ფინანსური დახმარების ახალი პაკეტი გამოეყოს. ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი გეგმა, თუმცა ცალკეული წევრი ქვეყნების სახელმწიფოებსაც აქვთ საშუალება გამოთქვან საკუთარი მოსაზრება. მაგალითად, საფრანგეთის მთავრობა მიესალმება ბერძნულ გეგმებს, მაშინ როდესაც გერმანიის მთავრობა გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამს წარმოდგენილ რეფორმებთან დაკავშირებით. გერმანიის ფინანსთა მინისტრი ყველაზე დიდი სკეპტიკოსია.
საბერძნეთის მთავრობის მიერ წარმოდენილი გეგმა შემდეგნაირია: გადამზიდავი კომპანიებისთვის გადასახადების ზრდა; დღგ–ს უნიფიცირებული 23 პროცენტიანი განაკვეთის შემოღება, მათ შორის რესტორნებისთვისაც; პენსიონერებისთვის ე.წ. „სოლიდარული გრანტის“ თანდათანობითი გაუქმება 2019 წლის დეკემბრისთვის, საპენსიო ასაკის 67 პროცენტამდე ზრდა 2022 წლისთვის;2016 წლისთვის თავდაცვაზე გაწეული ხარჯების 300 მლნ ევროთი შემცირება; პორტების და ტელესაკომუნიკაციო აქტივების პრივატიზაცია; მსხვილი კუნძულებისთვის 30 პროცენტიანი საგადასახადო შეღავათის გაუქმება. თუმცა, საბერძნეთში არსებობს გადასახადების მობილიზების პრობლემაც, რამაც გარკვეულწილად განაპირობა კიდეც არსებული კრიზისი. კერძოდ, ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, 2010 წელს ქვეყანაში დაგეგმილი გადასახადების მხოლოდ 10 პროცნტის აკრეფა მოხდა. შედარებისთვის, გერმანიაში დაგეგმილი გადასახადების მხოლოდ 2,3 პროცენტის აკრეფა ვერ მოხერხდა იმავე წელს.
ციპრასის თქმით, ხარჯების შემცირება და გადასახადების ზრდა 12 მილიარდი ევროს მობილიზაციის საშუალებას მისცემს საბერძნეთს. გეგმის სანაცვლოდ, ციპრასი კრედიტორებისგან 53,5 მილიარდი ევროს სესხს ითხოვს, რომელსაც საბერძნეთი 2018 წლისთვის გაისტუმრებს. თუმცა, ახალმა დახმარების პაკეტმა შესაძლოა 74 მილიარდ ევროს მიაღწიოს, რადგან საბერძნეთს ასევე სჭირდება უკვე არსებული ვალის რესტრუქტურიზაცია და ნაწილობრივ გასტუმრება. 74 მილიარდი ევროდან იგეგმება, რომ 58 მილიარდს გამოყოფს ევროკავშირის ფონდი და ევროპის სტაბილურობის მექანიზმი და 16 მილიარდს საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორები ამ წინადადებას დათანხმდებიან, ეს იქნება მესამე მსგავსი ტიპის დახმარება საბერძნეთისთვის. ამ ეტაპზე კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბრიუსელში, სადაც ალექსის ციპრასი ცდილობს დაარწმუნოს ევროკავშირის სახელმწიფოები, რომ მის მთავრობას შესწევს უნარი წარმოდგენილი რეფორმების გეგმა სისრულეში მოიყვანოს. იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთი დახმარების პაკეტს ვერ მიიღებს, მას ევროზონის დატოვება მოუწევს.