ახალი ეტაპი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის

ვილნიუსში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირების შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის. პირველი რიგის ამოცანებს შორისაა მზადება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც საქართველოს მიმდინარე ერთი წლის განმავლობაში სერიოზულ გამოწვევებს უქადის. ეს გამოწვევები, პოლიტიკის ექსპერტების შეფასებით, ორ ძირითად კატეგორიაში თავსდება: კანონმდებლობის ევროსტანდარტების შესაბამისად ჰარმონიზებისა და ბიზნესის სათანადოდ მომზადების აუცილებლობა და, ევროკავშირთან ასოცირების ხელის შეშლის მიზნით, რუსეთიდან მოსალოდნელი რისკების მართვა.

ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა,- გვითხრა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ, - ვინაიდან ეს ქმნის ევროკავშირთან დაახლოების შემდგომ შესაძლებლობებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა საერთო-სავაჭრო ზონა და ვიზების ლიბერალიზაცია.

“ტიპიურად ამ საკითხების წარმატებით დასრულების შემდეგ რამდენიმე წელიწადში უკვე დგება ხოლმე საკითხი თვითონ ამ ორგანიზაციაში პოლიტიკური გაწევრიანების. აქედან გამომდინარე, ეს საქართველოსთვის, მართლაც, მნიშვნელოვანი მოვლენაა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ამ პარაფირებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ერთი წლის ვადაში და შემდეგ უკვე საუბარი ვიზების ლიბერალიზაციის პროგრამაზე ევროკავშირთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს გაწევრიანება უკვე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ახალ ეტაპზე გადადის“.

კონკრეტულ რაღაცას გვთავაზობენ: ხსნიან თავის ბაზარს, ქმნიან მდგომარეობას, როდესაც უფრო მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვის საქართველო, იქნება მეტად კონტროლირებადი ორმხრივი ინსტიტუტების მიერ და მეტი სტაბილურობა იქნება ჩვენს ინსტიტუციურ განვითარებაში...
კახა გოგოლაშვილი
ბაკურ კვაშილავას კოლეგა, „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი კი ფიქრობს, რომ საქართველოს ორიენტაცია ევროპულ ბაზარზე ქვეყნის განვითარებას ნიშნავს და, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია სათანადოდ მობილიზებული და სათანადოდ აქტიური იყოს:

“კონკრეტულ რაღაცას გვთავაზობენ: ხსნიან თავის ბაზარს, ქმნიან მდგომარეობას, როდესაც უფრო მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვის საქართველო, იქნება მეტად კონტროლირებადი ორმხრივი ინსტიტუტების მიერ და მეტი სტაბილურობა იქნება ჩვენს ინსტიტუციურ განვითარებაში, თანაც ისე, რომ ევროპის ყაიდის ყველა იმ კანონის გაზიარება და იმ გარემოს შექმნა გვიდევს მიზნად, რომელიც, შესაბამისად, ევროპულ სახელმწიფოს გვიყალიბებს. ეს არის ხელშეწყობა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული სახელმწიფო“.

კახა გოგოლაშვილი აქვე დასძენს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე დარჩენილი ერთი წელი რუსეთის მხრიდან საქართველოზე აქტიური ზეწოლის დრო იქნება. ზეწოლა კი, შესაძლოა, გამოხატული იყოს როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის შემაფერხებელი ბერკეტების გააქტიურებით, ისე ქართული ბიზნესისთვის რუსული ბაზრის მეტად გახსნით.

საინფორმაციო ომი, რომ ატეხონ ისტერიკები გარკვეულმა ბნელმა ძალებმა, რომ ევროპაში შესვლა ნიშნავს გაჰომოსექსუალებას და ქართველობის დაკარგვას, და სავაჭრო ომი - ბუნებრივია, ეკონომიკური ემბარგოს გამოცხადება ხელახლა...
თორნიკე შარაშენიძე
კახა გოგოლაშვილის ამ უკანასკნელ მოსაზრებას არ იზიარებს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთი იოლად არ გახსნის ბაზარს, ანუ, რუსული ტრადიციის თანახმად, წინასწარ არაფერს დათმობს. შესაბამისად, თორნიკე შარაშენიძე სამ ნაწილად ყოფს იმ შესაძლო კონტრნაბიჯებს, რომლებსაც საქართველოს ევროინტეგრაციის საზიანოდ უახლოეს მომავალში შეიძლება მიმართოს რუსეთმა. მათ შორის პირველ ადგილზე საოკუპაციო ხაზზე საზღვრების გადმოწევა რჩება. რაც შეხება დანარჩენ ორს, ესენია:

“საინფორმაციო ომი, რომ ატეხონ ისტერიკები გარკვეულმა ბნელმა ძალებმა, რომ ევროპაში შესვლა ნიშნავს გაჰომოსექსუალებას და ქართველობის დაკარგვას, და სავაჭრო ომი - ბუნებრივია, ეკონომიკური ემბარგოს გამოცხადება ხელახლა“.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირების შესახებ მოსაზრებას მოქალაქეებიც გვიზიარებენ:

„ყველანაირ სარგებლობას მოგვიტანს. ევროპისნაირები გავხდებით“.

„ჩემი აზრით, არაფერი დადებითი არ იქნება, ჩემი სუბიექტური აზრით“.
„მე ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პლუსი და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. და მიხარია, რომ უკრაინის გზით არ წავედით. ფაქტია, რომ რუსეთთან კავშირიდან საქართველოსთვის სარგებელი არ იქნება, ამ ეტაპზე მაინც. ევროპაში კი მხარდაჭერაცაა და რესურსებიც, მათ შორის - ფინანსური. ასე რომ, ეს კარგია საქართველოსთვის“.