ვილნიუსში დასრულდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ტექნიკური პარაფირება, რომელიც საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ განახორციელეს. ზალკალიანმა ჩვენს რადიოსთან საუბარში განმარტა, რომ მოხდა 1000-გვერდიანი დოკუმენტის დე ფაქტო პარაფირება, რასაც პარასკევს მოჰყვება პარაფირების პროცესის დასრულება საზეიმო ცერემონიაზე. დოკუმენტს საბოლოო ხელმოწერას დაუსვამენ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. "ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპზე გადავდივართ. ეს არის ჩვენი ხალხის ურყევი არჩევანი, რასაც ყველა ხელისუფლება პატივს უნდა სცემდეს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბარში. დოკუმენტზე სამწლიანი მოლაპარაკებები 2013 წლის ივლისში დასრულდა. შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას. მიხეილ ჯანელიძის თქმით, "ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ბიზნესისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას, ექსპორტს, წარმოების განვითარებას, მოდერნიზებას, ჩვენი ინსტიტუტების დაახლოებას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ჩვენი ევროინტეგრაციის და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს შეუქცევადს გახდის.”
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1