ევროპული კვირა საქართველოში

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის გახსნა

საქართველოს დედაქალაქი მესამე დღეა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე წლიურ შეკრებას მასპინძლობს. კონფერენციაში, რომელიც 5 ივლისის ჩათვლით იმართება თბილისში, 57 ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. განსახილველ საკითხებს შორისაა უსაფრთხოება, ტერიტორიული კონფლიქტები, ეკონომიკური თანამშრომლობა, გამოწვევები ადამიანის უფლებათა სფეროში, მიგრაცია, გლობალური პრობლემები და სხვა. შესაბამისად, ხუთი დღის განმავლობაში დელეგატები საკომიტეტო და პლენარული სხდომების ფორმატში მსჯელობენ უკრაინის კრიზისზე, ლტოლვილთა უფლებებზე, საქართველოში გაჭიანურებულ კონფლიქტებზე.

თბილისი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას პირველად მასპინძლობს. სესიის გახსნაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავის მისასალმებელ სიტყვაში, საქართველოში 2008 წლიდან ეუთოს მისიის არარსებობის გამო, თავად ეუთოს ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება:

“ამ მოსაზრებისკენ გვიბიძგებს, მაგალითად, საქართველოს შემთხვევა. ეუთომ არათუ ვერ შეძლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის პრევენცია და მისი შეჩერება, არამედ თავადაც კი აღმოჩნდა განდევნილი საქართველოს ტერიტორიიდან. სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს ეთნიკურ წმენდას თბილისიდან ეუთოს მისიის წმენდაც მოჰყვა. ეს დასაფიქრებელი შემთხვევაა იმისთვის, რომ ვიფიქროთ ორგანიზაციის მისიის შესასრულებლად აუცილებელ ტრანსფორმაციაზე“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია თბილისის დეკლარაციის მიღებით დასრულდება. ბოლო დღეს აირჩევენ ასევე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელიც შესაძლოა საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელი გახდეს. მისი კანდიდატურა ევროპის სახალხო პარტიამ წამოაყენა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე წლიურ სესიაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში იმყოფებოდა გერმანიის, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელმაც შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც გამართა. თავის ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მან მედიასთან გარკვეული სიზუსტე შეიტანა ევროკავშირ-საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედების საკითხში. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, მოესწრება თუ არა სავიზო რეჟიმის გამარტივება საქართველოში ოქტომბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე, შტაინმაიერმა ივარაუდა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან შესაძლოა სექტემბრის ბოლოსთვის შევიდეს ძალაში:

“დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ჩემს გამოსვლაში მე ხაზი გავუსვი ცალსახად, რომ გერმანიაც და ევროკავშირიც მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს რეალური სავიზო ლიბერალიზაცია. მე გითხარით ასევე, რომ ეს ევროპარლამენტის გარკვეულ ფორმალობებზეა დამოკიდებული და მხოლოდ გერმანიის გადასაწყვეტი არ არის. მაგრამ კარგი საფუძველი გვაქვს ამისთვის და მე ვფიქრობ, ის განრიგი, რომელიც არსებობს ევროპარლამენტში, არის ძალიან ამბიციური - საკომიტეტო მოსმენები, კონსულტაციები. ვფიქრობ, თვის ბოლოს, ივლისის ბოლოს, პროცესი დასრულდება, მაგრამ სექტემბრის მეორე ნახევარში, ალბათ, საბოლოო ლოგიკურ შედეგამდე მივალთ“.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა ისიც, რომ მისი თბილისში ყოფნა 1 ივლისს არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე უბრალო შემთხვევითობა. საქმე ისაა, რომ 2016 წლის 1 ივლისი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერა - ამ დღეს სრულად შევიდა ძალაში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება. ამ მოვლენას შემდეგნაირად გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი:

ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგანაც ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა, რაც საქართველოს ხდის ლიდერად რეგიონში...
გიორგი კვირიკაშვილი

“დღეს, პირველ ივლისს, ძალაში შედის ასოცირების ხელშეკრულება, რისი წყალობითაც დგება თვისებრივად ახალი ეპოქა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. და ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგანაც ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა, რაც საქართველოს ხდის ლიდერად რეგიონში“.

კიდევ ერთი სიახლე კი, რაც ამჯერად საქართველოს რეიტინგებს შეეხება, ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშია. 30 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა და მეორედან პირველ ჯგუფში გადაინაცვლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მთავრობა ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

რეიტინგები კი, ამ შემთხვევაში პოლიტიკური რეიტინგები, გასულ კვირაში შიდაპოლიტიკური ვნებათაღელვის საგანი გახდა. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სავარაუდო მთავარი კონკურენტების, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გასაჯაროებულმა კვლევებმა და ამ კვლევების რიცხობრივმა მონაცემებმა. კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 28 ივნისს გამოაქვეყნა მისი დაკვეთით გერმანულ-ამერიკული კომპანია „GFK”-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმად, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 22,4 პროცენტი ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 21,7 პროცენტი კი - „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ კვლევის მიხედვით, ხალხის მესამე რჩეულია პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“, 7,8 პროცენტით, მეოთხე კი -„თავისუფალი დემოკრატები“, 6,2 პროცენტით. სულ ცოტა ხანში ცნობილი გახდა „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის შედეგები, რომელშიც მმართველი პარტიის რეიტინგი 35 პროცენტია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ - 13 პროცენტი. შესაბამისად, როგორც სოციოლოგები მიიჩნევენ, წინასაარჩევნო კამპანიის პარტიულ დაპირისპირებაში სოციოლოგიური კვლევები უკვე ჩაერთო, როგორც ამომრჩეველზე მანიპულირების ქმედითი საშუალება. როგორც „სტრატკომის“ პარტნიორმა სოსო გალუმაშვილმა გვითხრა, სოციოლოგიური კვლევის შედეგებს პროფესიულად არავინ აფასებს და, შესაბამისად, ეს კვლევებიც გამოყენებულია, როგორც საზოგადოების პოლარიზების ინსტრუმენტი:

“რისთვის უნდა გამოიყენებოდეს კვლევები? უნდა გამოიყენებოდეს ამომრჩევლის უფრო მეტი ინფორმირებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ უკუშედეგს. ამომრჩეველს არა აქვს ინფორმაცია, ამომრჩეველი არის დაბნეული, იმიტომ რომ ყველა კვლევის შედეგების შემდეგ საზოგადოება იყოფა ორ ნაწილად: ერთი, რომელიც ენდობა კვლევის შედეგებს და მეორე არ ენდობა, მაგრამ რა არის ამ კვლევაში სიღრმისეული ანალიზი, ანალიზამდე უკვე ვეღარ მივდივართ. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა“.

სოსო გალუმაშვილს 15-წლიანი გამოცდილება აფიქრებინებს, რომ სოციოლოგიური კვლევებით ამომრჩევლის დაბნეულობის გამოწვევა თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესებშია.

თინა ხიდაშელი

გასულ კვირაში კი საზოგადოების დაბნეულობის ერთ-ერთი საბაბი გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის, ბრძანება, რომლის თანახმად, წვევამდელების სამხედრო გაწვევას თავდაცვის სამინისტრო აღარ განახორციელებს. მინისტრმა თქვა, რომ შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდებათ ადამიანები, რომლებსაც აძალებენ სამშობლოს სამსახურს:

“ჩვენ ვთქვით, რომ 2017 წლიდან შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებიან წვევამდელები. ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი: შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე. შეიარაღებულ ძალებზე არის ძალიან მაღალი მოთხოვნილება. შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახური პრესტიჟულია და არავის სჭირდება დაძალება, რომ გახდეს თავისი ქვეყნის ჯარისკაცი. უამრავი საუბარია იმაზე, რომ ჯარში წვევამდელები მონურ შრომას ექვემდებარებიან. ეს საუბრები უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემთ და არ უნდა ვაძლევდეთ საკუთარ თავს, არ უნდა შეურაცხვყოფდეთ შეიარაღებულ ძალებს. სწორედ ამიტომ მე დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ 2017 წლიდან გაწვევა ჯარში აღარ არსებობდეს. ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარებას, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა. არ გამოვიდა, თუმცა ვიპოვეთ სხვა ფორმა“.

თინა ხიდაშელს პოლიტიკურ სპექტრში ეს წინასაარჩევნო პოპულისტურ განცხადებად ჩაუთვალეს, საზოგადოებას კი განემარტა, რომ სავალდებულო გაწვევიდან თავდაცვის სამინისტროს შესაძლო ჩამოცილება არ ნიშნავს იმას, რომ სავალდებულო გაწვევა მთლიანად უქმდება, რადგან სავალდებულო სამსახურში კვლავაც გაიწვევენ შსს, სასჯელაღსრულების სამინისტრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.