ეუთოს მეთვალყურეები 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადებიან

იმისათვის, რომ არჩევნების შედეგები სანდოდ იყოს აღქმული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, დიდ როლს თამაშობენ საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიები და ასე იქნება 2016 წლის 8 ოქტომბერსაც. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები თანხმდებიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და წონიანი იქნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODHIR) მისიის დასკვნა, რომელსაც უპირობოდ ენდობა საერთაშორისო თანამეგობრობა. ოდირის რამდენიმე ასეული მოკლევადიანი მეთვალყურე, რომლებმაც უშუალოდ კენჭისყრის დღეს უნდა იმუშაონ, ეტაპობრივად ჩამოდის. პირველი ნაკადი საქართველოს 4 ოქტომბერს ეწვია.

Your browser doesn’t support HTML5

ეუთოს მეთვალყურეები 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადებიან

OSCE/ODHIR-ის 26 გრძელვადიან მეთვალყურეს, რომლებიც წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის მიზნით მუშაობას 30 აგვისტოს შეუდგნენ, 8 ოქტომბერს 239 მოკლევადიანი მეთვალყურე ჩაენაცვლება. გარდა ამისა, მათ შეუერთდებიან, მაგალითად, ეუთოს, ევროსაბჭოსა თუ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოგზავნილი დელეგაციები და, შედეგად, ეუთოს ეგიდით მოქმედ მეთვალყურეთა საერთო რაოდენობა 350-ს გადააჭარბებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე ვხვდებით 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის დარეგისტრირებულ 54 საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის, მაგალითად: "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს" (IFES), "ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს" (NDI), "საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს" (IRI) თუ „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტს” (NHC).

ექსპერტების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობა, სიფხიზლე და ყურადღება არჩევნების მიმდინარეობის პროცესში, თუმცა არავინ დავობს, რომ საბოლოო სიტყვას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაიზიაროს, სწორედ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODHIR) მისია იტყვის. სწორედ ამ მისიის დასკვნის სანდოობაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტი ნინო რიჟამაძე:

ნინო რიჟამაძე

„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ შექმნილი მისია ზოგადად აფასებს საარჩევნო პროცესის შესაბამისობას ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან, დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან და, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან. ამ კომპონენტების არსებობას სწორედ ეუთოს დასკვნითი ანგარიში აფასებს“.

გარკვეულწილად სწორედ საერთაშორისო მეთვალყურეების სიფხიზლის იმედად არის ამომრჩეველიც და მეთვალყურეების შრომას ამიტომ არჩევნების შედეგების მიმართ სანდოობის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად განიხილავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, დაზღვეულები არაფრისგან ვართ, მაგრამ საერთაშორისო თუ ადგილობრივი მეთვალყურეების წინ გაყალბების მსურველები (თუკი ასეთები გამოჩნდებიან) ბევრს ვერაფერს მოახერხებენ:

„ათასი თვალი ესწრება ამ პროცესს: ბევრი სამეთვალყურეო ორგანიზაცია, ბევრი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ამიტომ გაყალბების თეორიული შანსი არსებობს ისევ, მაგრამ ძალიან ნაკლები ალბათობაა, რა თქმა უნდა. თუკი ტოტალური დაშინება არ მოხდა დამკვირვებლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა, შეუძლებელია გაყალბება ისე მოხდეს, რომ რეალურად არ გამოვლინდეს ეს - რომ მნიშვნელოვანი დარღვევები მაინც არ გამოვლინდეს“.

საკმარისია, ეუთომ დადოს დასკვნა, რომ არჩევნები სტანდარტების დაცვით ჩატარდა და, როგორც ისინი წერენ, შეესაბამებოდა ამომრჩევლის ნებას, ყველანაირი რევოლუცია და მსგავსი გამოსვლა ლეგიტიმაციას კარგავს...
ზაალ ანჯაფარიძე

იმის გამო, რომ ეუთოს სამეთვალყურეო მისიის საბოლოო დასკვნის წონა ძალიან დიდია საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, არჩევნების შედეგების საერთაშორისო ლეგიტიმაციაც სწორედ ამ დასკვნის შინაარსზეა დამოკიდებული. არავინ დავობს, რომ სწორედ ეუთოს მისიის საბოლოო შეფასებები და დასკვნები წარმოადგენს სანდო ორიენტირს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. შედეგად, საერთაშორისო აღქმები და შთაბეჭდილებები გავლენას ახდენს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზეც. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე რადიო თავისუფლებასთან 2003 წლის არჩევნებსა და მის კვალდაკვალ განვითარებულ პროცესებსაც იხსენებს:

„საკმარისია, ეუთომ დადოს დასკვნა, რომ არჩევნები სტანდარტების დაცვით ჩატარდა და, როგორც ისინი წერენ, შეესაბამებოდა ამომრჩევლის ნებას, ყველანაირი რევოლუცია და მსგავსი გამოსვლა ლეგიტიმაციას კარგავს... წინა რევოლუცია რატომ მოხდა?! ეუთომ დადო ჯერ შუალედური და მერე საბოლოო დასკვნა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა სტანდარტებს და დარღვევებით ჩატარდა. ანუ მან არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნო და ამით მოხდა, ასე ვთქვათ, რევოლუციის ლეგიტიმიზება. ეს იყო ერთადერთი საფუძველი“.

იმის გარდა, რომ წინასაარჩევნო გარემოსაც სწავლობდა და უშუალოდ კენჭისყრის დღესაც დააკვირდება, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE /ODIHR) რამდენიმე ასეულკაციანი მისია არასამთავრობო სექტორის მეთვალყურეებთანაც იმუშავებს. როგორც ნინო რიჟამაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, „სამართლიან არჩევნებს“ 1000-მდე მეთვალყურე ეყოლება და მათ მიერ მოგროვილი ინფორმაცია აუცილებლად მიეწოდება ეუთოს სამეთვალყურეო მისიას. OSCE /ODIHR-ი სხვა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო წყაროს ინფორმაციითაც დაინტერესდება და პირველ დასკვნას არჩევნების მეორე დღეს, 9 ოქტომბერს, შუალედური ანგარიშის სახით გამოაქვეყნებს. საბოლოო დასკვნისთვის კიდევ 2 თვე იქნება საჭირო.