კრემლი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია თვითონვე გადაწყვიტოს, რუსეთში თავისი დიპლომატიური კონტინგენტის რომელ ნაწილზე იტყვის უარს - უარის თქმა კი აუცილებლად მოუწევს, რადგან მოსკოვი მოითხოვს რუსეთში ამერიკის დიპლომატიური დაწესებულებების თანამშრომელთა 755 კაცით შემცირებას.
Your browser doesn’t support HTML5
მსოფლიო მედიაში 30 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, გადაწყვეტილებით, რუსეთი უნდა დატოვოს 755-მა ამერიკელმა დიპლომატმა. მოგვიანებით გაირკვა, რომ საქმე ეხება არა დიპლომატების გაძევებას, არამედ რუსეთში შეერთებული შტატების დიპლომატიური დაწესებულებების თანამშრომელთა რიცხვის შემცირებას. ეს ნიშნავს, რომ ვინც ამერიკულ დიპლომატიურ დაწესებულებებში მუშაობას შეწყვეტს, ყველა არ იქნება ამერიკელი, რომელმაც რუსეთი უნდა დატოვოს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის, განმარტებით, 755 კაცს შორის შესაძლოა იყვნენ რუსეთის მოქალაქეებიც, რომლებიც აშშ-ის დიპლომატიურ დაწესებულებებში მუშაობენ. ჩვენ ვლაპარაკობთ დიპლომატებზე, პირებზე დიპლომატიური სტატუსით და ადგილზე დასაქმებულ პირებზე, ანუ რუსეთის მოქალაქეებზეო, განაცხადა პესკოვმა 31 ივლისს.
წინა დღეს რუსეთის ტელეარხმა „როსიამ“ აჩვენა პრეზიდენტ პუტინთან ინტერვიუ და მასში საუბარი შეეხო შეერთებული შტატების დიპლომატიური კონტინგენტის შეკვეცის მოთხოვნასაც. „რატომ ახლა? იმიტომ, რომ ამერიკის მხარემ - პროვოცირების გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - გადადგა ნაბიჯი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გაუარესების მიმართულებით: უკანონო შეზღუდვებით, სხვა ქვეყნებზე - მათ შორის თავის მოკავშირეებზე, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის შენარჩუნებით დაინტერესებულ ქვეყნებზე - ზემოქმედების მცდელობით“, - განმარტა ინტერვიუში ვლადიმირ პუტინმა. რუსეთ ამერიკის ურთიერთობის გაუარესების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯის ხსენება იყო მინიშნება აშშ-ის კონგრესში დიდი უმრავლესობით დამტკიცებულ კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს დამატებით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. რაც შეეხება აშშ-ის, პუტინის სიტყვებით, ზემოქმედების მცდელობას სხვა ქვეყნებზე, ვაშინგტონის მოკავშირეების ჩათვლით, საქმე ეხება იმ გარემოებას, რომ რუსეთის მიმართ ვაშინგტონის ახალი სანქციებით უკმაყოფილოა ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანაც, რადგან ახალი სანქციები მიმართულია რუსეთიდან ენერგორესურსების ექსპორტში მონაწილე უცხოური, მათ შორის, მაგალითად, გერმანული ფირმების წინააღმდეგაც.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, „დაგვიანებულიც“ კი უწოდა აშშ-ის ნაბიჯებზე მოსკოვის საპასუხო ზომას. ეს შეფასება მან გამოთქვა 30 ივლისს, ამერიკულ ტელეკომპანია ეიბისისთან საუბრისას. „დიახ, ეს არის საპასუხო ნაბიჯი და, ვფიქრობ, ის ძალიან, ძალიან დიდი დაგვიანებით გადაიდგა. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სენატი 27 ივლისს დიდი უმრავლესობით მიემხრო სრულიად გაუგებარ და მიუღებელ კანონპროექტს, მოთმინების ფიალა აივსო. თუ შეერთებული შტატების მხარე გადაწყვეტს გააგრძელოს სვლა ურთიერთობის გაუარესებისაკენ, ჩვენ ვუპასუხებთ, გადავდგამთ ანალოგიურ ნაბიჯებს, გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯებს. მაგრამ ჩემი მოწოდება და ჩემი სათქმელია: ნუ აკეთებეთ ამას! ეს საზიანოა აშშ-ის ინტერესებისათვის“. -
ასე ფიქრობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გაუარესების მიზეზებს შორის არის მოსკოვის აგრესია უკრაინაში, მხარდაჭერა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, რეჟიმის მიმართ, მოსკოვისვე სავარაუდო ჩარევა აშშ-ის შარშანდელ საარჩევნო კამპანიაში. კანონპროექტში, რომელიც დიდი უმრავლესობით დაამტკიცა აშშ-ის კონგრესმა და რომელიც რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს ითვალისწინებს, ნახსენებია საქართველოც: სერიოზულ საფრთხედ არის შეფასებული საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მიმართ რუსეთის მხრიდან გამოვლენილი აგრესია.
ახლა შეერთებულ შტატებს მოუწევს ასობით პირით შეამციროს რუსეთში - კერძოდ, მოსკოვში, პეტერბურგში, ეკატერინბურგში, ვლადივოსტოკში - თავისი დიპლომატიური დაწესებულებების თანამშრომელთა რიცხვი.
„დიპლომატიური უწყების მუშაობიდან თუ შევხედავთ, ეს საგრძნობი იქნება, რადგან 1000-ზე მეტი თანამშრომელი - დიპლომატები და ტექნიკური მუშაკები - მუშაობდა და აქამდე მუშაობს რუსეთში. 755-ს მოუწევს რუსეთის ფედერაციაში მუშაობის შეწყვეტა. ეს საგრძნობი იქნება“, - თქვა პრეზიდენტმა პუტინმა ტელეარხ „როსიასთან“ ინტერვიუში.
ივლისში, უფრო ადრე, მოსკოვმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის დიპლომატიურ მისიას 1 აგვისტოდან აღარ ექნება უფლება ისარგებლოს სასაწყობე ნაგებობებით მოსკოვში და აგარაკებით მოსკოვის მახლობლად. ეს ნაბიჯი აშკარად საპასუხო ზომაა ჯერ კიდევ შარშანდელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მიიღო: რუსეთს ჩამოერთვა შეერთებულ შტატებში ორი დიპლომატიური რეზიდენციით სარგებლობის უფლება. მაშინ, დეკემბერში, შეერთებული შტატებიდან გააძევეს 35 რუსი დიპლომატი, მაგრამ ამ ნაბიჯს მაშინ - ბევრისთვის გასაკვირად - არ მოჰყოლია კრემლის საპასუხო რეაქცია. ბევრმა ივარაუდა, რომ ვლადიმირ პუტინის მხრიდან ეს იყო კეთილი ნების გამომხატველი ჟესტი აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მისამართით. ახლა საქმე მაინც საპასუხო სანქციებამდე მივიდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „დასანანი“ უწოდა რუსეთის ნაბიჯს და გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს საპასუხო ზომის მიღების შესაძლებლობას. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი 31 ივლისს, ტალინში ვიზიტისას, გამოეხმაურა ცნობას რუსეთში დიპლომატიური კონტინგენტის მნიშვნელოვნად შეკვეცის მოთხოვნაზე. „ვიმედოვნებთ, რომ გვექნება უკეთესი დღეები, უკეთესი ურთიერთობა რუსეთთან. მაგრამ მოსკოვის ბოლოდროინდელი დიპლომატიური ნაბიჯი ვერ ააღებინებს ხელს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენი უსარფთხოების, ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებისა და მთელ მსოფლიოში თავისუფლებისმოყვარე ქვეყნების უსაფრთხოების დაცვაზე. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობით, შეერთებული შტატები მტკიცედ ემხრობა (ნატოს ხელშეკრულების) მეხუთე მუხლს - ერთმანეთის დაცვის დაპირებას და ერთ-ერთ ჩვენგანზე თავდასხმა არის ჩვენზე, ყველაზე, თავდასხმის ტოლფასი“, - განაცხადა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, 31 ივლისს ტალინში ვიზიტისას, საქართველოში გამგზავრებამდე.