ბრიუსელში პირველი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ის უკვე შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, რის შემდეგაც მათ მედიისათვის განცხადებები გააკეთეს. საპარლამენტო არჩევნები, მედიათავისუფლება, მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მხარეებმა ნახევარსაათიან შეხვედრაზე განიხილეს. 10-11 თებერვალს დაგეგმილ თავდაცვის მინისტერიალთან დაკავშირებითბრიუსელში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელიც.
საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები - ეს იყო პირველი საკითხი, რომელზეც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მედიისათვის გაკეთებულ განცხადებაში გაამახვილა ყურადღება მას შემდეგ, რაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვრიკაშვილს შეხვდა ბრიუსელში. თუმცა, ცხადია, მხოლოდ მომავალი საპარლამენტო არჩევნები არ ყოფილა საუბრის თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნახევარსაათიან შეხვედრაზე. მედიათავისუფლება, მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი - ეს ის საკითხებია, რომლებიც, დონალდ ტუსკის სიტყვებით, მხარეებმა შეხვედრის მსვლელობისას განიხილეს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის სრულყოფილად განხორციელების საკითხს და აღნიშნა, რომ ახლა ევროკავშირის საბჭოსა და პარლამენტზეა დამოკიდებული პროცესის წარმატებით დასრულება:
„დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და შევთანხმდით, რომ თავისუფალი და პლურალური მედიაგარემო და, ამასთანავე, ღია პოლიტიკური გარემო არის გარანტი წარმატებისა. მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები და მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ევროკავშირი მზად არის მხარი დაგიჭიროთ ამ მიმართულებით. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულებების გამოძიება და სამართლებრივი დევნა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და გამჭვირვალე. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის საკითხები. ნება მიბოძეთ მივულოცო საქართველოს ამ პროცესში განხორციელებული წარმატებული რეფორმები“.
შეგახსენებთ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ევროკავშირმა საქართველოს 2013 წელს წარუდგინა. გეგმა მოიცავდა დეტალურ მოთხოვნებს, რომლებიც ქვეყანას უნდა დაეკმაყოფილებინა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მოსაპოვებლად. მოთხოვნები ეხებოდა დოკუმენტების უსაფრთხოებას, საზღვრის და მიგრაციის მართვას, მობილობას და თავშესაფარს, ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების დაცვას და სხვა. ამჯერად საქართველო ევროკავშირისგან უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელის, რომლის შემდეგაც ევროკავშირის რეგულაციაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების გზით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.
დონალდ ტუსკის შემდეგ ბრიუსელში შეკრებილი მედიისათვის განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლისთვისაც ევროკავშირის საბჭოში სტუმრობა არის პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ პრემიერ-მინისტრის რანგში. სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა საარჩევნო წლის მიმდინარეობისას საქართველოს მიერ დემოკრატიული სტანდარტების ერთგულებას, მათ შორის, სასამართლო რეფორმის განხორციელებას, თავისუფალი მედიის გარემოს უზრუნველყოფას და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. ამ მიმართულებით, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვნად დაეხმარა საქართველოს რეფორმების წარმატებით განხორციელებაში:
„იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ტექნიკური მოთხოვნა სრულად იყო შესრულებული, ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათის უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. ეს მიღწევა იქნება მტკიცე დემონსტრირება საქართველოსა და სხვა პარტნიორებისთვის, რომ ევროპულ არჩევანს კონკრეტული შედეგები აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ამ მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება ჩვენი პრიორიტეტია“.
მომავალი საპარლამენტო არჩევნები რომ განხილვის მთავარი თემა იქნებოდა ბიურსელში, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ხაზს უსვამს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი იმ გუნდის წევრია, რომელსაც ეკუთვნოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს გიორგი კვირიკაშვილის მთავარი გზავნილები და დამოკიდებულებები, რადგან მისი ხედვები აშკარად განსხვავდება მისი წინამორბედის ხედვებისგან:
„მათი ხედვები კონკრეტულ საკითხებში - მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან თუ პრეზიდენტთან დამოკიდებულების მხრივ - განსხვავებულია და, აქედან გამომდინარე, მათთვის საინტერესო იქნება, თუ როგორ ხედავს ის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, ეკონომიკის რეფორმებს და სხვა. მათ შორის, შიდა რეფორმები, რაც დაკავშირებულია დემოკრატიის გამტკიცებასთან, ადამიანის უფლებებთან, სამოქალაქო სექტორთან; გარდა ამისა, პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია სასამართლო ხელისუფლებასთან და, გარკვეულწილად, ოპოზიციასთან ურთიერთობის პრობლემები“.
საქართველოსთან მიმართებით კიდევ ერთი განცხადება, რომელიც 9 თებერვალს ბრიუსელში გაკეთდა, ეკუთვნის ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ საიტზეა აღნიშნული, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე მან ხაზი გაუსვა ნატოს მტკიცე პოზიციას დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე. განცხადების მიხედვით, ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც 11 თებერვალს იგეგმება, განიხილება საქართველოს საშინაო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ის რეფორმები, რომლებიც ქვეყანას ნატოსთან დაახლოებაში ეხმარება. ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, 10-11 თებერვალს გაიმართება თავდაცვის მინისტერიალი, რომელსაც თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც დაესწრება.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ბრიუსელში, ის 10 თებერვალს დასრულდება, თუმცა მანამდე გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროკომისართან ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში.