აბიტურიენტთა რეგისტრაცია და მოთხოვნები გამოცდების წინ

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწყო და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციას აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან და საგამოცდო ქალაქს, სასწავლო პროგრამებსა და ჩასაბარებელ საგნებს აირჩევენ. ერთი საგნის გამოცდის ჩაბარების საფასური 10 ლარია, ანუ აბიტურიენტი, ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიზნით, რეგისტრაციის ეტაპზე, საშუალოდ, 40 ლარს იხდის. უნდა არსებობდეს თუ არა ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის გადასახადი და რა მიზნებს ხმარდება იგი?

ორგანიზაცია, რომელმაც ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტთა რეგისტრაციისთვის დაწესებული გადასახადის გაუქმება მოითხოვა, „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრია“. მისი ხელმძღვანელის, დავით ფერაძის, განმარტებით, ვინაიდან „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“ სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციაა, მან გამოცდების ორგანიზება დამატებით მოზიდული სახსრების გარეშე უნდა შეძლოს:

“ამისთვის ის იღებს სახელმწიფოსგან დაფინანსებას. ის 10-12 მილიონით ფინანსდება ხოლმე წლის განმავლობაში. წელს მისი ბიუჯეტი 11 მილიონზე მეტია, მაგალითად. შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში ახლა დამატებით კიდევ ამ გაჭირვებულ მშობლებს, ზოგადად, ძალიან მძიმე ტვირთად აწვებათ. არ არის ამის აუცილებლობა. მთლიანობაში, საშუალოდ, 40 000 აბიტურიენტი მაინც არის, დიდი ნაწილი მეხუთე საგანსაც ირჩევს ხოლმე და ამ შემთხვევაში მას 50 ლარი აქვს გადასახდელი. საბოლოო ჯამში, აქედანაც სოლიდური შემოსავალი მიდის, მაგრამ მაშინ რაღაში აფინანსებს მას სახელმწიფო? სახელმწიფო დაწესებულებაა, მოსწავლე და აბიტურიენტი მას არ უკვეთავს ამ გამოცდებს. აქედან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ გაუქმდეს ეს გადასახადი“.

დავით ფერაძის მოთხოვნის პასუხად, „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში“ გვითხრეს, რომ გადასახადის მთლიანად გაუქმება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას, თუმცა შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთება კატეგორიები, რომლებიც რეგისტრაციის ერთჯერადი გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე, თავის მხრივ, ამბობს, რომსახელმწიფოსა და აბიტურიენტებისგან დაფინანსებას ცენტრი იღებს მთელი პროცესის სწორად წარსამართად, ანუ იმ სამუშაოების შესასრულებლად, რომელიც გამოცდების ადმინისტრირებას სჭირდება:

“დაწყებული ტესტის შექმნა, საცდელი ტესტირების ორგანიზება, გამოცდისთვის ცენტრის ქირაობა, მეთვალყურეების დაქირავება, აღჭურვა ვიდეოტექნიკით, აქამდე იყო ტესტების ბეჭდვაც. სავარაუდოდ, ამ ადამიანებს აქვთ ამგვარი განცდა, რომ რადგან ტესტები აღარ დაიბეჭდება საზღვარგარეთ, ამ ყველაფერმა უნდა გააიაფოს პროცესი. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი - ნახევრად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი - ესეც არის, თუმცა პირველ ეტაპზე ამ ტექნიკასაც მობილიზება სჭირდება. ამიტომ ახლა, ამჟამად, მაგაზე ფიქრი ნამდვილად შეუძლებელია. ფინანსურად ეს მომგებიანი პროექტი არ არის, მერწმუნეთ. სახელმწიფოს ბევრად მეტი უჯდება ეს გამოცდა, ვიდრე აბიტურიენტის სრულიად სიმბოლური 10 ლარია თითოეულ გამოცდაში“.

რაც შეეხება კონკრეტულად ტესტირების ფორმატში სიახლეს, რაზეც სოფო დოლიძეც საუბრობს, იგი ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას გულისხმობს და ეროვნულ გამოცდებზე 2016 წელს ერთ-ერთ ძირითად სიახლედ ითვლება. ცვლილება მხოლოდ ტესტის და არა პასუხების ფურცლის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად, მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს და დაწერს. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ფიქრობენ, სიახლეს მრავალი უპირატესობა აქვს, მათ შორის, იგი ამარტივებს კონკრეტული დავალების აღქმას და მიწოდებას. თუმცა, როგორც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი ამბობს, ნახევრად ტექსტების, ნახევრად ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით, შესაძლოა, აბიტურიენტების ნაწილი დისკრიმინირებული აღმოჩნდეს:

“გამოცდების სისტემის ნაწილობრივ დიგიტალიზება არის დროის მოთხოვნა. ცხადია, დადებითად ვაფასებ დროის მოთხოვნის შესაბამისად მოქმედებას, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე, რამდენად იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და რამდენად ყველა ბავშვს ექნება ერთნაირი კომპეტენციები ამ ციფრულ ტექნოლოგიებს გაართვან თავი და ჩააბარონ გამოცდა. ხომ არ იქნებიან საქართველოში ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ, ვთქვათ, რეგიონებში, სოფლებში, შედარებით დაბალი ეკონომიკური შემოსავლების მქონე ოჯახებში და მათთვის ეს დამატებითი დისკრიმინაციის საბაბი, დისკრიმინაციული მოთხოვნა ხომ არ იქნება?“

თამარ მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ დღეისათვის კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობის კომპეტენციების მიმართულებით აბიტურიენტთა თანაბარ პირობებში კონკურენციის შესაძლებლობა უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადასახდელი 40 ლარი. აქვე თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ საჭიროა გადაიხედოს მოქმედი ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემა: აბიტურიენტებს ხომ საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე, დროის მცირე ინტერვალით, 12-13 გამოცდის ჩაბარება უწევთ, რაც არ შეიძლება მათი ნაწილისთვის მაინც მეტისმეტად დამძაბავი და სტრესული ვითარება არ იყოს. მისი აზრით, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო საზოგადოებამ კარგად გაიაზროს არსებული ნაკლოვანებები და საგამოცდო სისტემის შეცვლაზე იზრუნოს.