ერგნეთის შეხვედრა – დადგა თუ არა "საზღვრების" გადმოწევის საკითხი?

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასაწყისშივე ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე სოფელ დიცთან რუსი მესაზღვრეების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევის საკითხს დღის წესრიგში მკაცრად დააყენებდა და რუსულ მხარეს ამის გამო პასუხს მოსთხოვდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა დავით სუჯაშვილმა განაცხადა.

შეხვედრის დაწყებამდე განცხადება ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმაც გააკეთა. მისი განცხადებით, ოსური მხარე ხელმძღვანელობს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის 1922 და 80-იანი წლების რუკებით და სახელმწიფო საზღვარს ამის მიხედვით ავლებს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მანვე განაცხადა, რომ ქართულ მხარეს დღის წესრიგში საზღვრის გადმოწევის საკითხი საერთოდ არ დაუყენებია:

„ღონისძიებები ტარდება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ამიტომ ეს შიდა ზომებია და არაფრით ეხება საქართველოს ტერიტორიას. არსებობს 1922 წლის რუკა, არსებობს 1982 თუ 84 წლის რუკა... [სასაზღვრო ღონისძიებები] ტარდება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, რომლის თანახმად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი ემთხვევა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვარს. ასეთი ხმაურით გაბუქული საკითხი იმაზე, თითქოს 300 მეტრით გადაგვეწიოს სახელმწიფო საზღვარი საქართველოს ტერიტორიაზე, ქართულ მხარეს არც კი წამოუჭრია“.

ამ განცხადების პასუხად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრების გადმოწევის საკითხზე ქართულმა მხარემ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი ფოტომასალა, რომ რუსი მესაზღვრეები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან შემოსულები.

დღევანდელი შეხვედრა ბოლო იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩისთვის - ერთ თვეში საქართველოში მისი შემცვლელი ჩამოვა, რომლის ვინაობაც ჯერ ცნობილი არ არის. ანჟეი ტიშკევიჩმა ჟურნალისტებს დიპლომატიური პასუხი გასცა - არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად, მხოლოდ ის თქვა, რომ მხარეებმა საზღვრის საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ საკუთარი ინტერპრეტაცია წარმოადგინეს.

ერგნეთში კიდევ ერთი დაკავების შესახებ გახდა ცნობილი: სოფელ ქვეშში რუსმა მესაზღვრეებმა მამა-შვილი ავთანდილ და კახა ხადურები დააკავეს. მათი თანასოფლელების განცხადებით, ისინი დაკავებისას საკუთარ ბაღში იმყოფებოდნენ, რუსებმა კი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. მათ გასათავისუფლებლად და სხვა დაკავებებთან დაკავშირებითაც ცხელი ხაზის მეშვეობით მოლაპარაკება მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ დიცში დაკავებული როსტომ სოსიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ოსური მხარე გაითვალისწინებს. დღესვე ცხინვალიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების - ხაჩიროვის, ხუგაევისა და პლიევის - მშობლები გადმოვიდნენ, რომლებსაც მთავარ პროკურატურაში დაკითხავენ.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 1 თვეში გაიმართება.