თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის აზრით, გასული თვის სამხედრო გადატრიალების სცენარი „უცხოეთში დაიწერა“. ამასთან, ერდოანმა დასავლეთი დაადანაშაულა პუტჩისა და ტერორიზმის მხარდაჭერაში: "უჭერს თუ არა დასავლეთი მხარს ტერორიზმს? დასავლეთი დემოკრატიას ემხრობა, თუ სამხედრო გადატრიალებას, ან ტერორიზმს? სამწუხაროდ, დასავლეთი მხარს უჭერს ტერორიზმს და გადატრიალებას", - განაცხადა ერდოანმა ანკარაში.
ერდოანის თქმით, შეერთებულ შტატებში მოქმედი კერძო სკოლებია შემოსავლის მთავარი წყარო თურქი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენისათვის, რომელსაც ერდოანი ივლისის პუტჩის მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. სამხედრო გადატრიალების ამ მცდელობისას 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ერდოანმა 2 აგვისტოს გამოსვლისას დასვა რიტორიკული შეკითხვა: როგორ შეიძლება აშშ და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ, როცა აშშ კვლავაც მასპინძლობს ადამიანს, რომლის ექსტრადიციაც ვთხოვეო?
გიულენი 1999 წლიდან ცხოვრობს შეერთებულ შტატებში და უარყოფს ყოველგვარ კავშირს თურქეთში პუტჩის მცდელობასთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ვაშინგტონში განაცხადა, რომ გიულენს თურქეთს გადასცემენ მხოლოდ მის წინააღმდეგ სამხილების არსებობის შემთხვევაში.