ელექტროენერგია მოსახლეობისთვის არ ძვირდება

26 დეკემბერს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკ) გადაწყვიტა, რომ სამომხმარებლო ტარიფი უცვლელად დარჩეს როგორც „თელასის“, ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის. ანუ არ გამართლდა მოლოდინი, რომ, სემეკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების კვალდაკვალ, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი გაიზრდებოდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. თუმცა გარკვეული სატარიფო ცვლილებები მაინც შეეხება კომერციულ სექტორს.

Your browser doesn’t support HTML5

ელექტროენერგია მოსახლეობისთვის არ ძვირდება

სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების 2017 წლის ტარიფების დამტკიცების შესახებ სემეკმა 26 დეკემბერს საჯარო სხდომაზე იმსჯელა. ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ მომზადებული პროექტების საფუძველზე გადაწყდა, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე მოსახლეობისთვის დენი არ გაძვირდეს. გადაწყვეტილება სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ გამოაცხადა:

„სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის რჩება უცვლელი. 11 თეთრი -101 კვტსთ-ის ჩათვლით, 101-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით არის 14.4 თეთრი კვტსთ-ზე, ხოლო 301 კვტსთ-იდან და მეტი - 18.2 თეთრი კვტსთ-ზე. ეს დადგენილება ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან“.

ამ აუდიოფრაგმენტში სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა თელასის მომხმარებელთა უცვლელად დატოვებულ ტარიფებს ასახელებს, თუმცა ასევე არ შეცვლილა საყოფაცხოვრებო ტარიფები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის, ანუ საქართველოს მასშტაბით, კახეთის რეგიონის გარდა.

თელასი სრულად დაეთანხმა სემეკის გადაწყვეტილებას და მისთვის მისაღებია დადგენილი ტარიფები, თუმცა „ენერგო პროს“ ჰქონდა გარკვეული ტიპის შენიშვნები ტარიფის მიმართ და ის არ დაეთანხმა... თუმცა „ენერგო პროს“ პრეტენზიები ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რადგანაც სემეკის მიერ შემოთავაზებულ დადგენილებაში ძალიან მკაფიოდ და დეტალურად იყო განსაზღვრული ყველა ის ფაქტორი...
ანდრია გვიდიანი

ელექტროენერგიის გაძვირების ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 21 დეკემბერს მარეგულირებელმა კომისიამ იმსჯელა თბოელექტროსადგურებზე გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ზღვრული ტარიფის დადგენის საკითხზე და, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენციის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება თბოელექტროსადგურებისთვის. უარყოფითი პროგნოზები მაინც ძალაში დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის შემდეგ, 23 ოქტომბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ჰიდროელექტროსადგურების 2017 წლის ტარიფების განხილვის შედეგად, სემეკმა ტარიფი გაზარდა მხოლოდ ერთ ჰიდროელექტროსადგურზე, ხოლო დანარჩენებზე შეამცირა.

ასეა თუ ისე, ბოლო დღეებში, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების გარდა, საკმაოდ ბევრმა ექსპერტმა ივარაუდა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდებოდა. მაგალითად, როგორც სემეკის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი შენიშნავს, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა, დაახლოებით, 1,5-2 თეთრით იყო მოსალოდნელი. თუმცა 26 დეკემბერს ეს პროგნოზი არ გამართლდა.

ორშაბათს სემეკში მიმდინარე საჯარო სხდომას ესწრებოდა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, მართალია, სემეკის მიერ კონკრეტულ გათვლებზე დაყრდნობით მომზადებული პროექტები სავსებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ გარკვეულმა უკმაყოფილებამ მაინც იჩინა თავი:

„თელასი სრულად დაეთანხმა სემეკის გადაწყვეტილებას და მისთვის მისაღებია დადგენილი ტარიფები, თუმცა „ენერგო პროს“ ჰქონდა გარკვეული ტიპის შენიშვნები ტარიფის მიმართ და ის არ დაეთანხმა... თუმცა „ენერგო პროს“ პრეტენზიები ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რადგანაც სემეკის მიერ შემოთავაზებულ დადგენილებაში ძალიან მკაფიოდ და დეტალურად იყო განსაზღვრული ყველა ის ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს დენის ტარიფზე... საბოლოოდ, სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის უფლება და საშუალება პრაქტიკულად არ არსებობს“.

26 დეკემბერს სემეკის მიერ დადგენილი სატარიფო ცვლილებები შეეხება მხოლოდ კომერციულ სექტორს. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან „თელასის“ მომხმარებელთა კომერციულ სექტორში 0,035 თეთრით მოიმატებს დენის ფასი საშუალო ძაბვის შემთხვევაში, ხოლო მაღალი ძაბვის შემთხვევაში ტარიფი 0,446 თეთრით გაიზრდება. ამ მხრივ ზრდაა მოსალოდნელი „ენერგო პროს“ მომხმარებელთა კომერციულ სექტორშიც. საშუალო ძაბვის მომხმარებლებს ელექტროენერგია 0,657 თეთრით გაუძვირდებათ, ხოლო მაღალი ძაბვის მომხმარებლებს - 0,001 თეთრით. ცვლილებები დღგ-ს გარეშეა დაანგარიშებული.

კონკრეტულ გათვლებამდე ძნელი სათქმელია, რამდენად შესამჩნევი იქნება ფასების ზრდა იმ მწარმოებელთა პროდუქციაზე, რომლებსაც ელექტროენერგიის ტარიფი გაეზრდებათ, თუმცა, ზოგადად, არასახარბიელო მოსალოდნელობაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან თსუ საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლევან ფავლენიშვილი:

„ზოგადად, თუკი საწარმოო სექტორს ხარჯები ეზრდება, შეიძლება გაზარდოს ფასი... მაგრამ გააჩნია, ამ შემთხვევაში რა ტიპის საწარმოო სექტორს გაეზარდა ტარიფი... მაგალითად, საბაზისო პროდუქტების, მაგალითად, პურის მწარმოებლები ძირითადად ბუნებრივ აირს იყენებენ და, სავარაუდოდ, მათი ფასი არ გაიზრდება, მაგრამ შეიძლება ფასი გაზარდოს ნებისმიერმა საწარმომ, რომელიც აქტიურად იყენებს ელექტროენერგიას. მაგალითად, ჭიათურის „მანგანეცი“ ბევრ ელექტროენერგიას იყენებს და მას შეიძლება გაეზარდოს ხარჯები, გაუძვირდეს პროდუქცია და ამის გამო შესაძლოა ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახდეს ჩვენი საქონელი მსოფლიოს ბაზრებზე“.

სემეკის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, პროდუქციის ფასის ზრდას არ მოელის ეკონომისტი ანდრია გვიდიანი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ტარიფის ზრდა იმდენად მცირეა, რომ „სალაპარაკოდაც კი არ ღირს“ და ეს ფასთწარმოქმნის მექანიზმების გადახედვის აუცილებლობას არ წარმოშობს. ასეთივე პროგნოზი გააკეთა რადიო თავისუფლებასთან საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგაძემ.