ექსტრემიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ

თბილისის საკრებულო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაძლოა რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ (ISIS) კავშირის გამო. უსაფრთხოების სამსახური ასევე იძიებს ქართულ ენაზე გაკეთებული რამდენიმე პროპაგანდისტული საიტის წარმომავლობასა და აუდიტორიას. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ასევე საქართველოს მოქალაქის თამაზ ჭაღალიძის მიერ 2015 წლის 12 იანვარს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ატვირთული მუქარის შემცველი ვიდეომიმართვის ფაქტზე.

ვებსაიტმა islam.georgia.com გამოაქვეყნა წალკის რაიონის სოფელ კოხტას ყოფილი იმამის, 56 წლის მურმან პაიჭაძის, მიმართვა, რომელშიც სირიაში წასული საქართველოს მოქალაქე, მისი სიტყვებით, მუსლიმების საოცნებო ისლამური ხალიფატის მებრძოლი, მიმართავს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს, ჩაერთონ ჯიჰადში. მურმან პაიჭაძე, იგივე აბუ ასია ალ-ჯუეჯი, მიმართავს საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებსაც:

„რაღას უყურებთ, ხედავთ, რომ ამხელა მსოფლიოში რა ამბებია და „ისლამური სახელმწიფო“ როგორ ფართოვდება, ძლიერდება და მთელი მსოფლიოს მუსლიმანები აქ მოდიან, ეს ჩვენი ქვეყანაა და, როგორც ადრე ინშაალლაჰ, საქართველოშიც მოაღწევს. თქვენ, ურწმუნოებო! რატომ არ წყვეტთ მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლას? რატომ არ გამოგყავთ თქვენი სამხედროები მუსლიმების ქვეყნებიდან ? საქართველოს მომავალზე რომ არ ფიქრობდით და ყალბ ისტორიაზე ილუზიებს აგებდით, მაშ დაელოდეთ პასუხს მუსლიმებისაგან, რომელიც ძალზე მკაცრი იქნება. ეს პროცესი შეუქცევადია და ალლაჰის ნებით მოვალთ საქართველოშიც და დამყარდება სამყაროს გამჩენისა და ბატონ-პატრონი უზენაესი ალლაჰის კანონები“.

ლევან იზორია

მურმან პაიჭაძის ამ განცხადებამ და „ისლამური სახელმწიფოს“ სხვა პროპაგანდისტულმა საიტებმა მიიქციეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყურადღება. სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას კომენტარი:

„ჩვენ, ბუნებრივია, დაწყებული გვქონდა გამოძიება. ამ გამოძიების ფარგლებში მიზანშეწონილი იყო, ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით, გარკვეული პერიოდის ფარგლებში დაკვირვების განხორციელება, მათ შორის, ოპერატიული მიზნით. და ჩვენ უკვე გვაქვს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ გარკვეული რეაგირება მოვახდინოთ უკვე ამ გამოძიების ფარგლებში“.

ლევან იზორიას თქმით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა საზღვარზე დააკავა აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე, რომელიც ცდილობდა საქართველოში უკანონოდ შემოსვლას და შემდეგ სირიაში საბრძოლველად გამგზავრებას. ლევან იზორიას თქმით, სისხლის სამართლის საქმე ასევე აღძრულია აჭარიდან სირიაში საომრად წასული თამაზ ჭაღალიძის წინააღმდეგაც, რომელმაც ფეისბუკით ძალადობრივი შინაარსის არაერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა გაანეიტრალოს ცალკეული ექსტრემისტებისა და ექსტრემისტული დაჯგუფებების პროპაგანდა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული მუშაობით, - მიაჩნია ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის თავმჯდომარეს რამაზ კაკალაძეს, რომლის თქმითაც, საჭიროა ტრადიციული ისლამისათვის ხელის შეწყობა და შესაბამისი განათლების კერების გაჩენა.

„ამ ადამიანების დიდი ნაწილი უსწავლელი და გაუნათლებელია, რის გამოც მათ იოლად იგდებენ ხელში რადიკალი ისლამის სახელით მოქმედი პირები და თავის შეხედულებებზე გადაჰყავთ. ამის საწინააღმდეგოდ ჭეშმარიტ მუსლიმურ თემს საქართველოში ხელი უნდა შეეწყოს, რათა ადამიანებს ჭეშმარიტი რწმენა ჩაუნერგოთ და რომ იცოდნენ, არ შეიძლება ისეთი რამის გაკეთება, რასაც რწმენა ეწინააღმდეგება. ამიტომ უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ მუსლიმურ პანსიონატებს, მაგრამ ხელის შეწყობას ვინ ჩივის, ხელს უშლიან“, უთხრა რადიო თავისუფლებას რამაზ კაკალაძემ, რომლის თქმით, საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა არაა რადიკალურად განწყობილი. შესაბამისად, არც ექსტრემიზმის გაღვივების ნიადაგი არსებობს. ასეთი რამ შეუძლებელია მოხდეს გარკვეული გარე ძალების ძალისხმევისა და დაფინანსების გარეშე, რომელთა გამოვლენა და განეიტრალება უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მთავარი საზრუნავი.

საერთაშორისო ტერორიზმი უფრო ძლიერდება თანდათანობით და მომავალში კიდევ უფრო დიდი პრობლემა იქნება. ასევე გასაძლიერებელია სასაზღვრო უწყების მუშაობა, გასაძლიერებელია ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა განსაკუთრებთი მაღალი რისკის ზონებში, საიდანაც მიდიან სირიაში...
ბესო ალადაშვილი

სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის ხელმძღვანელი ბესო ალადაშვილი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, საჭიროა ინსტიტუციური ცვლილებები, რაც გულისხმობს ანტიტერორისტული მიმართულების გამოყოფას სუსიდან.

„მისი ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური უზრუნველყოფა უნდა გაიზარდოს, რადგანაც ჩვენ ვხედავთ, თუ რა მძიმე ვითარებაა დღეს და ასევე მძიმეა სამომავლო პროგნოზიც. საერთაშორისო ტერორიზმი უფრო ძლიერდება თანდათანობით და მომავალში კიდევ უფრო დიდი პრობლემა იქნება. ასევე გასაძლიერებელია სასაზღვრო უწყების მუშაობა, გასაძლიერებელია ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა განსაკუთრებთი მაღალი რისკის ზონებში, საიდანაც მიდიან სირიაში. გარდა ამისა, ამ წასულებზე უნდა დაწესდეს მკაცრი კონტროლი მათი ვინაობის დადგენითა და გადაადგილების მარშრუტის ცოდნით“, უთხრა ბესო ალადაშვილმა რადიო თავისუფლებას.

საქართველოს მთავრობა მართლაც აპირებს ექსტრემისტული საფრთხის გასანეიტრალებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 18 ნოემბერს გაიმართება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა, რომელზეც ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები განიხილება.