საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

ავტორი: ირინა გურული

სულ ცოტა ხსნის წინ ცნობილი გახდა 2016 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შედეგები, რომლის მიხედვითაც, 178 ქვეყანას შორის საქართველო 23-ე ადგილზეა და წინ უსწრებს პოსტსაბჭოთა, აღმოსავლეთ ევროპისა და მეზობელი ქვეყნების ნაწილს.

თუმცა, მიუხედავად ზოგადი დადებითი მაჩვენებლისა, საქართველოსთვის გამოწვევად რჩება ფინანსური სექტორის თავისუფლება და კანონის უზენაესობა, კონკრეტულად კი - საკუთრების უფლების დაუცველობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და კორუფციის მაღალი დონე. ორგანიზაცია IDFI-მ დეტალურად გადახედა შედეგებს და ამ თემაზე ანგარიშიც გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ინდექსი ყოველწლიურად ზომავს 178 ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას 10 რაოდენობრივი და თვისებრივი პარამეტრის მიხედვით, რომლებიც 4 ძირითად კატეგორიაშია მოქცეული:

• კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, კორუფციისგან თავისუფლება);
• მთავრობის ზომა (ფისკალური თავისუფლება, საბიუჯეტო დანახარჯები);
• რეგულირების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება);
• ბაზრის ღიაობა (ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).

თითოეული პარამეტრი ფასდება 0-დან 100-მდე სკალით.

2016 წლის ინდექსი მოიცავს 2014 წლის მეორე ნახევრისა და 2015 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს. ეკონომიკური თავისუფლების 10 კომპონენტიდან საქართველოს შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს 3 კომპონენტში:

საკუთრების უფლება - 40 %. საკუთრების უფლების კომპონენტი თვისებრივი შეფასებაა იმისა, თუ რამდენად არის ქვეყანაში დაცული კერძო საკუთრების უფლება. კომპონენტი ითვალისწინებს ასევე სახელმწიფოს მიერ ქონების ჩამორთმევის, ექსპროპრიაციის ალბათობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის დონეს.

კორუფციისგან თავისუფლება - 52 %. ეკონომიკის კორუფციისგან თავისუფლების დონის დასადგენად გამოყენებულია საქართველოს შედეგი (52 ქულა 100-დან) საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსიდან.

ფინანსური თავისუფლება - 60 %. ფინანსური თავისუფლების კომპონენტი ზომავს საბანკო სექტორის ეფექტიანობას და სახელმწიფო კონტროლისა და ფინანსურ სექტორში ხელისუფლების ჩარევის დონეს.
უმაღლესი ქულა საქართველომ ოთხ კატეგორიაში მოიპოვა. ესენია:
ბიზნესის თავისუფლება - 86.5 %. რეგულაციებისა და ინფრასტრუქტურული შეზღუდვების სიმცირე ბიზნესის დაწყების, კეთებისა და შეწყვეტის დროს.
მონეტარული თავისუფლება - 80.5 %. ფასების სტაბილურობა, ინფლაციის დაბალი დონე და ფასების შეზღუდული კონტროლი სახელმწიფოს მიერ.
ვაჭრობის თავისუფლება - 88.6 %. იმპორტზე დაწესებული დაბალი ტარიფები და არასატარიფო ბარიერების სიმცირე.
ინვესტირების თავისუფლება - 80 %. შეზღუდვების ნაკლებობა ინვესტიციების შემოდინება/გადინებაზე.

დანარჩენ სამ კომპონენტში საქართველოს მაჩვენებლები უსწრებს ევროპის ქვეყნების უმეტესობას:

ფისკალური თავისუფლება - 87.6 %. ფისკალური თავისუფლება გულისხმობს დაბალ გადასახადებს მთავრობის ყველა დონეზე. ამ კომპონენტში დიდი განსხვავებაა საქართველოსა და დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს შორის.
შრომის თავისუფლება - 75.7 %. კომპონენტი ზომავს, თუ რამდენად მკაცრია შრომის ბაზრის რეგულაციები, კერძოდ, მინიმალური ხელფასის, დროებითი გათავისუფლების, იძულებითი განაცდურის კომპენსაციისა და სამუშაო საათების რეგულაციები. ამ კომპონენტში საქართველო ევროპის ქვეყნების უმეტესობას უსწრებს, რადგან მისი რეგულაციები ნაკლებად მკაცრია.
საბიუჯეტო დანახარჯები - 75.3 %. ქვეყნების შესადარებლად ინდექსმა გამოითვალა, თუ მთლიანი შიდა პროდუქტის რამდენ პროცენტს შეადგენს მათი სახელმწიფო დანახარჯების მოცულობა. საქართველოს სახელმწიფო დანახარჯების მოცულობა მშპ-ს 28 %-ია, მაშინ როდესაც ევროპის საშუალო მაჩვენებელი 43 %-ს სცილდება. ინდექსის ავტორები მიიჩნევენ, რომ ზედმეტი სახელმწიფო დანახარჯი ეკონომიკისთვის არასასურველ ტვირთს წარმოადგენს, რის გამოც ქვეყნებს, რომელთა მთავრობებიც მშპ-ს ნაკლებ პროცენტს ხარჯავენ, მეტი ქულა ენიჭებათ. ინდექსის ავტორები აღიარებენ, რომ არჩეული მიდგომის გამო ნაკლებად განვითარებულმა ქვეყნებმა, რომლებსაც მწირი ფინანსური რესურსები აქვთ, შეიძლება ხელოვნურად მაღალი ქულები მიიღონ.