12 აპრილს, „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში „სახელმწიფოები გარდამავალ ეპოქაში“, რომელიც ასახავს დემოკრატიის განვითარებას ყოფილი საბჭოთა კავშირის, ბალკანეთისა და ცენტრალური ევროპის 29 ქვეყანაში 2015 წელს. დემოკრატიის განვითარების შეფასების ცხრილში პირველ ხუთეულში არიან: ესტონეთი, სლოვენია, ლატვია, ჩეხეთის რესპუბლიკა და ლიტვა. საქართველოს საშუალო მაჩვენებლით - 4,61 ქულით მე-17 ადგილზეა. საქართველოს ქულა შარშანდელთან შედარებით 0,03 ქულით გაუმჯობესდა.
ცხრილში ქვეყნები შეფასებულია რამდენიმე კატეგორიაში და გამოყვანილია დემოკრატიის განვითარების საშუალო მაჩვენებელი. 1-დან 7-მდეა ქულების შკალა. საუკეთესო შეფასებაა 1 და ყველაზე ცუდი - 7. სხვადასხვა კრიტერიუმის შეფასებების საშუალო არითმეტიკული არის სწორედ ქვეყნის დემოკრატიის ქულა. საქართველო წელს შეფასდა 4,61 ქულით, რაც შარშანდელთან შედარებით 0,03-ით უკეთესია. რაც შეეხება ცალკეულ კრიტერიუმს: საარჩევნო პროცესი - 4,5 ქულით შეფასდა, სამოქალაქო საზოგადოება - 3,75-ით, მედიის დამოუკიდებლობა - 4 ქულით, ქვეყნის მართვის დემოკრატიულობა - 5,5 ქულით, ადგილობრივი მმართველობის დემოკრატიულობა - 5,25 ქულით, სასამართლო სისტემა დაა მისი დამოუკიდებლობა - 4,75-ით, კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობა - 4,5 ქულით. ანგარიშის მიმოხილვით ნაწილში საქართველოს შესახებ წაიკითხავთ: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ადგილი აქვს გახმაურებული საქმეების პოლიტიზაციას, სასამართლო სისტემის ხარისხი დღითიდღე უმჯობესდებოდა, რაც იყო იმის დადებითი ნიშანი, რომ პოლარიზებულ სისტემაშიც კი, სტრუქტურულ რეფორმას შეიძლება ჰქონდეს ეფექტი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ამ ტენდენციის მდგრადობის სერიოზული გამოცდა“. ანგარიშის ბოლოს მოცემულ მოვლენათა კალენდარში მონიშნულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნები: „მმართველი „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 2015 წლის დასაწყისიდან ემზადებიან. ბოლო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა და ხელისუფლებაში მოვიდა „ქართული ოცნება“. ორივე ძალის - „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ იმედგაცრუებამ შეიძლება ახეიროს პრორუსული პარტიები, საქართველოს ევროპასა და აშშ-ზე ორიენტირებული გრძელვადიანი პოლიტიკის მიმართ საყოველთაო მხარდაჭერის მიუხედავად“.„ფრიდომ ჰაუსის“ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ეკონომიკური პრობლემები საფრთხეს უქმნის სტაბილურობას ყოფილი საბჭოთა კავშირის დიქტატორულ ქვეყნებში, მიგრანტთა კრიზისი აღმოსავლეთ ევროპაში პოპულიზმს აღვივებს, ბალკანეთის ქვეყნებში კი რეფორმები შეჩერებულია. „ფრიდომ ჰაუსი“ თვლის, რომ 2015 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის “ღიად გამოხატული ავტოკრატია“ კიდევ უფრო გაღრმავდა.
ანგარიშში თითოეულ ქვეყანას ენიჭება ქულა, რომელიც დემოკრატიის განვითარებას ასახავს. ბოლო 12 წელია აღწერილ 29 ქვეყანაში დემოკრატიის საშუალო ქულა სულ იკლებს.
ანგარიშის ავტორთა თანახმად, ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ყოფილ საბჭოთა კავშირში, სადაც 7 ქვეყანას დიქტატორები მართავენ, რომლებიც სულ ცოტა 10 წელია ხელისუფლების სათავეში არიან. იგულისხმება: რუსეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის თანახმად, მსოფლიო სასაქონლო ფასების შემცირებამ, განსაკუთრებით - ნავთობზე, რასაც დაერთო აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციები რუსეთის მიმართ, აგრეთვე - რუსეთის კონტრსაქნქციებმა რეგიონი „უფსკრულის პირას“ მიიყვანა. ნეიტ შენკკანმა, პროექტის - „ქვეყნები გარდამავალ ეპოქაში“ დირექტორმა „რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ ეს ქვეყნები ახლა იმკიან იმის შედეგს, რომ ვერ მოახერხეს თავიანთი ეკონომიკის დივერსიფიკაცია და მმართველობის გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული სისტემების შექმნა:
"რუსეთის რეცესია წელსაც გაგრძელდება. არის გარკვეული პროგნოზი, რომ ყაზახეთი - სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანა რეგიონში, ასევე რეცესიაში იქნება, ან ექნება 0 პროცენტი ზრდა. სხვა ქვეყნებში, შეიძლება რეცესიამდე არ მივიდეს საქმე, მაგრამ ვვარაუდობთ ძალიან, ძალიან დაბალ ზრდას - 1-2 პროცენტიანს - საკმაოდ ღარიგ ქვეყნებში“.
„ფრიდომ ჰაუსის“ წარმომადგენელი ნეიტ შენკკანი ვარაუდობს, რომ 2016-ში ამ ქვეყნებში მეტი სოციალური პროტესტი იქნება. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ რეგიონში ბრუნდება ბევრი შრომითი მიგრანტი, განსაკუთრებით - ტაჯიკეთში, რაც ქმნის უმუშევარი ახალგაზრდა კაცების დიდ ჯგუფს, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით იქცევა საპროტესტო ჯგუფად.
„ფრიდომ ჰაუსის“ პროექტის დირექტორმა „რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ რეგიონის ლიდერებმა ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს უპასუხეს საზოგადოების კონტროლის გამკაცრებისკენ მიმართული ნაბიჯებით. მაგალითად, რუსეთში პუტინის „ავტოკრატიის ღია გამოხატულება“ კიდევ უფრო გაღრმავდა 2015 წელს და ის სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკურ ორგანიზაციების მიმართ პოლიტიკის გამკაცრებაში აისახა:
"მთლიანობაში, რეგიონის ლიდერები ხედავენ, რაც ხდება. ისინი ხედავენ ეკონომიკურ კრიზისსს და ამიტომ ეძებენ კონტროლის გაძლიერების გზებს. ასეთი რამის მოწმეები ვართ ყირგიზეთშიც, რომელიც, მის მეზობლებთან შედარებით, თავისუფალია. თუმცა, იქ მთავრობა სინამდვილეში იყენებდა სახელმწიფო ბერკეტებს, განსაკუთრებით - უშიშროების სამსახურს ოპოზიციონერების სახელის გასატეხად იმისათვის, რომ ხელი შეეშალა მათთვის და აღარ მოეწყოთ საპროტესტო მსვლელობა ან უკმაყოფილების გამოხატვის ორგანიზება“.
რეგიონის ქვეყნებისთვის დამახასიათებელია პოლიტიკის გამკაცრება სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და სულ უფრო ხშირად სჯიან ადამიანებს ინტერნეტსივრცეში გამოხატული აზრების გამო.
„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში - „ქვეყნები გარდამავალ ეპოქაში“ წაიკითხავთ, რომ აზერბაიჯანში „გრძელდება შევიწროება, რომელიც 2014 წლის ზაფხულში დაიწყო“ და მოყვანილია გამომძიებელი ჟურნალისტის - „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ კონტრიბუტორ ხადიჯა ისმაილოვასთვის 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯის შემთხვევა.
უკრაინა „რჩება ერთადერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობად დემოკრატიისთვის“ რეგიონში. მთავრობამ მიაღწია „გარკვეულ პროგრესს“ 2015 წელს რეფორმების თვალსაზრისით, თუმცა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, სეპარატისტული კონფლიქტი ქვეყნის აღმოსავლეთში, ფართოდ გავრცელებული კორუფცია, და დაუსჯელობა იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც 2014 წლის პოლიტიკური ამბოხის დროს იქნა ჩადენილი, აფერხებს პროგრესს. „ფრიდომ ჰაუსის“ პროექტის დირექტორი ამბობს:
“უკრაინა ნამდვილად იმყოფება წერტილში, როცა წინ უნდა იაროს. თუკი ასე არ მოხდება, არის რეალური მნიშვნელოვანი საფრთხე, რომ უკრაინა უკან წავა და გააგრძელებს ძალიან, ძალიან კორუმპირებული მმართველობის ტრადიციას. ეს, რასაკვირველია, საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას და უკრაინას ძალიან გაურკვეველ ვითარებაში ჩააგდებს“.
ბალკანეთში - სერბიამ და ჩერნოგორიამ დაიწყეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ალბანეთი და მაკედონია ოფიციალურად კანდიდატი ქვეყნები არიან, ბოსნიე-ჰერცეგოვინა და კოსოვო - პოტენციური კანდიდატები. თუმცა, „ფრიდომ ჰაუსი“ აცხადებს, რომ რეფორმები „შენელდა და ახლა შეჩერდა“, რეგიონში დემოკრატიის განვითარების საშუალო მაჩვენებელი კი დაეცა 2004 წლის მაჩვენებლამდე.