2016 წელი არანაკლებ რთული აღმოჩნდა, ვიდრე იყო 2015, რადგან კვლავ გაღრმავდა ეროვნული ვალუტის ვარდნით გამოწვეული პრობლემები, კვლავ გაგრძელდა საგარეო სავაჭრო ბრუნვის ვარდნა, რასაც წლის ბოლოს დაემატა გადაწყვეტილება აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ. მიუხედავად ამისა, მთავრობა მაინც ოპტიმისტურად აფასებდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
Your browser doesn’t support HTML5
წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი ვარდნის შემდეგ გამყარების გზას დაადგა, მაგრამ წლის მეორე ნახევარში კვლავ უკუპროცესი დაიწყო. საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში სავალუტო კრიზისის თავიდან ასაცილებლად ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე მასშტაბური ინტერვენციები განახორციელა, დაახლოებით, 200 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში. ამგვარი ჩარევის მიუხედავად, ლარმა ვარდნა არჩევნების შემდეგაც განაგრძო, თანაც, მაღალი ტემპით.
არადა, ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე მთავრობის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი ოპტიმისტურად იყო განწყობილი:
„იმპორტის რაოდენობა არის გაზრდილი ძალიან, ქვეყანაში მოხმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად. ექსპორტი რაოდენობრივად გაზრდილია, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამო არის ის, რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად მოხდება კურსის დასტაბილურება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს, ყველა ლოგიკით“.
ოდნავ მოგვიანებით კი, როდესაც უკვე პარლამენტში მთავრობის ნდობის საკითხი განიხილებოდა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლარის გაუფასურება დოლარის გამყარებას გადააბრალა:
„დღეს რეგიონში ყველა ვალუტა - აბსოლუტურად ყველა ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტა - არის გაუფასურებული დოლართან მიმართებაში, დოლარის გამყარების ტენდენცია არის“.
კვირიკაშვილის ამ განცხადებების ნაკლებად სჯერა ოპოზიციურ „ნაციონალურ-მოძრაობას“. მისი ერთ-ერთი საპარლამენტო ლიდერის, რომან გოცირიძის, განცხადებით, ლარის დევალვაცია მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია:
„სამწუხაროდ, მთავრობას არ ესმოდა ეს, არ აკეთებდნენ იმას, რასაც ვურჩევდით. ვეუბნებოდით, რომ, აი, ასეთი ბიუჯეტით, ასეთი არარაციონალური ხარჯვით, ასეთი დეფიციტით, იმით, რომ უცხოური დახმარებები არ შემოდის, ვინაიდან მთავრობა არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, საბოლოო ჯამში, მივიღებდით იმას, რაც მივიღეთ ეხლა“.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის, აზრით, სწორედ მთავრობის პოლიტიკაზე რეაგირებს ეროვნული ვალუტის კურსი, რომელმაც გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია:
„ვერდიქტი დასვა ლარმა. ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა, ეს არის მათთვის განაჩენი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ლარის გაუფასურების პროცესში საგარეო ფაქტორებზე მეტად მთავრობის პოლიტიკის შედეგებს ხედავს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. იგი ეროვნულ ბანკს აკრიტიკებს, რომელიც, ვალუტის გაუფასურების მიუხედავად, ყოველკვირეულად ზრდიდა რეფინანსირების სესხების მოცულობას:
„თუ დავაკვირდებით ლარის გაუფასურების მრუდს და ერთმანეთს შევადარებთ, რეფინანსირების სესხების ზრდის მრუდი და ლარის გაუფასურების მრუდი საკმაოდ ახლოს არიან ერთმანეთთან, აშკარად შეიმჩნევა ვიზუალური კორელაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ემთხვევა ეს მრუდები ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხშირად რეფინანსირების სესხი გამოყენებულია მოკლევადიანი სპეკულაციებისათვის“.
ეროვნული ბანკი და მთავრობა ასეთ მოსაზრებებს არ იზიარებს და ფიქრობს, რომ ეკონომიკურ სირთულეებს ლარის პოპულარიზებითა და სხვა ნაბიჯებით გაუმკლავდება, რომლებიც გაერთიანდა ე.წ. 10-პუნქტიან გეგმაში.
ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელია დოლარში გაცემული იპოთეკური სესხების ლარში გადაყვანის კამპანია, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტი 65 მილიონი ლარის სუბსიდიას გამოყოფს. ეს იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა ფულით, რომელიც საერთო სარგებლობის სერვისებში უნდა იხარჯებოდეს, დაფინანსდება რამდენიმე ასეული ან ათასეული მოქალაქის სესხების პრობლემების მოგვარება. ამ ხარჯის გარდა, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სხვა ისეთი ხარჯი, რომელზეც მთავრობას თავისუფლად შეეძლო უარის თქმა. "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ეკონომისტის, ბესიკ ნამჩავაძის, განცხადებით, სხვადასხვა კვლევებით დადგენილია, რომ ბიუჯეტის ხარჯების, ანუ მთავრობის ზომის, ზრდა უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე:
საბიუჯეტო ხარჯების შემცირება საქართველოს მთავრობამ, მართლაც, გამოაცხადა, მაგრამ მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების სფეროში. შედეგად, მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, შემცირების ნაცვლად, იზრდება.
ამ ცნობას თან დაერთო მთავრობის განცხადება მომავალი წლიდან აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ რამდენიმე ტიპის პროდუქციაზე. ესენია: თამბაქოს პროდუქცია, ავტომობილები და ნავთობპროდუქტები. შედეგად, ბიზნესმა წლის ბოლომდე დარჩენილ რამდენიმე თვეში მარაგების შეძენა დაიწყო, რამაც გაზარდა მოთხოვნა აშშ დოლარზე და, სხვა ფაქტორებთან ერთად, წლის მიწურულს ლარის სწრაფი ვარდნის პროცესი გამოიწვია.
ამ მოვლენებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კვლავ ოპტიმისტური დაპირებებით დაუპირისპირდა:
„თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, ეკონომიკური განვითარებისკენაა მიმართული, რათა მოხდეს ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღება, ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაჯანსაღდეს, იმისათვის რომ ჩვენ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოური ვალუტის რყევებზე და ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებასა და ინფლაციას”.
ამ განცხადებას ოპოზიციის ცხარე კრიტიკა მოჰყვა. ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა კურსის დავიწყებაზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც ლარი საათობრივად უფასურდებოდა.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ავთანდილ სილაგაძემ რადიო თავისუფლების დილის ეთერში განაცხადა, რომ, შესაძლებელია, ლარის გაუფასურება ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ასახული პროდუქციის ფასებზე და რომ ვალუტის ვარდნის პირობებში შეუძლებელიც არის, ფასები არ გაიზარდოს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამომხმარებლო პროდუქტის უდიდესი ნაწილი უცხოეთიდან შემოდის:
„იმპორტულ პროდუქციას, მოგეხსენებათ, ვალუტაში ვყიდულობთ, შემდეგ კი, როდესაც ქვეყანაში შემოდის, ფასი კურსის მიხედვით დგინდება. ჯერ კიდევ არ არის მიღწეული ფასების მაქსიმალური ზრდა. გაცილებით მეტი იქნება, როცა საგადასახადო ცვლილებები ძალაში შევა“.
ავთანდილ სილაგაძის მიერ ნახსენები იმპორტი 2016 წლის მანძილზე ზრდის დინამიკით გამოირჩეოდა, თუმცა, თუ მის მაჩვენებელს „C ჰეპატიტის“ მედიკამენტებს გამოვაკლებთ, რომელიც აშშ-ის მთავრობის საჩუქარია, გამოდის, რომ იმპორტი, დაახლოებით, 5 პროცენტით შემცირდა. კლებას განიცდიდა, ასევე, ექსპორტიც.
ეკონომიკის დარგებს შორის, რაც დადებით ტენდენციებს აჩვენებდა, იყო ტურიზმი. ის, დაახლოებით, 8 პროცენტით გაიზარდა და ქვეყანას 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოუტანა.
4 წლის წინ სალანძღავ სიტყვად ქცეული ტურიზმი ახლა იმავე მთავრობისთვის საამაყოდ იქცა. ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ასე აღწერა მოსახლეობის მიერ ტურიზმით მიღებული სარგებელი:
„უნდა ავდგე და ისე გაჩვენოთ, როდესაც მივაწოდე 100-ლარიანი, ქალბატონმა ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა, ბღუჯა ამოიღო ფულის, ბღუჯა! ახლაც ტანში მაჟრიალებს სიამოვნებისგან, კინაღამ დავკოცნე ის ქალი. ეს არის ტურიზმის გავლენა“.
მაგრამ იმ მთავრობის ტურისტული პოლიტიკა, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი წარმოადგენს, არასაკმარისად მიაჩნია ტურისტული კომპანია „გუდაური ჰელისკინგის“ დამფუძნებელსა და ტურიზმის სფეროს ექსპერტს, ვატო ასათაშვილს:
„ვინაიდან განვითარებადი ქვეყანა ვართ, მინიმუმ გვჭირდება ორნიშნულიანი მაჩვენებელი, რათა, დაახლოებით, 10 წლის განმავლობაში მაინც მივაღწიოთ აღმოსავლეთ ევროპის ტურიზმის განვითარების დონეს. ანუ ერთნიშნულიანი მაჩვენებლებით ჩვენ კონკურენტუნარიანი ქვეყანა რეგიონშიც კი ვერ გავხდებით, არათუ აღმოსავლეთ ევროპაში ანდა მთლიანად ევროპის დონეზე“.
ტურიზმისა და სხვა სფეროთა აქტივობების შედეგად იქმნება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, რომლის ზრდა ქვეყნის განვითარების ტემპს განაპირობებს. 2016 წელს კი ეკონომიკის ზრდის ტემპი 2 პროცენტის ფარგლებში იყო. სპეციალისტების გამოანგარიშებით, ამგვარი მაჩვენებლით საქართველო თითქმის ვერასდროს დაეწევა ევროპის ქვეყნების განვითარების საშუალო დონეს.