სსფ მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს

ბოლოდროინდელი მსოფლიო მოვლენები უდავოდ აისახება მსოფლიოს ეკონომიკაზე. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ე. წ. ბრექსიტის გადაწყვეტილების გამო ფუნტი სტერლინგის პოზიციები უკვე შეირყა დოლარის მიმართ. ეს გადაწყვეტილება აისახა საფონდო ბირჟებზეც.

Your browser doesn’t support HTML5

სსფ მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს

თუმცა იმასაც შეგახსენებთ, რომ როცა გამოცხადდა, დევიდ კემერონს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი შეცვლიდა, ფუნტი სტერლინგის კურსმა აღმასვლა დაიწყო. ბრიტანეთის ეროვნულმა ვალუტამ აშშ დოლარის მიმართ ბოლო 2 თვის მანძილზე ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა და $1.33 შეადგინა. მას შემდეგ, რაც ბრიტანელებმა რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი, ფუნტი 31-წლიან მინიმუმამდე ჩამოიშალა. დანაკარგები აინაზღაურა ევროპის საფონდო ბირჟებმაც და, მათ შორის, ლონდონმა.

ამის მიუხედავად, ამ დღეებში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების გამო, 2017-2018 წლის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირებულია.

ფონდის განახლებული პროგნოზის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკა, წელს მოსალოდნელი 3,2 %-ის ნაცვლად, 3,1 %-იან ზრდას დააფიქსირებს, 20017 წელს კი ეს მაჩვენებელი, მოსალოდნელი 3,5 %-ის ნაცვლად, 3,4 %-ს შეადგენს.

ამასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდში არ გამორიცხავენ, რომ კვლავ საჭირო გახდეს აღნიშნული პროგნოზის გადახედვა.

გაუარესდა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის პროგნოზიც, კერძოდ, ქვეყნის მშპ წელს, მოსალოდნელი 1,9 %-ის ნაცვლად, 1,7 %-იან ზრდას დააფიქსირებს, მომავალ წელს კი, მოსალოდნელი 2,2 %-ის ნაცვლად, მხოლოდ 1,3 %-ს.

რაც შეეხება ევროზონას, 2017 წელს ევროზონის ქვეყნების მშპ 1,4 %-ით გაიზრდება, მაშინ როცა, აპრილის პროგნოზით, ეს მაჩვებელი 1,6 % იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, რომ ბრექსიტის შედეგები გავლენას მოახდენს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაზე, მათ შორის, აშშ-სა და ჩინეთზე.

ბრექსიტის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკას კიდევ ერთი გამოწვევა ელის. მთელი მსოფლიო ახლა ყურადღებით აკვირდება თურქეთს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ეკონომიკებს შორისაა. ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ცნობილი მოვლენების დაწყებისთანავე ინვესტორებმათურქული აქტივების გაყიდვა დაიწყეს, რადგან ეშინიათ ახალი რყევების ქვეყანაში. თურქეთი, რომელსაც სასიცოცხლოდ ესაჭიროება უცხოური ინვესტიციები, შესაძლოა, კაპიტალის მასშტაბური გადინების ფაქტის წინაშე აღმოჩნდეს.

სტამბოლის საფონდო ბირჟის გახსნამდე ერთი დღით ადრე ცენტრალურმა ბანკმა საგანგებო სხდომა გამართა ქვეყნის ბანკების ასოციაციის წევრებთან. გამოცემა Haberturk–ის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა იყო ბაზარზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგების მინიმიზაცია. თურქეთის ცენტრალური ბანკი არწმუნებს ინვესტორებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მზადაა ბანკები უზრუნველყოს ულიმიტო ლიკვიდურობით, რათა შენარჩუნებულ იქნეს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა.

17 ივლისს ვიდეო-კონფერენცია გამართა თურქეთის ვიცე-პრემიერმა მეჰმეტ შიმშეკმა და განაცხადა, რომ მთავრობამ, ცენტრალურ ბანკსა და ხაზინასთან კონსულტაციების შემდეგ, „ყველა საჭირო ზომა მიიღო“. ვიცე-პრემიერს მიღებული ზომები არ დაუკონკრეტებია.

ამ მოვლენებისა და თურქეთის პრეზიდენტის საკმაოდ შემაშფოთებელი განცხადებების გამო, არ არის გამორიცხული თურქეთი კიდევ ერთ ეკონომიკურ ცხელ წერტილად იქცეს, რაც მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების პროგნოზებზე აუცილებლად აისახება.