Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური პერსპექტივა


საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეგიონალურ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2014 წლის ბოლოდან მოყოლებული საგარეო შოკები - სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირება (უმეტესად, ნავთობი და ლითონი), რუსეთის ეკონომიკური რეცესია და აშშ დოლარის გამყარება სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებაში - უარყოფითად აისახება რეგიონის ეკონომიკურ პერსპექტივაზე. სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ 2016 წლიდან ეკონომიკური პერსპექტივა გუმჯობესდება, თუმცა საგარეო ფაქტორები საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკაზე კვლავ ძლიერ გავლენას იქონიებს, რაციქნება მთავარი გამოწვევა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის.

ეროვნული ვალუტების გაუფასურებამ გაზარდა ინფლაციური მოლოდინები და საფრთხე შეუქმნა დოლარიზებულ ფინანსურ სექტორს რეგიონში. 2015 წელს ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებში მოსალოდნელია 2,5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, 2016 წლისთვის ნავარაუდევია 3-პროცენტიანი ზრდა. საქართველოში მიმდინარე წელს პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა 2 პროცენტია, ხოლო მომავალ წელს - 3. მიუხედავად ერთობლივი მოთხოვნის შემცირების და მსოფლიოში სურსათის ფასების კლებისა, ეროვნული ვალუტების გაუფასურება გამოიწვევს ინფლაციის გაზრდას რეგიონში. მოსალოდნელია, რომ 2015 წელს ინფლაციის მაჩვენებელმა 6 პროცენტს გადააჭარბოს. 2016 წელს, სავარაუდოდ, ინფლაციური წნეხი გაიზრდება ყირგიზეთსა და საქართველოში. საქართველოში პროგნოზირებულია ინფლაციის 5 პროცენტამდე გაზრდა. მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი ხუთჯერ გადაიხედა მიმდინარე წელს და სექტემბრის ბოლოსთვის 7 პროცენტს გაუტოლდა. მიმდინარე წელს ფისკალური დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 3,3 პროცენტს აღწევს, რაც უკანასკნელი ათი წლის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. შესაბამისად, რეკომენდებულია ფისკალური კონსოლიდაცია და კაპიტალური და სოციალური დანახარჯების ეკონომიკის სტიმულირებისკენ მიმართვა.

სავალუტო ფონდი რეგიონის ქვეყნების რუსეთზე დამოკიდულების ხარისხზეც ამახვილებს ყურადღებას. ანგარიშში ქვეყნების დამოკიდებულება რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით იზომება: ენერგოდამოკიდებულება, იმპორტ/ექსპორტი, ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და რუსული საბანკო აქტივები. საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას ყველაზე მეტად განსაზღვრავს იქიდან წამოსული ფულადი გზავნილები, ხოლო ყველაზე ნაკლებად - იქაური გაზი და ნავთობი. გრაფიკის მიხედვით, რეგიონში, სხვადასხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით, რუსეთზე ყველაზე მეტად დამოკიდებულია სომხეთი, ხოლო ყველაზე ნაკლებად - აზერბაიჯანი.

სტრუქტურული რეფორმების შეფასებისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდი წარმოადგენს რამდენიმე მნიშვნელოვან ინდიკატორს, როგორიცაა განათლების ხარისხი, კორუფციის დონე, ექსპორტის დივერსიფიკაცია, ფინანსური მომსახურება, ბიზნესის კეთების სიმარტივე. აღნიშნული ინდიკატორებიდან გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს აქვს შემდეგ მიმართულებებში: კორუფციის კონტროლი, ბიზნესის კეთების სიმარტივე. საშუალოზე დაბალი მაჩვენებლი აქვს საქართველოს განათლების ხარისხის, ფინანსური მომსახურებისა და ექსპორტის დივერსიფიკაციის კუთხით. ეს მაჩვენებლები სრულიად მკაფიოდ გამოკვეთს იმ მიმართულებებს, რომელთა რეფორმირებისთვისაც უნდა იზრუნონ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა.

XS
SM
MD
LG