1 იანვრიდან მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროგრამა ამოქმედდება

სვანეთი

კანონი „საქართველოში მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. კანონის მიღების შემდეგ დღის წესრიგში დადგა იმ რეგიონების და სოფლებისა თუ დაბების დაზუსტება, რომლებმაც ამ კანონით უნდა ისარგებლონ. გუშინ ამ თემაზე მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ იმსჯელა. სხდომაზე საქართველოს 1600 დასახლებული პუნქტისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს, თუმცა ჯერჯერობით კანონით მოსარგებლეთა ზუსტი სია ცნობილი არ არის და მის დადგენას მომავალი წლის გაზაფხულისთვის ელიან.

სიაში მყოფ დასახლებებს კანონით განსაზღვრული შეღავათებითა და პრივილეგიებით სარგებლობა უკვე 1 იანვრიდან შეეძლებათ. კანონი მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის სოციალურ შეღავათებს, ბიზნესის ეკონომიკურ სტიმულირებას დასახელმწიფო ბიუჯეტიდან მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის მიზნობრივ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს, კერძოდ:

მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირებისათვის დაწესდება შეღავათები საშემოსავლო და ქონების გადასახადებში. ამას გარდა, პირი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისგან (საგადასახადო შეღავათები 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს).

ასევე, პირველი იანვრიდან დაიწყება დახმარების პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახებისთვის: დახმარების სახით არანაკლებ 100 ლარი გაიცემა ახლად შეძენილ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში.

სოციალური შეღავათების პაკეტები სექტემბრიდან შევა ძალაში. ეს პაკეტი ითვალისწინებს ყოველთვიურად სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტის ოდენობით დამატებითი თანხის გაცემას მთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირზე.

სოციალური პაკეტი ასევე მოიცავს: მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის ყოველთვიური დანამატის გაცემას; ზამთრის პერიოდში მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებების განხორციელებას; აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლები) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურებას; მასწავლებელზე დანამატის გაცემასა და მრავალსექტორიანი საჯარო სკოლებისათვის მოსწავლეებზე ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით დაფინანსებას.

უახლოესი 10 წლის განმავლობაში მაღალმთიანი სოფლების სიის გადახედვა არ იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სია მოიცავს საქართველოს სოფლების 45%-ს.

რაც შეეხება ბიუჯეტს: მხოლოდ სოციალურ შეღავათებზე 2016 წელს 40 მილიონამდე დაიხარჯება, ხოლო 2017 წელს ეს თანხა გაიზრდება, რადგან შეღვათები მთელი წლის განმავლობაში იმოქმედებს. გარდა ამისა, შეიქმნა ბიუჯეტში მთის განვითარების ფონდი, რომლის ბიუჯეტი არის 20 მილიონი.სამინისტროს ინფორმაციით, ეს უკვე გაწერილია 2016 წლის ბიუჯეტში. ასე რომ, 2016 წელს ეს ხარჯები იქნება 60 მილიონის ფარგლებში, ხოლო 2017 წელს გასცდება 100 მილიონს.

რაც შეეხება საწარმოებს: მთიან რეგიონებში არსებული საწარმოები ისარგებლებენ შეღავათით მოგებისა და ქონების გადასახადზე და შეღავათი ექნებათ ასევე საშემოსავლო გადასახადში, თუ დაასაქმებენ ადგილზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად იქ მცხოვრებ ადამიანებს. გარდა ამისა, მეწარმე ფიზიკური პირები ისარგებლებენ საშემოსავლო გადასახადის შეღავათით 10 წლის განმავლობაში.