ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში დაკავებული თანასოფლელების გათავისუფლებას მოითხოვენ. სოფლის მცხოვრები 70 წლის კუკური მახაჭაშვილი და 43 წლის დავით მინდიაშვილი რუსეთის მესაზღვრეებმა გასული კვირის ბოლოს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. სოფლის მინდორში, სადაც ისინი დააკავეს, ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ღობეები გარკვეულ მონაკვეთზეა გაბმული, მაგრამ მთელი მინდორი შემოღობილი არ არის, ზოგან ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დგას, ამ ადგილებში კი უპრობლემოდ შეიძლება გადაადგილება. დაკავებული კუკური მახაჭაშვილის მეუღლე, ლიანა მახაჭაშვილი, ამბობს, რომ მისმა მეუღლემ ტერიტორია კარგად იცოდა და საოკუპაციო ხაზზე არ გადავიდოდა.
დვანელები ამბობენ, რომ საქონელს ყოველთვის აქ აძოვებენ და მწყემსებს არასოდეს დაურღვევიათ ოკუპაციის ხაზი. მათი თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები თვითონ შემოდიან სოფლის მინდვრებში და ჩასაფრებებს აწყობენ. მათი აზრით, რუსეთის მესაზღვრეები დაკავებების გეგმას ადამიანების გატაცებით ასრულებენ. სოფლის მცხოვრებლები საკუთარ მინდვრებში შიშით მუშაობენ და საოკუპაციო ხაზთან პატრულირების გაძლიერებას ითხოვენ.
სოფელში ქარელის გამგებლის წარმომადგენელი ნოდარ კოპაძე ამბობს, რომ დვანელებს და მეზობელი ოკუპირებული სოფლის, მუგუთის, მცხოვრებლებს ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა და ერთმანეთში მიმოსვლა ჰქონდათ, მაგრამ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის შემდეგ ეს ურთიერთობა შეწყდა. გამგებლის წარმომადგენლის თქმით, სოფელში დაძაბული ვითარებაა, რადგან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე ადამიანის დაკავების მესამე შემთხვევაა.
სოფლის მცხოვრებლებმა და იქ მყოფი პოლიციის განყოფილების წარმომადგენლებმა საქმის კურსში ჩააყენეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედდა ცხელი ხაზი და დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მოლაპარაკება დაიწყო. სოფელში ვარაუდობენ, რომ დაკავებულებს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ.