აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შეაქო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ის პრეზიდენტ ბარაკ ობამაზე უკეთესი ლიდერიაო, თქვა ტრამპმა 7 სექტემბერს. მან ჯერ კიდევ შარშან ივლისში თქვა, რომ პუტინთან კარგი ურთიერთობა ექნებოდა. თავის მხრივ, პუტინსაც წარმოუთქვამს დადებითი შეფასებები შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატზე.
ამ, გარედან როგორც ჩანს, ურთიერთსიმპათიის ჯერჯერობით ბოლო გამოვლენა იყო დონალდ ტრამპის განცხადებები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე. პუტინი ძლიერი ლიდერიაო, აღნიშნა პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ტრამპმა შეერთებული შტატების ტელევიზიით ნაჩვენებ შეხვედრაში, ე.წ. საპრეზიდენტო ფორუმში მონაწილეობისას. ამ შეხვედრისას დონალდ ტრამპი და მისი დემოკრატი მეტოქე, ჰილარი კლინტონი, ცალ-ცალკე გამოკითხეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე.
Your browser doesn’t support HTML5
ტრამპზე, როგორც ჩანს, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის, რომ „პუტინის მიერ ქვეყნის კონტროლი ძალიან ძლიერია“. აი, ნაწყვეტი პასუხიდან, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა გასცა შეკითხვას, თუ როგორ აპირებს ამერიკა-რუსეთს შორის დაძაბულობის განმუხტვას პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში: „ვფიქრობ, რომ ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობა მექნებოდა პუტინთან და ვფიქრობ, რომ ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობა მექნებოდა რუსეთთან! (...) რუსეთს ისევე ძალიან სურს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების განადგურება, როგორც ჩვენ გვსურს. რუსეთთან ურთიერთობა რომ გვქონდეს, ხომ კარგი იქნებოდა თანამშრომლობა და „ისლამური სახელმწიფოს“ მიწასთან გასწორება? ხომ კარგი იქნებოდა?“ - განაცხადა 7 სექტემბერს დონალდ ტრამპმა.
რუსეთს ისევე ძალიან სურს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების განადგურება, როგორც ჩვენ გვსურს. რუსეთთან ურთიერთობა რომ გვქონდეს, ხომ კარგი იქნებოდა თანამშრომლობა და „ისლამური სახელმწიფოს“ მიწასთან გასწორება? ხომ კარგი იქნებოდა?..დონალდ ტრამპი
ის უკვე არაერთხელ გაუკრიტიკებიათ პუტინისა და სხვა ავტოკრატი ლიდერების შექებისათვის. თუმცა ტრამპს პოზიცია არ შეუცვლია: მან საპრეზიდენტო ფორუმის წამყვანს უთხრა, რომ ძალიან უხარია, როცა პუტინისაგან კომპლიმენტებს იღებს. პუტინმა დეკემბერში პრესკონფერენციის დროს თქვა: ტრამპი „აშკარად ნიჭიერი“ და „კოლორიტული ფიგურა“ არისო.
„როცა პუტინი ძალიან კარგ რამეს ამბობს ჩემზე, მეც ძალიან კარგ რამეს ვიტყვი მის შესახებ! ადრეც მითქვამს: ის, მართლაც, ძალიან ძლიერი ლიდერია. მესმის, შეგიძლიათ თქვათ, რა საშინელებააო! მაგრამ ამ კაცის მიერ ქვეყნის კონტროლი ძალიან ძლიერია. საქმე გვაქვს სრულიად განსხვავებულ სისტემასთან და მე ის სისტემა არ მომწონს, მაგრამ ეჭვი არ არის, რომ იმ სისტემაში ის გაცილებით უფრო ძლიერი ლიდერია, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტია ლიდერი. ჩვენ განხეთქილებით მოცულ ქვეყანაში ვცხოვრობთ,“ - ამბობს ტრამპი.
რუსეთის ლიდერის მიმართ დონალდ ტრამპის სიმპათიით გამსჭვალული განცხადებების კონტრასტს ქმნის გამოსვლა, რომელიც შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ეშ კარტერს ჰქონდა იმავე დღეს, 7 სექტემბერს, ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში. კარტერის შეფასებით, რუსეთს აქვს ამბიცია, ძირი „გამოუთხაროს საერთაშორისო წესრიგს“.
„მიუხედავად წინსვლისა, რომელსაც ერთად მივაღწიეთ ცივი ომის შემდეგ, ბოლო წლებში რუსეთის მოქმედება, მის მიერ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, მისი არაპროფესიული ქცევა საჰაერო სივრცეში, კოსმოსსა და კიბერსივრცეში, ისევე როგორც იარაღის ჟღარუნი ბირთვულ არსენალზე საუბრისას - ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ რუსეთს აშკარად აქვს ამბიცია, ძირი გამოუთხაროს პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“. - კარტერმა დასძინა, რომ აშშ-ს არ სურს რუსეთთან მტრობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი არ დაიცავს თავის მოკავშირეებსა და საერთაშორისო წესრიგს. ასეა, ყოველ შემთხვევაში, ახლა, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე.
მერე რა მოხდება, უკვე აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჰილარი კლინტონის, ან დონალდ ტრამპის პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული.