მარია კასენკო 21 წლის ტრანსგენდერი ქალია. 14 წლისა იყო, როდესაც სახლიდან წავიდა და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო. ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა იმისთვის, რომ, როგორც თავად ამბობს, „ფეხზე დამდგარიყო“. გენდერული იდენტობის გამო ოჯახის წევრებმა მარიასთან კონტაქტი გაწყვიტეს. დღესაც ყოველდღიური ბრძოლა უწევს გადარჩენისათვის, საზოგადოების წევრთა აგრესიის მოსაგერიებლად. „რთულია, მაგრამ პრინციპულიც, იყო ის, ვინც ხარ“, - ამბობს მარია. ეს მისი არჩევანია: არ დაიმალოს და იბრძოლოს ჩრდილში მყოფი სხვა ტრანსგენდერი პირების უფლებებისთვის. გთავაზობთ რადიო თავისუფლების დოკუმენტურ ფილმს მარიას შესახებ.