ბერტა და არტურ ფონ ზუტნერებზე ზუგდიდში ფილმს იღებენ

დოკუმენტური ფილმის გადაღების პროცესი ზუგდიდში

კვირაზე მეტია დაიწყო გადაღება დოკუმენტური ფილმისა, რომელმაც უნდა ასახოს საქართველოში ავსტრიელი მწერლისა და პაციფისტის, ნობელის მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერისა და მისი მეუღლის, არტურის, ცხოვრება და საქმიანობა. მათ შორის 5 წელი ბერტა და არტურ ფონ ზუტნერებმა გაატარეს ზუგდიდში, სადაც სამეგრელოს ბოლო მთავარს, დავით დადიანს, და მის მეუღლეს, ეკატერინე ჭავჭავაძეს, სტუმრობდნენ.

Your browser doesn’t support HTML5

ბერტა და არტურ ფონ ზუტნერებზე ზუგდიდში ფილმს იღებენ

ახალგაზრდა რეჟისორთა საინიციატივო ჯგუფმა გადაღების პროცესი უკვე დაასრულა ფოთსა და მარტვილში, სცენების დიდი ნაწილი კი ზუგდიდში დაიდგა, მათ შორის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, ბოტანიკურ ბაღში, რაფიელ ერისთავის ისტორიულ სახლში და სოფელ ცაიშში, იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმში. ახალგაზრდა რეჟისორთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ლევან ხარაული, ლაშა ადამაშვილი და ლევან ირემაშვილი ფილმის სცენარზე მუშაობისას ძირითადად დაეყრდნენ ბერტას მემუარებს, რომელიც მან საქართველოში ყოფნისას დაწერა.

„ბერტა ფონ ზუტნერი მეგობრობდა ეკატერინე ჭავჭავაძესთან და მის ოჯახთან, იყო მასთან სტუმრად სხვადასხვა ადილებში, მათ შორის - საზაფხულო რეზიდენციაში. მოკლედ, ისინი მეგობრები იყვნენ და ამაზეა სცენარიც დაწერილი. მემუარებიდან გვაქვს ძირითადად დამუშავებული და გადაღებებიც ზუგდიდში მიმდინარეობს“, - აცხადებს ფილმის რეჟისორი ლევან ხარაული.

დოკუმენტური ფილმის გადაღების პროცესი ზუგდიდში

ახალგაზრდა რეჟისორთა საინიციატივო ჯგუფს დოკუმენტური ფილმების გადაღების 8-წლიანი გამოცდილება აქვს. როგორც ფილმის რეჟისორ-ოპერატორი ლევან ირემაშვილი ამბობს, ზუგდიდის მუზეუმსა და ბოტანიკურ ბაღში დახვდათ სწორედ ის გარემო, რაც ფილმისთვის იყო საჭირო:

„გადაღებები მიმდინარეობს იდეალურად. ფილმი, დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში იქნება. რაც შეეხება ტემპებს, ვმუშაობთ მარდი ტემპით, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ არის, მიზანსცენებიც გვაქვს, არის ჩასაწერი რესპონდენტები“.

დოკუმენტური ფილმი ასახავს დადიანების სასახლეში ბერტა და არტურ ფონ ზუტნერების ცხოვრების პერიოდს და მათ მეგობრობას ეკატერინე ჭავჭავაძესა და მის შვილებთან. ფილმის ავტორებმა გააცოცხლეს ბერტასა და მისი მეუღლის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის სცენა იონა მეუნარგიას სახლში. არსებული ცნობების მიხედვით, ბერტა და არტურ ფონ ზუტნერებმა სწორედ ცნობილი პუბლიცისტისა და კრიტიკოსის, იონა მეუნარგიას თხოვნით დაიწყეს პოემის ფრანგულად თარგმნა. ფილმში მონაწილეობენ როგორც ზუგდიდის თეატრის მსახიობები, ასევე მოხალისეები. ჩაიწერა ინტერვიუები ბერტა ფონ ზუტნერის საერთაშორისო საზოგადოების დამფუძნებელთან, ბესიკ გეგეჭკორთან, და ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელთან, ციალა თითმერიასთან:

„მე პირადად ვისაუბრე არა მარტო ბერტას, არამედ მისი მეუღლის ჩამობრძანებასთან დაკავშირებით. ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოში, ეხმარებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ვისაც სურვილი ჰქონდა ენა შეესწავლა, ისინი ასწავლიდნენ. კერძოდ ბერტა კი ასწავლიდა სალომესა და აშილის შვილებს მუსიკას“.

დოკუმენტური ფილმის გადაღების პროცესი ზუგდიდში

ბერტა ფონ ზუტნერის შესახებ ფილმის გადაღების ინიციატორი ქალაქ ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილებაა. გადამღები ჯგუფი ტენდერის საშუალებით შეირჩა, რომელშიც მონაწილეობა ოთხმა პრეტენდენტმა მიიღო. ზუგდიდის მერია ფილმისთვის 3 ათას ლარს დახარჯავს.

„ჩვენი ამ პროექტის მიზანი გახლავთ წარმოვაჩინოთ ის ევროპელები, რომლებიც მოღვაწეობდნენ ამ ქალაქში და რომლებმაც წარმოაჩინეს ეს ქალაქი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსმა ბესიკ არახამიამ.

სამეგრელოს სამთავროს ყველაზე საყვარელ სტუმართა სიაში მოხსენიებული ბერტა და არტურ ფონ ზუტნერები ზუგდიდიდან 1882 წელს ეკატერინე ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ გაემგზავრნენ. მომდევნო ოთხი წელი მათ თბილისში იცხოვრეს. დოკუმენტური ფილმის გადაღებაც თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, დასრულდება.