რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდის დღევანდელი თემა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ და შემდეგ კვლავ ამოღებულ მუხლს შეეხება, რომელმაც ცოტა ხნის წინ უფლედამცველი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია - ეს მუხლი ითვალისწინებდა ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას, პირის მიერ რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას. კანონით ეს ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ფასდებოდა და, მისი მიღების შემთხვევაში, როგორც ფულად ჯარიმას, ისე 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული მუხლი კოდექსიდან ამოიღო, მაინც არ წყდება საუბარი იმაზე, რომ გარკვეული ჯგუფები ისევ ლობირებენ ამ მუხლის ამოქმედებას. ამ კონკრეტული მუხლის საწინააღმდეგოდ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საპროტესტო პეტიციაც გაავრცელეს, რომლის მიხედვითც, ეს მუხლი რეალურად მიზნად ისახავს დომინანტი რელიგიის მიმართ საჯარო კრიტიკის შეზღუდვასა და ცენზურის დაწესების მცდელობას და არა უმცირესობათა უფლებების დაცვის ხელშეწყობას. რა აძლევთ მათ ამის თქმის საფუძველს და ვისი ინიციატივა იყო კანონში ასეთი ჩანაწერის გაჩენა და შემდეგ ამოღება? - რადიო თავისუფლება ამ საკითხებზე გაესაუბრა ადამიანის უფლებათა დამცველებს, ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დამფუძნებელ გიორგი მშვენიერაძეს და იურისტ თამარ გურჩიანს.
Your browser doesn’t support HTML5