საპარლამენტო უმცირესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომისია დატოვა

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გორში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში მუშაობა შეწყვიტეს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა გიორგი თევდორაძემ, აკაკი მინაშვილმა და დავით დარჩიაშვილმა გორის უნივერსიტეტის დარბაზი პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის მშენებლობისას მილიონობით ლარის მითვისებაში დაადანაშაულა.

შეხვედრიდან გამოსულმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრებმა შეხვედრაზე პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები მიიყვანეს, რომლებმაც შეხვედრა ჩაშალეს. მინაშვილი ამ ფორმატში შინაარსობრივ დისკუსიას ვეღარ ხედავს და კოალიციას კომისიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საბაბს ეძებდა იმისათვის, რომ საყოველთაო განხილვის ფორმატი დაეტოვებინა. რაც შეეხება პარლამენტის მშენებლობისთვის დახარჯული თანხების მიზნობრიობას, ქუცნაშვილის თქმით, ამას კონტროლის პალატა დაადგენს.

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დარბაზში იმყოფებოდნენ, იქ შეკრებილი საზოგადოება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ ცოტას ლაპარაკობდა. ისინი ყოფილ ხელისუფლებას სტალინის ძეგლის დემონტაჟისა და აგვისტოს ომის დროს ქალაქის მიტოვების გამო აკრიტიკებდნენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გორში


გორის სახალხო დარბაზის წევრი თამაზ მაყაშვილი მიიჩნევს, რომ უმცირესობის წევრები მწვავე კითხვებს გაექცნენ.

მწერალ ვანო ჩხიკვაძის აზრით, საზოგადოება შინაარსობრივი დისკუსიისთვის ჯერ მზად არ არის.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ დეპუტატებს მოთმენის ვალდებულება აქვთ და მათ საზოგადოების კითხვებისთვის პასუხი უნდა გაეცათ. მისი თქმით, შეხვედრის ჩაშლა, პირველ რიგში, კოალიციის ინტერესებში არ შედიოდა. კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა სხვა ქალაქებში გაგრძელდება.

დღეს გორში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით, საკონსტიტუციო ცვლილებათა იმ ორი პროექტის განხილვა მიმდინარეობდა, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებისა და პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხებს ეხებოდა.