აშშ და რუსეთი სირიის გამო დავობენ

ალოპო, 2016 წლის 27 სექტემბერი

რუსეთი არ აპირებს, ანგარიში გაუწიოს კრიტიკას სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვის გამო. კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ სირიაში გაგრძელდება „ომი ტერორის წინააღმდეგ“ - მიუხედავად შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის გაფრთხილებისა, რომ ვაშინგტონი შეაჩერებს სირიის საკითხში რუსეთთან თანამშრომლობას, თუ მოსკოვი და მისი სირიელი მოკავშირეები არ შეწყვეტენ ავიაიერიშებს ალეპოზე.

Your browser doesn’t support HTML5

აშშ და რუსეთი სირიის გამო დავობენ

ალეპოს უბნებში, რომელთაც ოპოზიცია აკონტროლებს, ბოლო ათი დღის განმავლობაში 300-მდე ადამიანი დაიღუპა სირიის მთავრობის ჯარისა და რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად. ამის შესახებ იუწყება ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“. სწორედ ათი დღის წინ, 19 სექტემბერს ჩაიშალა ზავი, რომელსაც სირიაში დაპირისპირებულმა მხარეებმა მიაღწიეს აშშ-ისა და რუსეთის შუამავლობით. ამჟამად ალეპოში, რომელიც მთავრობის ჯარების ალყაშია მოქცეული, სავარაუდოდ 300 ათასამდე ადამიანი რჩება. ცნობების თანახმად, სულ უფრო ჭირს საკვების და მედიკამენტების შოვნა, შეზღუდულია წყლით მომარაგება.

რასაც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისა და რუსეთისაგან ვხედავთ, ეს არის მიზანმიმართული კამპანია სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ, დაბომბვა იმისათვის, რომ სამოქალაქო პირებმა წინააღმდეგობა აღარ გაწიონ...
ჯოშ ირნესტი

აშშ მძიმე ბრალდებებს უყენებს სირიის მმართველ რეჟიმსა და მის მოკავშირე რუსეთს. „რასაც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისა და რუსეთისაგან ვხედავთ, ეს არის მიზანმიმართული კამპანია სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ, დაბომბვა იმისათვის, რომ სამოქალაქო პირებმა წინააღმდეგობა აღარ გაწიონ“, - განაცხადა 26 სექტემბერს თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯოშ ირნესტმა.

ხოლო 28 სექტემბერს გავრცელებული ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაიმუქრა, რომ ვაშინგტონი შეაჩერებს სირიის საკითხში რუსეთთან თანამშრომლობას, თუ მოსკოვი და მისი სირიელი მოკავშირეები არ შეწყვეტენ ავიაიერიშებს ქალაქ ალეპოზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კერიმ ეს ულტიმატუმი წაუყენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბრისას. იმავე დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი ემზადება სირიის საკითხში რუსეთთან თანამშრომლობის შესაწყვეტად, თუ რუსეთი დაუყოვნებლივ არ გადადგამს ნაბიჯებს ალეპოზე იერიშისათვის ბოლოს მოსაღებად.

უნდა ითქვას, რომ ჯონ კირბის ამ ბრიფინგს მკვეთრი გამოხმაურება მოჰყვა მოსკოვიდან. მას „ზედმეტად ემოციური“ უწოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა. ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ ჩვენი რადიოც ახსენა, როცა კომენტარს აკეთებდა ჯონ კირბის მიერ გამოთქმულ შემდეგ შეფასებაზე: თუ რუსეთი სირიაში ზავის დაცვაზე არ იზრუნებს, კვლავაც მოუწევს თავისი ჯარისკაცები ტომრებით დააბრუნოს შინო - ანუ, რუსეთში ჯარისკაცების გვამები გაგზავნოსო. კირბიმ ახსენა ასევე რუსეთში ტერაქტების მატების საფრთხე.

მარია ზახაროვა

აი, როგორი იყო მარია ზახაროვას რეაქცია: „როგორ ფიქრობთ, რა დამოკიდებულება ექნება ჩვენს ხალხს შეერთებული შტატების მიმართ მას შემდეგ, რაც, როგორც წერთ, რუს ჯარისკაცებს შინ ტომრებით დააბრუნებენ, ხოლო ტერაქტების რიცხვი იმატებს? უბრალოდ, დაფიქრდით ამაზე! მგონი, მალე რადიო თავისუფლებაც აღარ მოიყვანს ხოლმე შეერთებული შტატების წარმომადგენლების ციტატებს“ - თქვა 29 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარიამ ზახაროვამ.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავინდებურად არის დაინტერესებული აშშ-თან თანამშრომლობით სირიაში კრიზისის მოსაგვარებლად, თუმცა განაგრძობს სირიის მთავრობის ჯარების მხარდაჭერას და „ტერორის წინააღმდეგ ომს“. იქვე პესკოვმა უარყო ვაშინგტონის მიერ გამოთქმული კრიტიკა: „ცხადია, არ გვსურს, ვიხილოთ ვითარება, როცა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უუნარობას ჩვენი ვაშინგტონელი კოლეგები ჩვენს ქვეყანაზე ასეთი სიტყვიერი თავდასხმებით ნიღბავენ. ისინი რუსეთს სრულიად უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ ლამის ყველა მიწიერ ცოდვაში. ეს, მეტი რომ არა ვთქვათ, არაკორექტულია, არ შეესაბამება სინამდვილეს და, რაც მთავარია, არ გვეხმარება იმაში, რომ ყველამ ერთად გადავდგათ ნაბიჯები ტერორიზმთან ბრძოლის გზაზე.“

სირიაში ომი უკვე ხუთ წელიწადზე მეტია გრძელდება. დაღუპულთა რიცხვი 250 ათასს აღემატება.