დაწუნებული სია

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას უკან დაუბრუნა წარდგენილ მოსამართლეთა სამკაციანი სია, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლე არ ეყოლება. საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული კანდიდატურების ჩავარდნის ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის, ხელისუფლებაში კი მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ქვეყანას თავიდან მოუწევს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის ჩატარება. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს, ნონა წოწორიას, ვადა 2017 წლის იანვრის ბოლოს ეწურება.

Your browser doesn’t support HTML5

დაწუნებული სია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი - სწორედ ამ ადამიანებისგან შემდგარი სია დაიწუნა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ: მოსამართლეებად საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული კანდიდატურები ჩავარდა. ევროსაბჭო, სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლებისგან ახალ სიას დაელოდება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.

ამ ფაქტს უკვე უწოდა „საქართველოს ხელისუფლების მარცხი“ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა - ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ სერგო რატიანმა განაცხადა, რომ ამ ამბით საქართველოს ინტერესებს სერიოზული ზიანი მიადგა:

ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ დავგეგმავთ მომავალ პროცედურას. დაველოდებით ევროსაბჭოსგან ოფიციალურ გადაწყვეტილებას და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, თუ როგორ მოიცლის მთავრობა, როგორ მოვიცლით ჩვენ, კომისიის წევრები, რათა ახალი კონკურსი გამოვაცხადოთ...
თეა წულუკიანი

„საქართველოს ხელისუფლებას უთხრეს, რომ ისინი არ ახორციელებენ შესაბამის რეფორმებს და, რეალურად, საქართველოს ხელისუფლებას თავზე გადაახიეს ეს წარდგენები. ეს ძალიან მძიმე შედეგია“.

რომელიმე ქვეყნის მოსამართლეთა კანდიდატურების ასე მკაცრად დაწუნების ფაქტს ვერ იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ნინო კალანდაძე, რომელიც აცხადებს, რომ ეს უარი არის კონკრეტული მესიჯი არა კანდიდატების, არამედ სახელმწიფოს მიმართ:

„მესიჯი, რომ თქვენ მანდ რაღაცას სწორად არ აკეთებთ. ჩემი ვარაუდით, ძალიან მკვეთრად ჩანდა ამ კანდიდატების გამოკვეთილი პოლიტიკური ნიშანი“.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძეც სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველო იმ ქვეყანათა სიაში მოხვდა, რომელთა მიერ წარდგენილმა კანდიდატურებმა არ დააკმაყოფილა ევროსაბჭოს სტანდარტები. ეს ნიშნავს, ამბობს ანა დოლიძე, რომ შესარჩევი კონკურსი თავიდან უნდა ჩატარდეს. აქვე გავიხსენოთ, რომ ანა დოლიძე თავადაც მონაწილეობდა სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში და ხუთ ფინალისტს შორისაც მოხვდა.

„ეს არის ჭკუის სასწავლებელი და დასაფიქრებელი ამბავი მათთვის, ვინც ეს პროცესი წარმართა. ახლა გარკვეული ვადით ჩვენი ადგილი სასამართლოში დარჩება ვაკანტური, რადგან ჩვენს მოსამართლეს იქ იანვრის ბოლოს უთავდება ვადა. ახლა, სავარაუდოდ, უნდა გამოცხადდეს ახალი კონკურსი ვაკანსიის შესავსებად, რაც წაიღებს კიდევ მეტ დროს, ხალხის დროს“.

„ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე“ ზაზა ხატიაშვილი, რომელიც შესარჩევი კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო, დღეს აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი კანდიდატები მოსამართლის მაღალ სტანდარტებს თავიანთი მორალური კრიტერიუმებით არ შეესაბამებოდნენ. ხატიაშვილი მაშინ განსაკუთრებით აპროტესტებდა ევა გოცირიძის კანდიდატურას:

„ეს გავასაჩივრე კიდეც, აქციებიც ჩავატარე, ევროსაბჭოს მისაღებშიც კი დავჯექი მათი სურათებით ხელში, რომ არ დაენიშნათ ეს პირები. ევროსასამართლოს წინ აქცია ჩავატარე და ოქტომბერში ვთქვი, რომ სია დაიბლოკა. თუმცა მაშინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეს ამბავი უარყო. ფაქტია, რომ საქართველომ სირცხვილი ჭამა, რაც არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს არ დამართნია“.

საპარლამენტო უმრავლესობაში მოსამართლეების დაწუნების ფაქტს მარცხად არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება კანდიდატებს კიდევ ერთხელ წარადგენს ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე უკეთესი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა პროცედურებს ხელახლა გაივლის და ახალ კანდიდატურებს აპრილამდე წარადგენს. უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის გადაწყვეტილებაზე კანდიდატების კომპეტენციამ იმოქმედა:

„თუ იქნება ამ კუთხით რაიმე განცხადებები ან მინიშნება მაინც, ამ მინიშნების ქვეტექსტს აუცილებლად გავითვალისწინებთ. ვფიქრობ, უკვე ახალი პარლამეტის პირობებში მოგვიწევს ახალი კანდიდატურების წარდგენა“.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით კი, ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა იმისთვის, რომ სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს უკან დაბრუნებოდა. მისი თქმით, ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა საქართველოს ომბუდსმენმაც, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა არ დაეჭირათ მხარი ამ სიისთვის.

თეა წულუკიანის განცხადებით, ახალი სია, ალბათ, წლის განმავლობაში შედგება.

„ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ დავგეგმავთ მომავალ პროცედურას. დაველოდებით ევროსაბჭოსგან ოფიციალურ გადაწყვეტილებას და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, თუ როგორ მოიცლის მთავრობა, როგორ მოვიცლით ჩვენ, კომისიის წევრები, რათა ახალი კონკურსი გამოვაცხადოთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მოსამართლეობის კანდიდატთა სიის უკან დაბრუნების ფაქტს ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებლად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის, თქმით, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ყოველთვის ამბობდა, რომ კანდიდატების არჩევის პროცესი პოლიტიზებული იყო. ეკა გიგაურის შეფასებით, სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა კანდიდატების დაწუნების საფუძველი.

ანა ნაცვლიშვილი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სიის დაწუნების ცხადი მიზეზები მისთვის უცნობი იქნება მანამ, სანამ კომიტეტი ოფიციალურ ინფორმაციას არ გამოაქვეყნებს, თუმცა ცნობილია ის მიზეზები, რის გამოც მას შეუძლია უარი თქვას წარდგენილი კანდიდატების დამტკიცებაზე - ეს შესაძლოა იყოს ხარვეზებით წარმართული პროცედურა ან კანდიდატების კომპეტენცია. თუმცა შედეგი არც ანა ნაცვლიშვილისთვის, როგორც კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრისთვის, აღმოჩნდა მოულოდნელი და აი, რატომ:

„ეს არის არასასურველი, მაგრამ ლოგიკური პროცესი იმ შედეგისა, რომელიც, სამწუხაროდ, არ იყო გამართული, ჯანსაღი და მიუკერძოებელი. პროცედურა ნამდვილად პრობლემური იყო - ის, თუ როგორ წარმართა კომისიამ თავისი მუშაობა - და, მეორე, კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით არსებობდა კითხვის ნიშნები, იყო მწვავე კამათი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ როდესაც ადამიანის საქმიანი რეპუტაცია ამდენ კითხვის ნიშანს აჩენს, ეს ადამიანი ვერ არის მაღალი მორალური რეპუტაციის მქონე სტრასბურგის სასამართლოს მიზნებისათვის“.

არსებობს კიდევ ერთი პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი, განმარტავს საიას თავმჯდომარე: ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში ქვეყნის მიერ წარდგენილი მოსამართლე უნდა იყოს თავისი ქვეყნის ხელისუფლებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ის არ უნდა გახდეს თავისი ქვეყნის ლობისტი, ის უნდა იყოს ადამიანის უფლებათა დამცველი ევროსაბჭოს მასშტაბით. სწორედ ეს არის ქვეყნების მონაწილეობის პრინციპი, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლედ წარადგინოს პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრი.

ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის მისაღებად რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურს. პასუხის მიღების შემთხვევაში, ცხადია, ამ თემას დავუბრუნდებით და ჩვენი მომდევნო გადაცემებისა თუ ვებსაიტის მეშვეობით გაცნობებთ, რა გვითხრეს, რა მოგვწერეს.