ფაქტია, რომ ქართული ჟანრული ლიტერატურა თითქმის არ არსებობს, და თუ არსებობს, როგორც წესი, დაბალი დონისაა. თუმცა ზოგიერთ ჟანრში მაინც შეიძლება ოდნავ უფრო მეტი ნორმალური ავტორი და წიგნი მოიძებნოს. მაგალითად, მთელ მსოფლიოში ფენტეზის ბუმმა აქაურ ლიტერატურულ სივრცეზეც იმოქმედა და ამ მიმართულებით მუშაობის მსურველები ბოლო დროს საკმაოდ გამოჩნდნენ, ერთი კონკრეტული ძალისხმევა კი, კონკურსი „ინსომნია“ რამდენიმე წელია ჰორორში ავარჯიშებს ავტორებს. არის გაერთიანება „ფანტასტი“, რომელიც ამავე სახელწოდების ჟურნალსაც გამოსცემს, თუმცა ქართული რომანები სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში, ჯერჯერობით, მაინც არა ჩანს. საერთოდაც, „ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკას“ თუ დაგუგლავთ, ვიკიპედიაში ამ კატეგორიის ქვეშ მხოლოდ ექვს ნაწარმოებს იპოვით. აქედან უძველესი ნიმუშია 1930 წელს დაწერილი ალექსანდრე აბაშელის „ქალი სარკეში“. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ფაქტია ახალგაზრდა ავტორის, დათო სამნიაშვილის სადებიუტო რომანი „MOX“, რომელიც წელს გამოსცა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“. ცხადია, როცა დაუმუშავებელ ნიადაგზე იქმნება ნაწარმოები, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ავტორი, ასეთ ტექსტს თავისი მინუსები მოჰყვება და განსავითარებელმა ჟანრმა თავისი ენა და ადეკვატური ფორმები რომ უკეთ იპოვოს, ყოველი ასეთი ტექსტი ლუპით უნდა დათვალიერდეს. ამიტომ წიგნზე საუბარი ვთხოვეთ კრიტიკოს ნიკა აგლაძეს.
Your browser doesn’t support HTML5
ნიკა აგლაძე: საერთო ჯამში, არის რაღაც მნიშვნელოვანი და დადებითი ამ რომანში და აქვს ბევრი ნაკლი. ჩემი აზრით, პირველ რიგში, დადებითა, რომ რომანი წარმოადგენს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მცდელობას ქართულ ენაზე. ეს არაა ფენტეზი, როგორც ავტორი ნატო დავითაშვილი წერს, არამედ ნამდვილი სამეცნიერო ფანტასტიკაა მთელი ფიქტიური სამყაროებით, მომავალში გადატანილი მოქმედებით და ა.შ. მოკლედ, ძალიან საინტერესოა ამ მხრივ, მაგრამ, მეორე მხრივ, სწორედ ამასთან არის დაკავშირებული ის გარკვეული ხარვეზები, რაც შეიძლება რომანში ვნახოთ. გაშვებული შესაძლებლობების რომანია, იმიტომ რომ, როდესაც გარკვეულ ენაზე კულტურაში არ არის იმდენად ჩვეული ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა, ალბათ, ამ ჟანრში რაღაცის დაწერა გულისხმობს ენის შესაძლებლობების გაფართოების მცდელობას: აი, როგორ გამოვა ეს კონკრეტული ჟანრი ამ ენაზე. და, რა თქმა უნდა, ეს არის დადებითი და სასარგებლოა არამხოლოდ როგორც ერთი კონკრეტული ნაწარმოების ფარგლებში, არამედ, ზოგადად, კულტურული და ლიტერატურული პროცესისთვის. და, რაც მთავარია, ენობრივი სივრცისთვის ეს გაფართოვდება, განვითარდება, რაღაც გარკვეული ტერმინები შეიძლება გაჩნდეს. ახალ ხელოვნურ ენებსაც კი იგონებდნენ ფანტასტები იმისთვის, რომ დამაჯერებელი გაეხადათ ის სამყაროები, რომლებსაც ქმნიდნენ. აი, ამ მხრივ ვთვლი, რომ „მოქსში“ არის გარკვეული ხარვეზები, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ენა არის ზედმეტად სტანდარტიზებული და არ აკეთებს არანაირ მცდელობას ავტორი, რომ დამაჯერებელი, უფრო საინტერესო გახადოს ენობრივი სტრუქტურა. არადა, ამის საშუალება არსებობს, იმიტომ რომ, მოგვცა რაღაც წარმოსახვითი სამყარო მომავალში, თან იდეალური სამყაროების კრებულია ერთგვარი და შესაძლებელია განსხვავებული ენობრივი სტრუქტურა არსებობდეს ამ სამყაროებში.
„ჩვენ არა მხოლოდ შევძლებთ ბუნების შემოქმედების გაყალბებას, არამედ დარწმუნებული ვარ, ეს უკანასკნელი ჩვენგან სწორედ ამას მოელის“ – ამბობს შესავალში M13, რომანის პროტაგონისტი. მოქსი არის ადამიანების მიერ შექმნილი კიბერსივრცე, სადაც ადამიანები გადადიან, ვინაიდან დედამიწაზე ცხოვრება, მატერიალურ გარსში დარჩენა ძალიან სახიფათო ხდება. დათო სამნიაშვილი რომანს ორ ნაწილად ჰყოფს და ორ ტრანსფორმაციას გვიჩვენებს: ერთ-ერთ გავირტუალურებულ არსებას „ფანჯარა“ ეხსნება, ადამიანური ნიშნები თანდათანობით კვლავ იჩენს თავს მასში და მოქსიდან უკან, მატერიალურ სამყაროში ბრუნდება. ზოგადი მეხსიერება, რომელიც თავისი ადამიანური წარმომავლობის შესახებ მას მიცემული ჰქონდა, დაკონკრეტებას იწყებს და დაბალანსებული, იდილიური სამყაროდან, სადაც არაა ტკივილი, სიბერე და სიკვდილი, ამ ნიშნებით აღბეჭდილ სივრცეში გადასვლა M13-ისთვის არის გლობალური შოკი – როგორც მეტაფიზიკური, ასევე კულტურული და ფიზიოლოგიური. მეორე ნაწილში ისევ იხსნება „ფანჯარა“ და რომანის გმირი კვლავ მოქსშია ადამიანური გამოცდილებით და ცდილობს ბოლომდე გაერკვეს, თუ რა ფენომენია მოქსი, რისთვისაც სამყარო S20-ში მიდის, რომელიც ყველაზე მეტადაა ადამიანურ სამყაროს მიმსგავსებული. ეს ორი ნაწილი სამნიაშვილს გარეგნულად კარგად აქვს გაფორმებული: ის თავები, სადაც ციფრული M13 ადამიანურდება, ორობითი სისტემითა აქვს გადანომრილი, ხოლო თავები, სადაც გაადამიანურებული M13 კვლავ ციფრულდება, ათობითით.
მოვუსმინოთ კვლავ ნიკა აგლაძეს.
ნიკა აგლაძე: ეტყობა, ავტორი ძალიან გაიტაცა იმან, რისი თქმაც უნდა , რასაც, თავის მხრივ, აქვს გარკვეული ანალოგები თუნდაც „მატრიცას“ სახით, თუნდაც შეკლის მოთხრობების სახით, სადაც დემიურგი უკვეთავს თავის სამყაროებს და თამაშობს მერე ამითი, მაგრამ ამ იდეების განვითარებამ ავტორი ძალიან გაიტაცა და შედეგად მივიღეთ, რომ უგულებელყოფილი დარჩა პოეტიკის საკითხები. თხრობის ტემპი, ხშირ შემთხვევაში, არითმიულია და არ შეესაბამება იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება რომანში, ზოგჯერ კი ცოტათი მოსაწყენიც ხდება. ვთქვათ, სათაურის პოეტიკა: ჩემი აზრით, „მოქსი“ არც ისე კარგი სათაურია, იმიტომ რომ არ გულისხმობს იმთავითვე რაღაც საოცარი ინტერესის გაღვივებას, როდესაც ფანტასტიკური ნაწარმოებები არის მშვენიერი სათაურებით ცნობილი – აზიმოვიდან და სტრუგაცკებამდე – რომლებიც იმთავითვე ითრევს მკითხველს. „მოქსი“ რაღაც ისეთი, შედარებით ნეიტრალური სათაურია და დიდი-დიდი იმან დაგაინტერესოს, თუ რა არის ეს მოქსი.
მოქსი XXI საუკუნის მოაზროვნის, კარლ მოქსის იდეებზეა შექმნილი. თუ შეიძლება ასე ითქვას, კარლ მოქსი ტექნოკრატიის მეტაფიზიკოსია, ანუ ანტიკარლმარქსია – რამდენადაც მარქსი მატერიით ხსნიდა ყველაფერს და კაცობრიობის მომავალ წესრიგს ყველაფრის მატერიალიზებას უკავშირებდა, მოქსი პირიქით, დემატერიალიზებით ცდილობს მიაღწიოს იმავე შედეგს, საითკენაც მისი წინაპარი თუ პროტოტიპი მიისწრაფოდა, ანუ: დათო სამნიაშვილს კონცეფცია და სქემა კარგად აქვს გააზრებული და დალაგებული, რომანიც დინამიკურად იწყება და გითრევს, მაგრამ, თანდათანობით, ავტორს ალღო ღალატობს, ცდილობს ყველაფერი თეორიულად ბოლომდე ახსნას და გააფორმოს, რაც ტექსტს მოქნილობას უკარგავს და ამძიმებს. მოქსისეული სექსის აღწერა თუ ჭიქა წყლის აღქმა და შეგრძნება სხვადასხვა სივრცეებში, გაცილებით მეტს იძლევა, ვიდრე მთელი ეს გაწელილი დიალოგები და მსჯელობები. რატომ მოხდა ასე? მოვუსმინოთ ერთხელაც ნიკა აგლაძეს.
ნიკა აგლაძე: პირველ ნაწილში შედარებით მარტივია ასეთი თხრობა მწერლისთვის, იმიტომ რომ გმირის მხრიდან ხდება აღწერა იმ სამყაროსი, რომელშიც ის არის. აქ ავტორი უბრალოდ გადმოსცემს ნარატივის საკითხს, თავის იდეებს და ეს, ალბათ, შედარებით იოლია: ანუ მოიფიქრა მწერალმა, რა სამყარო უნდოდა, რომ შეექმნა და შემდეგ დააყენა ეს პერსონაჟი და აყოლებს, თუ რა სამყაროა და რა ეჭვები უჩნდება ამ სამყაროსთან დაკავშირებით. შემდეგ, როცა იწყება მოვლენები, იქ უკვე ენობრივად ვერ გაქაჩა ამ ყველა მოვლენის საინტერესოდ თხრობა. მაგალითები გვაქვს მსოფლიო ლიტერატურაში, სადაც აბსოლუტურად უინტერესო რაღაცები, მაგალითად, ტაროს კარტით მოყოლილი ისტორიები იტალო კალვინომ გადაჯვარედინებული ბედის სასახლეში აქცია განსაკუთრებულად საკითხავ რაღაცად. აქ კი პირიქითაა: სურვილი არის თითქოს, რომ ყველაფერზე იყოს ამომწურავი პასუხი, თან ერთი რაკურსით დანახული და ღრმად თეორიტიზირებული, თან ეს ხომ სამეცნიერო ნაშრომი არ არის, ფსევდოსამეცნიეროც არ არის, არამედ არის რომანი, რომელიც მე, მოკვდავმა მკითხველმა, რომელსაც დიდი და საოცარი ინტერესი ჟანრის მიმართაც არ გამაჩნია, მხოლოდ ძალით უნდა ჩავიკითხო და ეს ცოტა ძნელია.
ერთი სიტყვით, ძალიან მწირ ქართულ ფანტასტიკას ერთი ისეთი წიგნი მიემატა, რომელიც რაღაც პერსპექტივებს გვაჩვენებს და თავისი პლუს-მინუსებით კარგი გაკვეთილი შეიძლება იყოს სამომავლოდ, როგორც თავად დათო სამნიაშვილის, ასევე სხვა ავტორებისთვის, რომლებიც ამ ჟანრში ცდილობენ მუშაობას. დაბოლოს, სიუჟეტი მინდა დავასრულო ზაზა კოშკაძის სიტყვებით: „ამ წიგნის წაკითხვით ავტომატურად გავხდებით თანამედროვე ქართული ფანტასტიკის მხარდამჭერები და გამომცემლობების წამქეზებლები – დაბეჭდონ მეტი ქართული ფანტასტიკა, რაც ძალიან კეთილი საქმეა. კეთილი საქმე კი, თავის მხრივ ისაა, რისთვისაც ვიბადებით ადამიანები, სულერთია პიქსელების კრებული ვართ თუ „ძვლებით სავსე ტომარა“. მატრიცა ყველაფერს ხედავს“.