გარემოს დაბინძურებაზე სასჯელი 2015 წლის იანვრიდან მკაცრდება. ახალი კანონპროექტის თანახმად, გარემოს დაბინძურება ხასიათისა და კატეგორიის მიხედვით დაიყოფა. ყურადღება მიექცევა ასევე იმას, თუ ვინ აბინძურებს გაემოს - ფიზიკური თუ იურიდიული პირი.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა. საქმე ეხება „ნარჩენების მართვის კოდექსს“, რომელიც გარემოს დაბინძურებისათვის სასჯელს ამკაცრებს.
ახალი რეგულაციებით გარემოს დაბინძურება კატეგორიებად დაიყო.
„ჯარიმის მოცულობა განისაზღვრება იმით, თუ რამდენად სახიფათოა გადაყრილი ნარჩენი, რამდენად დიდია მისი მოცულობა და ვინ აბინძურებს გარემოს - ფიზიკური პირი თუ ორგანიზაცია“, ამბობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე.
კანონპროექტის მიხედვით, თუ ქუჩაში ნაგავს დაყრით, 80 ლარის გადახდა მოგიწევთ, ფანჯრიდან გადმოყრილი ნაგავი 100 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო თუ ტრანსპორტიდან გადმოყრით ნაგავს, ჯარიმა 120 ლარამდე იზრდება.
მაია ბითაძე ამბობს, რომ ეს ახალი სიტყვაა ქართულ კანონმდებლობაში და კოდექსი ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების გათვალისწინებით დაიწერა.
მე ამ კოდექსს ვუწოდე „სურვილების კოდექსი“. სურვილების დონეზე ბევრი რამ მისაღებია, თუმცა არანაირი გარანტია, რომ ეს კოდექსი პრაქტიკაში ამოქმედდება, არ არსებობს...გოგა ხაჩიძე
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტმა „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მეორე მოსმენით 8 დეკემბერს განიხილა. სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, გოგა ხაჩიძემ და კომიტეტის თვმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა იკამათეს.
გოგა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ ინიციატივა კარგია, თუმცა მას შესრულება არ უწერია:
„მე ამ კოდექსს ვუწოდე „სურვილების კოდექსი“. სურვილების დონეზე ბევრი რამ მისაღებია, თუმცა არანაირი გარანტია, რომ ეს კოდექსი პრაქტიკაში ამოქმედდება, არ არსებობს“.
როგორც დეპუტატი ამბობს, კანონპროექტში შესული არც ერთი პუნქტი ბოლომდე გააზრებული არ არის.
დღესდღეობით მაკონტროლებელი მარტო თბილისს ჰყავს. გარემოს დაცვის სამინისტროში გასულ წელს შეიქმნა ზედამხედველობის დეპარტამენტი. მათ მომავალი წლიდან დამატებითი შტატები და ინვენტარი ემატებათ...მაია ბითაძე
„რადგანაც კოდექსის პირველი ერთი ნაწილი 2015 წლის 15 იანვარს ამუშავდება, ხოლო ამოქმედების ყველაზე ბოლო ვადა, რომელიც კოდექსშია მითითებული, არის ერთი წელი, ერთი წლის შემდეგ ამ კოდექსის 80 პროცენტი იქნება მკვდრადშობილი ნორმა იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ არანაირი ფინანსური უზრუნველყოფა ან პროექტები არ არსებობს არც ბიუჯეტში, არც გარემოს დაცვის სამინისტროს რამე მონაცემებში“, ამბობს გოგა ხაჩიძე და დასძენს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა აღსრულების მექანიზმია. მისი აზრით, სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი რესურსი გააკონტროლოს გარემოს დანაგვიანება.
მაია ბითაძე ამბობს, რომ აღსრულებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებს:
„დღესდღეობით მაკონტროლებელი მარტო თბილისს ჰყავს. გარემოს დაცვის სამინისტროში გასულ წელს შეიქმნა ზედამხედველობის დეპარტამენტი. მათ მომავალი წლიდან დამატებითი შტატები და ინვენტარი ემატებათ, რაც დაეხმარებათ აღასრულონ დაკისრებული მოვალეობები“.
კანონის აღმსრულებელი ერთ-ერთი სამსახური არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილსერვის ჯგუფი“, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია. სამსახურის იურისტი დავით ჩარქსელიანი ამბობს, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ სამსახურს მეტი უფლებამოსილება ექნება:
„დღევანდელი კანონმდებლობით, თუ ადამიანმა დააბინძურა გარემო, მივდივართ, ვადგენთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტს და ვაჯარიმებთ. ეს არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან, რომ დაასუფთაოს გარემო, მაგრამ ამის აღსრულება უკვე ჩვენს უფლებებში არ შედის. ახალი კოდექსით კი, თუ დამრღვევი გარემოს არ დაასუფთავებს, ხელმეორედ დაჯარიმების საშუალება გვაქვს“.
„ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიხედვით, მუნიციპალიტეტებს დაევალებათ განსაზღვრონ ტერიტორიები, სადაც გარემოს ფეკალური მასებით დანაგვიანება აიკრძალება. როგორც მაია ბითაძე ამბობს, ეს ტერიტორიები ძირითადად ქალაქის ცენტრში იქნება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტი კანონპროექტს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გაიტანს.