გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2 არასრულწლოვანი დააკავეს. 15 და 16 წლის მოზარდები სოფელში ნათესავებთან იყვნენ ჩასულები. დილით პაპასთან ერთად ისინი სოფლის განაპირას საქონლის სამწყემსად წავიდნენ. აძვის მიმდებარე მინდვრებში მავთულხლართები გაბმული არ არის და ადგილობრივმა მოსახლეობამ არ იცის, საიდან იწყება ოკუპირებული ტერიტორიები. სოფელში ამბობენ, რომ მოზარდები სოფლის საზღვრებს არ გასცილებიან და რუსეთის მესაზღვრეები თავად იყვნენ შემოსულები აძვში. სოფელი აძვი ოკუპირებულ ზემო არცევს ესაზღვრება. თვითმხილველების თქმით, მოზარდები თავიდან სწორედ ზემო არცევში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. აძვში გამგებლის წარმომადგენელი დავით ტატიაშვილი რადიო თავისუფლებას ამ დაკავებასთან დაკავშირებული დეტალების შესახებ უამბობს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები 14 მაისსაც აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალისა და საკორინთლოს მცხოვრები 70 წლის როინ აბრამიშვილი და 35 წლის ალექსანდრე ჩომახიძე ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს სოკოს საკრეფად იყვნენ წასულები, რა დროსაც ისინი დააკავეს. ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, კიდევ ერთი მოქალაქე, იულონ დვალიშვილი, იქნა დაკავებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სამინისტრომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად უკვე აამოქმედა ცხელი ხაზი და ოსურ მხარესთან დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე, სოფელ ერგნეთში, ოსურმა მხარემ ქართული მხარე მოახლოებული ჯონჯოლისა და სოკოს კრეფის სეზონზე დაკავებების მუქარით გააფრთხილა და საქართველოს ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ადგილობრივ მოსახლეობასთან განმარტებითი სამუშაოების ჩატარება ურჩია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ, მოლაპარაკებების შედეგად, ბოლო დღეებში დაკავებულებს გაათავისუფლებენ.