ჯონჯოლის შემდეგ სოკოს სეზონი იწყება - რვა დაკავებული და ორი გათავისუფლებული

მავთულხლართები კონფლიქტის ზონაში. ზვიად მჭედლიშვილის ფოტო

დღეს ოსურმა მხარემ კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოსთან დაკავებული ვასილ სალამაძე და სოფელ ბერშუეთში მცხოვრები ხვიჩა გლურჯიძე გაათავისუფლა. ორივე, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გლურჯიძე ზნაურის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში დედის სანახავად მიდიოდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა. ჯერჯერობით ცხინვალის იზოლატორში რჩებიან ხაშურის რაიონის რამდენიმე სოფლიდან დაკავებული პირები, რომლებიც ოსური სოფლების სიახლოვეს ჯონჯოლს კრეფდნენ. რუსმა მესაზღვრეებმა თავიდან 9 პირი დააკავეს, მაგრამ ერთი არასრულწლოვანი მაშინვე გაათავისუფლეს, რომელმაც სოფელში ამბავი ჩაიტანა. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ დაკავებულები ოკუპირებულ მხარეს არც გადასულან და, პირიქით, მესაზღვრეები გადმოვიდნენ ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჯონჯოლის საკრეფად წასულ პირთა ჯგუფს რუსი მესაზღვრეები აკავებენ. ბოლო წლებში ყოველ გაზაფხულზე ასე ხდება. საჩხერისა და ხაშურის რაიონის მცხოვრებლები ხშირად რისკის ფასად გადადიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გაზაფხულზე ჯონჯოლი ბევრი ოჯახისთვის მთავარი შემოსავლის წყარო ხდება. რამდენიმე დღის წინ რუსებმა საჩხერის რაიონის სოფლების 20-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი დავით სუჯაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების დახმარებით და ცხელი ხაზის გამოყენებით, ოსურ მხარესთან, დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სუჯაშვილის ინფორმაციით, დეპარტამენტი, ადგილობრივი პოლიციისა და სოფლების რწმუნებულთა დახმარებით, მოსახლეობასთან იმერეთში, შიდა ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ჯონჯოლის შემდეგ სოკოს სეზონი დაიწყება და ახალ პროვოკაციას არ გამორიცხავს.

ადგილობრივი მოსახლეობა ხმამაღლა ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსი მესაზღვრეები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოდიან და მოქალაქეებს უკანონოდ აკავებენ, რისთვისაც მათ პრემიას აძლევენ და სამხედრო სამსახურიდან შვებულებითაც კი ახალისებენ. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ ადასტურებს, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ცხინვალის იზოლატორში მყოფ დაკავებულებს, ჯარიმის სახით, 2000 რუბლს ახდევინებენ და ამით დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტს ავსებენ.