ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ყველაზე დაძაბული შეხვედრა - ასე შეფასდა ის მხარეების წარმომადგენელთა მიერ. შეხვედრის მთავარი შედეგი ის არის, რომ მალე გაათავისუფლებენ სოფელ კნოლევის მკვიდრს ვაჟა თოთლაძეს, რომელიც ორი დღის წინ, ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით, საკუთარ ნაკვეთში აიყვანეს. შედგა ასევე შეთანხმება, რომ ხურვალეთსა და წითელუბანთან შექმნილ ვითარებას მხარეები დიალოგის გზით მოაგვარებენ: 10 ივლისს სოფლების ხურვალეთის, წითელუბნისა და ოკუპირებული ორჭოსანის ტერიტორიაზე რუსეთის მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერი აღმართეს, რასაც პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა ეს ბანერი ამოიღო და გადააგდო. ამის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დე ფაქტო ხელისუფლებამ შეიარაღებული ნიღბიანი პირები შეიყვანა, რამაც ვითარება დაძაბა, ბანერის ადგილზე აღმართული საქართველოს დროშა კი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს და ცხინვალში წაიღეს. მიუხედავად დაპირებისა, მათ ეს დროშა ქართული მხარისთვის არ გადაუციათ და აღნიშნეს, რომ დროშა, სხვა ნივთებთან ერთად, იმ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებაა, რომელიც ოსურმა მხარემ საზღვრის დარღვევისა და სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის აღძრა. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი ვითარების დაძაბვაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებს. მისი აზრით, პროვოკაციებს სათავე მოუმზადებელმა განცხადებამ დაუდო, თითქოს ბანერი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განთავსდა. გაგლოითის თქმით, ოსური მხარე, სინამდვილეში, საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედებდა და არსად გადასულა. გარდა ამისა, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუ პროვოკაციის მცდელობას კიდევ ექნება ადგილი, მესაზღვრეები ადეკვატურ პასუხს გასცემენ.
ვითარების განსამუხტავად ქართულმა მხარემ, გარდა იმისა, რომ საოკუპაციო ბანერების მონტაჟი გააპროტესტა, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზიდან შეიარაღებული ნიღბიანი პირების გაყვანა მოითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ენუქიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მომხრეა, ამიტომ ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს გადაადგილებისგან თავი უნდა შეიკავონ. ენუქიძეს დღეს პირდაპირ არ უპასუხია კითხვაზე, ოსურმა მხარემ გადმოსწია თუ არა ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. როგორც ცნობილია, 10 ივლისის შემდეგ ეს განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გაავრცელეს, რაც არ დაადასტურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. დღეს შსს-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ 2008 წლის შემდეგ პირველად შეიზღუდა ხურვალეთელებისა და წითელუბნელების საკუთარ ნაკვეთებში გადაადგილების უფლება.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ წითელუბნელებს და ხურვალეთელებს პრობლემები არ შეექმნებათ მოსავლის აღებისას. ოსური მხარე ამბობს, რომ ამისთვის, მოლაპარაკების შედეგად, დამატებითი მექანიზმიც შემუშავდება. საუბარი შეეხო ბაქო-სუფსის მილსადენის იმ მონაკვეთს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს მონაკვეთი დიდი ხანია მათი კონტროლის ქვეშ არის, მაგრამ აქამდე პრობლემა არ შექმნილა. შეხვედრის დასასრულს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში კიასტუტის იანკაუსკასმა. მისი თქმით, ახლა უმთავრესია უსაფრთხოება შენარჩუნდეს და სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ მოსავალი უპრობლემოდ აიღოს.
„ეს შეხვედრა დაეთმო უსაფრთხოების სიტუაციას ადგილზე. ჩემი მხრიდან, პირველ რიგში, მინდა მივესალმო იმ მზაობას, რომელიც ყველა მონაწილის მხრიდან გამოვლინდა - მიმართოს ამ ფორმატს, როცა ადგილი აქვს შემთხვევებს, უთანხოებას, რომელიც საჭიროებს დისკუსიასა და გადაჭრას. ეს სწორედ ის ფორმატია, რომელიც ამისთვის უნდა ამოქმედდეს. რაც შეეხება ბანერებს... ჩვენ არ განგვიხილავს ადგილთან დაკავშირებული რომელიმე კონკრეტული ინფორმაცია. უფრო მეტად კონცენტრირება მოვახდინეთ იმაზე, თუ როგორ შენარჩუნდეს მშვიდი და წყნარი სიტუაცია, როგორც ეს იყო რამდენიმე დღის, კვირის წინ. მინდა მივესალმო ყველა მონაწილის პასუხისმგებლობას, მზაობას, რომ მისდიოს ამ გზას. ასევე მისასლმებელია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ უფრო ინტენსიურად მოხდეს „ცხელი ხაზის“ გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში,რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მშვიდი ვითარების შენარჩუნებას“, განაცხადა კიასტუტის იანკაუსკასმა.
ივლისის ბოლოს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებულ პრობლემებზე მოლაპარაკება გაგრძელდება.