საქართველოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა იზრდება

ქუთაისი

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოდან წასული მიგრანტების ყველაზე დიდი წილი იმერეთზე მოდის. ორგანიზაციის ინფორმაციით, სხვადასხვა დროს მაღალი იყო საზღვარგარეთ წამსვლელი შრომისუნარიანი მოქალაქეების რაოდენობა და ამ რიცხვმა პიკს ბოლოს 2008 წელს მიაღწია.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის ნუგზარ კოხრეიძის ინფორმაციით, ბოლო წლებში ევროპის ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო შესამჩნევია საქართველოში დაბრუნების მსურველთა რიცხვის ზრდა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის ნუგზარ კოხრეიძისავე განცხადებით, მიგრაციის რეგულაციისა და იძულებითი მიგრაციის შედეგების აღმოფხვრისთვის ორგანიზაცია დახმარების პროგრამებს ახორციელებს. მათ შორისაა რეინტეგრაციული დახმარების პროგრამა, რომელიც საზღვარგარეთ 1 წელზე მეტი დროის განმავლობაში არალეგალურად მცხოვრები და საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებული მიგრანტებისთვის ხორციელდება და რომლითაც უკვე ასეულობით ადამიანმა ისარგებლა.

უმუშევრობას, მძიმე სოციალურ და კომუნალურ პირობებს ასახელებენ შრომისუნარიანი მოსახლეობისგან სოფლების დაცლის მიზეზად რადიო თავისუფლების რესპონდენტები, რომელთა თქმითაც, უკვე წლებია სოფლად მცხოვრებთა ნაწილი დიდ ქალაქებში, ნაწილი კი საზღვარგარეთაა წასული სამუშაოდ. საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულთა რაოდენობა თვალშისაცემია ქუთაისშიც, რომელიც, 2015 წლის საქსტატის მონაცემებით საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი აღარ არის. სამუშაო ადგილების სიმცირე ქალაქად მცხოვრები მოსახლეობისთვისაც პრობლემაა და, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ აპრილის თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად გამოკითხულთა 57 % სამუშაო ადგილებს ასახელებს და 30 % – სიღარიბეს. რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტებიც თავიანთი ნათესავების საზღვარგარეთ წასვლის მიზეზებად უმუშევრობას და შემოსავლის უქონლობას ასახელებენ.

დაუზუსტებელი მონაცემებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოდან წასული მიგრანტების რაოდენობა მილიონ-ნახევარია და მათგან 65 % ქალია, რომელთა ოჯახების შემოსავლის დიდ ნაწილს ქალების გზავნილები შეადგენს, ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის სახლის“ ხელმძღვანელი ლელა სებუა. ლელა სებუასავე განცხადებით, კვლევების მიხედვით, ქალების მიგრაციის ძირითადი მიზეზი მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობებია, მათი ფულადი გზავნილები კი აღემატება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას.

მიგრაციული პროცესების მართვის მოსაწესრიგებლად აუცილებელია მიგრაციის რეგულაციის გაუმჯობესება, რადგან იგი კომპლექსური პრობლემაა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ამბობენ მიგრაციის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები.