ოსურ მხარეს საქართველოს ნატოსთან დაახლოება აშინებს

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში ჩავიდნენ. ტრადიციულად, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ თანათავმჯდომარეები მხარეების წარმომადგენლებთან დღის წესრიგს ათანხმებენ ხოლმე. უცხოელი დიპლომატები ცხინვალში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურად ჯიოევს შეხვდნენ. ოსური მხარე ისევ დაჟინებით მოითხოვს საქართველოსთან იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმების ხელმოწერას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მურად ჯიოევმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან კომენტარში განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთს ყველაზე მეტად საქართველოს ნატოსთან დაახლოება აშინებს და მათთვის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

დიდი ხანია ამ საკითხზე მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ, ქართული დელეგაციის პოზიციაც ცნობილია, საქართველომ ცალმხრივად არაერთხელ აიღო საერთაშორისო ვალდებულება იმის შესახებ, რომ კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას ირჩევს და ასეთი ორმხრივი შეთანხმების გაფორმებას არაღიარებულ რესპუბლიკებთან არ აპირებს. ერთადერთი, ვისთანაც ასეთი ხელშეკრულების გაფორმება ქართულ მხარეს შესაძლებლად მიაჩნია, ესაა რუსეთის ფედერაცია. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ჯიოევის განცხადების პასუხად აცხადებს, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთაშორისო ვალდებულება არაერთხელ აიღო და ეს ბოლოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გააკეთა, ამიტომ ზაქარეიშვილი არაღიარებული რესპუბლიკების ხელისუფლების წარმომადგენლების ამ მოთხოვნას წყლის ნაყვას უწოდებს. რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს დაახლოებას და ამის გამო დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენელთა შეშფოთებას, სახელმწიფო მინისტრი მათ შეახსენებს, რომ ყველგან, სადაც ნატოა, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიები დაცულია. ზაქარეიშვილი ჯიოევის განცხადებას რუსული პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს. იგი ოსურ და აფხაზურ საზოგადოებას მოუწოდებს, კარგად გააანალიზონ ვითარება.

ცხინვალში ჟურნალისტებთან კომენტარი ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან ჰერბერტ ზალბერმაც გააკეთა. მისი აზრით, ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი რთული იქნება, რადგან მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. ზალბერის თქმით, დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს და თანათავმჯდომარეები კომპრომისულ ვარიანტს ეძებენ.

ცხინვალელ ჟურნალისტებს ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებებიც აინტერესებდათ. მათ ზალბერს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზეც ჰკითხეს, რაზეც დიპლომატმა უპასუხა, რომ თბილისში შეხვედრების დროს მას არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას ცვლის. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს დელეგაციას ჟენევის დისკუსიის ფორმატში ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ დავით ზალკალიანი დავით დონდუამ შეცვალა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით დონდუა, ჟენევის დისკუსიის მოლაპარაკებებში, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი, პირველად მიიღებს მონაწილეობას. ჟენევაში მხარეები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების, ასევე თბილისის და ცხინვალის ციხეებში მყოფი პატიმრების გაცვლის საკითხებზეც იმსჯელებენ. ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი 9-10 დეკემბერს გაიმართება.