ყოფილი პატიმრები ხშირად ჩივიან, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყება უჭირთ. ხშირ შემთხვევაში მათ აღარ აქვთ სახლი, ფული, აღარ ჰყავთ ოჯახი და მეგობრები, უჭირთ სამსახურის შოვნა და საზოგადოებაში ინტეგრაცია. ეს ყველაფერი კი, არცთუ იშვითად, მათ ისევ უბიძგებს ხელალახალი დანაშაულის ჩადენისა და უკან, ციხეში, დაბრუნებისაკენ. როგორია ის გზა, რომელსაც საქართველოში ყოფილი პატიმრები გადიან ციხიდან გამოსვლის შემდეგ და რას სთავაზობს მათ სახელმწიფო?
„წარმოიდგინეთ, ადამიანი გამოდის ციხიდან და მას არაფერი არა აქვს - არც გვერდში მდგომი, არც სამსახური, არც პროფესია. საიდან უნდა დაიწყოს მან, არაფრიდან, ხომ?! ამას ხომ ყველაფერს ხელშეწყობა სჭირდება? თავისთავად კომპლექსდება, ხომ?! თან, დღეს სულ ერთსა და იმავეს იძახიან: ამნისტიით გამოსული, ამნისტიით გამოსული... უკვე შენ თვითონაც მალავ, ნასამართლევი რომ ხარ, მით უმეტეს, როცა არაფერი პროფესია არ გაგაჩნია, ხალხი 20-30 წლიანი გამოცდილებით დარჩა უმუშევრად და შენ ვინ მიგიღებს სადმე?! ამ ყველაფერს გვერდში დგომა და დახმარება სჭირდება“, - ასეთი განწყობა ციხიდან ჩვენი სიუჟეტის გმირის, გიორგი ბერიძის, მსგავსად, არაერთ ყოფილ პატიმარს მოჰყვება.
გიორგიმ ციხე 2013 წელს იმ რამდენიმე ათას მსჯავრდებულთნ ერთად დატოვა, რომლებიც საყოველთაო ამნისტიის შედეგად გათავისუფლდნენ. დღეს გიორგი აფრიკის დასახლებაში დედასთან ერთად ცხოვრობს. ჯერჯერობით არსად მუშაობს. დედა ოჯახს გარე ვაჭრობით არჩენს. თავად გიორგი უკვე ერთი წელია, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, დანაშაულის პრევენციის ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამაშია ჩართული. იქ საკუთარი სურვილით მივიდა, რამდენიმე სპეციალობაც შეისწავლა და ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე დროებითი სამსახურიც ჰქონდა:
„კურსებიც დავამთავრე და აქ ბევრი რამე ვისწავლე, რაც საერთოდ არ ვიცოდი, მაგალითად, კომპიუტერის საერთოდ არაფერი გამეგებოდა. ელექტროშემდუღებლობა ვისწავლე, სამღებრო საქმეს ვსწავლობდი და იქაც ცოტა ხანს ვიმუშავე, რადგან სეზონური სამუშაო იყო. ახლა მართვის მოწმობა უნდა ავიღო, მართვა მასწავლეს... ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მაინც ის არის, რომ ეს კომპლექსი, რომ არავის აღარ უნდიხარ, ნაწილობრივ დავძლიე და იმაზე ფიქრსაც ვბედავ, რომ საზოგადოებაში ნორმალურად დაბრუნებაც შეიძლება“.
მაგრამ გიორგიმაც იცის, რომ ეს ინტეგრაციის პროცესის მხოლოდ დასაწყისია და საზოგადოებაში მისი სრულფასოვან წევრად დაბრუნებისათვის საკმარისი არ არის.
Your browser doesn’t support HTML5
რას ფიქრობენ ამაზე სახელმწიფო სტრუქტურებში და რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო ყოფილ პატიმრებს?
საქართველოში პატიმართა რეაბილიტაცია სამ საფეხურს მოიცავს. ციხის გარეთ ცხოვრებისათვის მათი მომზადება, პირველ რიგში, ციხეშივე უნდა დაიწყოს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, პირველი რგოლი სწორედ ციხეა, შემდეგი - პრობაციის ეროვნული ბიურო და მისი სერვისები, ბოლოს კი - დანაშაულის პრევენციის ცენტრი, რომლის პროგრამებით სარგებლობა ყოფილი პატიმრებისათვის ნებაყოფლობითია. რას სთავაზობს თითოეული ეს დაწესებულება პატიმრებს?
მე-12 დაწესებულების სოციალური განყოფილების უფროსი ნინო თოდაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბრალდებულებისათვის ციხეებში სარეაბილიტაციო პროგრამები, გარდა ნარკოდამოკიდებული ბრალდებულებისათვის განკუთვნილი მეტადონის პროგრამისა, ხელმისაწვდომი არ არის. სარეაბილიტაციო სერვისებს სთავაზობენ მხოლოდ მსჯავრდებულებს. დღეს მათთვის სხვადასხვა საპატიმროებში მოქმედებს პროგრამა, სახელწოდებით „მომზადება გათავისუფლებისთვის“, რომელიც სამთვიან კურსს მოიცავს:
ფსიქოსოციალური მიმართულება, ასევე გვაქვს დამოკიდებულების დაძლევაზე ორიენტირებული სარეაბილიტაციო პროგრამები, განათლებაზე, ჯანმრთელობა-რეკრეაციაზე და დასაქმების კუთხითაც ვცდილობთ, რომ გარკვეული უნარ-ჩვევებიც განვუვითაროთ...ნინო შატბერაშვილი
„ეს პროგრამა სამოქალაქო განათლების კომპონენტებს შეიცავს, ასევე - ძალისა და აგრესიის მართვის კომპონენტს. პრინციპში, მის ფარგლებში არსებული ქმედებები პასუხობს ამავე პროგრამის სახელწოდებას“.
ყოფილი პატიმრის რეაბილიტაციის პროცესი პრობაციის ბიუროს შესაბამის სამსახურებში გრძელდება. აქაც, როგორც პრობაციის ბიუროს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი ნინო შატბერაშვილი გვიხსნის, ამ პროცესს რამდენიმე მიმართულება აქვს:
„ფსიქოსოციალური მიმართულება, ასევე გვაქვს დამოკიდებულების დაძლევაზე ორიენტირებული სარეაბილიტაციო პროგრამები, განათლებაზე, ჯანმრთელობა-რეკრეაციაზე და დასაქმების კუთხითაც ვცდილობთ, რომ გარკვეული უნარ-ჩვევებიც განვუვითაროთ, რაც მას დაეხმარება იმაში, რომ შრომის ბაზარზე გაიკვლიოს თავისი გზა“.
ნინო შატბერაშვილი ამბობს, რომ არის წარმატებული შემთხვევებიც:
„მშობლები სოციალურ მუშაკებს ხშირად ემადლიერებიან ხოლმე, რომ ამ სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვით თანდათან იცვლება არასრულწლოვანების ქცევა, დამოკიდებულებები. ბევრ დედას უთქვამს, რომ უფრო მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ ან რომ შვილი ჭურჭლის დარეცხვაში ეხმარება და ა.შ. ანუ მათი ურთიერთობა ამ პროგრამების შედეგად უფრო გაიმართა“.
დღეს უფრო მეტი ადამიანი გვეკონტაქტება და მზადაა, რომ ყოფლი მსჯავრდებული თავის ორგანიზაციაში დაასაქმოს. თუმცა, ცხადია, პრობლემა ამით არ გვარდება...ალბერტ ბოგვერაძე
ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა, რომელსაც იუსტიციის სახლთან არსებული დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს, 2013 წლიდან მოქმედებს. სოციალური მუშაკი ალბერტ ბოგვერაძე იხსენებს, რომ თავიდან, როცა ამ პროგრამის ფარგლებში დამსაქმებლებთან მოსალაპარაკებლად მიდიოდნენ, არავის სურდა ყოფილი პატიმრების სამსახურში აყვანა. ეს სტიგმა - ნაციხრის სტატუსი - დღემდე მოქმედებს, ამბობს ალბერტ ბოგვერაძე, თუმცა დროთა განმავლობაში დამსაქმებლებს შორის გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მათ ენდო და პატიმრების ნაწილიც დაასაქმა:
„დღეს უფრო მეტი ადამიანი გვეკონტაქტება და მზადაა, რომ ყოფლი მსჯავრდებული თავის ორგანიზაციაში დაასაქმოს. თუმცა, ცხადია, პრობლემა ამით არ გვარდება. ეს არის ყინული, რომელიც ახლახან დაიძრა“.
ალბერტ ბოგვერაძის განცხადებით, მათი სამსახურის თანამშრომლები ყოფილ პატიმრებს აწვდიან ინფორმაციას იმ პროფესიების შესახებ, რომლებზეც მოთხოვნილებაა საქართველოს შრომის ბაზარზე და სწორედ ამ სურათის მიხედვით ამზადებენ კიდეც ბენეფიციარებს სხვადასხვა ვიწრო სპეციალობით. ალბერტ ბოგვერაძე გვიხსნის, რომ ცენტრში დასაქმების ხელშეწყობის რამდენიმე პროგრამა მუშაობს - მათ შორისაა მცირე გრანტების პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც გასულ წელს ხუთმა მსჯავრდებულმა 20 000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ცალკეა კიდევ სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყოფილ პატიმრებს მათი ინტერესების მიხედვით უტარდებათ ტრენინგები:
მე ჩემს პრაქტიკაში ამდენ პატიმარს ვხვდები და არ შემხვედრია არც ერთი ისეთი, ვისაც რაიმე დახმარება გაეწია ან ციხეში და ან მის გარეთ, მით უმეტეს, რომ თითქმის ყველას პირად სამედიცინო დოკუმენტაციაში უწერია, რომ აწუხებთ პიროვნული აშლილობა...ნესტან ლონდარიძე
„1200 ბენეფიციარიდან, ვინც ჩვენ მოგვმართა, ყველა აცხადებდა, რომ მათ სურდათ დასაქმება, თუმცა შეფასების შემდეგ გამოიკვეთა, რომ მათ არ გააჩნდათ შესაბამისი კვალიფიკაცია და შესაბამისი სამუშაო უნარ-ჩვვევები. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მათ გაიარონ ჩვენთან გარკვეული გადამზადების კურსები“.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თანამშრომელი, ადვოკატი ნესტან ლონდარიძე უკვე წლებია პატიმრების უფლებებს იცავს. მიუხედავად მის ხელში გავლილი არაერთი საქმისა, ნესტანი ვერ იხსენებს ვერც ერთ ისეთ პატიმარს, რომელმაც სახელმწიფოს მიერ მიწოდებული სერვისების შედეგად რეაბილიტაცია შეძლო, სამსახური იშოვა და საზოგადოებას დაუბრუნდა:
„მე ჩემს პრაქტიკაში ამდენ პატიმარს ვხვდები და არ შემხვედრია არც ერთი ისეთი, ვისაც რაიმე დახმარება გაეწია ან ციხეში და ან მის გარეთ, მით უმეტეს, რომ თითქმის ყველას პირად სამედიცინო დოკუმენტაციაში უწერია, რომ აწუხებთ პიროვნული აშლილობა. ჩვენთან საუბარშიც ამბობენ, რომ აქვთ დეპრესია და, რაც მთავარია, მათი უმრავლესობა არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ყველას ეშინია, რომ ვერ მოახერხებენ ხალხთან, ოჯახთან ურთიერთობას. ამიტომ არის საჭირო არა მხოლოდ მათი მომზადება გარეთ გამოსვლისათვის, არამედ მათი ოჯახების მომზადებაც“.
რა არის ის ძირითდი ბარიერები, რაც ყოფილ პატიმრებს ხვდებათ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ? ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება მათ კანონით არ გააჩნიათ, კერძო დამსაქმებელი მათი წარსულის გამო ყოფილი პატიმრების სამსახურში აყვანას ერიდება. ხშირად მათ ციხის გარეთ აღარც ოჯახი ჰყავთ და აღარც მეგობრები. შედეგად კი, რისკი იმისა, რომ ყოფილი პატიმარი ისევ უკან, ციხეში, მიბრუნდეს, საკმაოდ მაღალია:
„ძალიან ბევრს ჩვენთან საუბრისას ისიც უთქვამს, რომ სხვა გზა არ დარჩა, რომ იძულებულია ისევ იქურდოს და ასე გადაირჩინოს თავი“.
თუმცა გიორგი ბერიძე, მიუხედავად გაჭირვებისა და სტაბილური სამსახურის უქონლობისა, მაინც ფიქრობს, რომ გადარჩენა შესაძლებელია:
„დღეს იმას ვისწავლი, ხვალ სხვა რამეს და, საბოლოო ჯამში, რაღაც გამოჩნდება, სულ ასე ხომ არ იქნება? მთავარია, რაღაც პროფესიას დაეუფლო და საფუძვლიანად იცოდე ის, რასაც აკეთებ“...