ჩანაწერები კანის კინოფესტივალიდან (8)

ფესტივალის მიწურულს ნაჩვენები ფილმებით თუ ვიმსჯელებთ, კანში „თოჯინური კინოს“ მოდა მკვიდრდება. თანაც, საკმაოდ აგრესიულად. როგორც ჩანს, 65-ე კინოფესტივალი შემთხვევით არ გახსნილა ანდერსონის „სავსე მთვარის სამეფოთი“ - ბუტაფორული კომედიით. როდის იყო ეს? 16 მაისს. დედა, რა დრო გასულა!

მართლაც დიდი დრო გავიდა. კვირას ფესტივალის შედეგებსაც გავიგებთ. მაგრამ განცდა იმისა, რომ „ეს უკვე იყო“ პირადად მე მუდმივად მაქვს კანში. ამინდიც ასეთია - მზიან დღეებს ისევ ქარი და წვიმა მოჰყვა, ისევ ქოლგები და ისევ „თოჯინური კინო“.

არ ვიცი, რას უნდა დავაბრალოთ ეს? იქნებ მართლაც ეკონომიკურ კრიზისს? კინოს დაფინანსება მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამიტომ თუ ბერნარდო ბერტოლუჩი კამერულ ფილმს ერთ ინტერიერში იმიტომ იღებს, რომ ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული და ლუკინო ვისკონტის მსგავსად (როცა მაესტრომ „ოჯახის პორტრეტი ინტერიერში“ გადაიღო) იძულებულია სიცოცხლესა და სიკვდილზე, ახალგაზრდობასა და მოხუცებულობაზე, ამბოხებასა და შემგუებლობაზე ვიწრო სივრციდან, ამ შემთხვევაში რომის სარდაფიდან იქადაგოს, სხვები კრიზისიდან გამოსავალს „თოჯინურ კინოში“ ხედავენ - შეზღუდული სივრცე, რამდენიმე მოქმედი პირი და ისტორიის, უფრო სწორად, ცოცხალი ცხოვრების (შესაბამისად, ცოცხალი გმირების) კატასტროფული დეფიციტი ეკრანზე. ყველაფერი ეს გამოჩნდა არა მარტო ლეო კარაქსთან. ასეთი კინო აიტაცეს სხვებმაც - კორეელმა იმ სანსუმ საკონკურსო ფილმში „ფულის გემო“, დევიდ კრონენბერგმა „კოსმოპოლისში“, თავის ახალ ფილმში „კაპიტალიზმის აპოკალიფსის“ თემაზე... ბუტაფორია უკვე ტენდენციად იქცა!

„კოსმოპოლისის“ გმირი (რობერტ პატისონის შესრულებით), ახალგაზრდა მილიარდერია, რომელიც გადაწყვეტს, მიაკითხოს თავის დალაქს ნიუ-იორკის ერთ გარეუბანში. გზაში ის მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად პერსპექტიულია ჩინური ეკონომიკა, შორდება ცოლს და ასწრებს სექსს რამდენიმე ქალთან (მათ შორის არტ-დილერთან, ჟულიეტ ბინოშის შესრულებით), შემთხვევით ხვდება ანტიგლობალისტების დემონსტრაციაზე (ერთ სცენაში ტრანსპარანტიც გაიელვებს მარქსის ცოტატით „აჩრდილი დადის ევროპაში...“) და ბოლოს, კარგავს რა მთელ ქონებას, ელოდება, როდის მოკლავენ. თითქმის მთელი მოქმედება ხდება გიგანტურ ლიმუზინში (კიდევ ერთი დამთხვევა - ლეო კარაქსის ფილმის მთავარი სახეც ლიმუზინი იყო), რომელიც ხმას არ უშვებს და ამიტომ, კიდევ უფრო მეტ პირობითობას ანიჭებს ყველაფერს, რაც ეკრანზე ხდება. შეიძლება ითქვას, რომ დევიდ კრონენბერგი თავის ძველ სტილს დაუბრუნდა - ფანტასტიკურ გარემოს, გმირების არამოტივირებულ საქციელს, ანტიფსიქოლოგიზმს. თუმცა, კანადელი რეჟისორის ძველი ფილმებისგან განსხვავებით, ეს ყველაფერი ვერ სცილდება კამერული კინოს ფარგლებს... ეკონომიკურმა კრიზისმა დაამკვიდრა „თოჯინური კინო“, მაგრამ სანახაობრიობის გარეშე.

მე თუ მკითხავ, „ეკონომიკურმა კრიზისმა“, უბრალოდ, მოსაწყენი გახადა მსოფლიო კინოხელოვნება.

სხვათა შორის, თავად ამ ეკონომიკურ კრიზისს კანის ფესტივალის კონკურსში ჩართული რამდენიმე ფილმი მიეძღვნა. ენდრიუ დომინიკის „კაზინოს გაქურდვა“, რომელშიც ბრედ პიტი, ცოტა არ იყოს, იმიჯშეცვლილი მოგვევლინა, ერთი კარგად გაკეთებული თრილერია; თუმცა, პრეტენზიით კრიტიკულ რეალიზმზე. სურათის ავტორები ამტკიცებენ, რომ კრიზისმა ხელი შეუწყო ამერიკული საზოგადოების მორალურ დეგრადაციას...

კიდევ ერთი ამერიკული საკონკურსო ფილმი, რომლის მოქმედება, მართალია, 60-იან წლებში ხდება, მაგრამ მაინც იგრძნობა დღევანდელობის პრობლემები, არის ლი დანიელსის „გაზეთის ბიჭი“, ნიკოლ კიდმანის ბრწყინვალედ შესრულებული როლით. ეს სურათიც თრილერია, ოღონდ მხატვრულად ბევრად უფრო საინტერესო (ამბავს გვიამბობს შავკანიანი მოსამსახურე ქალი, რომელსაც, როგორც ფილმში ამბობენ „არა აქვს სათანადო განათლება“. ამიტომაც გვიამბობს „სხვანაირად“). ამბავი ჟურნალისტებზე, რომლებიც მოპოვებული სენსაციური მასალის მსხვერპლი ხდებიან, პირდაპირ ასოციაციებს ბადებს დღევანდელობასთან. ყოველ შემთხვევაში, ამერიკისთვის, სადაც ბოლო დროს გაზეთები იხურება და ყველაზე ცნობილ ბეჭდურ გამოცემებსაც კი ფინანსური პრობლემები აქვთ, „გაზეთის ბიჭი“ აქტუალურზე აქტუალურია.

ბეჭდურ გამოცემებზე გამახსენდა: ფესტივალი იწურება, ფრანგი კინოკრიტიკოსები კი ჯერაც ჯიუტად „ქაჩავენ“ თავიანთ ფილმებს. „ლე ფილმ ფრანსე“ - ფრანგული ჟურნალი, რომელიც კრიტიკოსების ვარსკვლავებს აქვეყნებს, ოდრიარის მელოდრამას მიიჩნევს საუკეთესოდ, „კაიეს“ კრიტიკოსები ლეო კარაქსის ფილმს, „ლიბერასიონის“ მიმომხალველები ალენ რენეს ანიჭებენ უპირატესობას... ფრანგი კრიტიკოსები მაქსიმალურად ცდილობენ, „ჩაძირონ“ ყველაზე რეიტინგული ფილმები - მუნჯიუს „გორაკებს მიღმა“ და ვინტერბერგის „ნადირობა“ - ჩემი აზრით, ფესტივალის საუკეთესო სურათები.

ამ მხრივ, „პატრიოტიზმს“ ვერ დავაბრალებთ რუს ჟურნალისტებს, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, დიდად აღფრთოვანებული არ არიან რუსულ-გერმანულ-ჰოლანდიურ-ბელორუსულ-ლატვიური საკონკურსო ფილმით - ბელორუსი სერგეი ლოზნიცას ახალი ნამუშევრით „ნისლში“, რომელიც ასევე ბელორუსი მწერლის, ვასილ ბიკოვის რომანის ეკრანიზაციაა. ლოზნიცას საბჭოთა კინოს „რეაბილიტაციის სურვილში“ ადანაშაულებენ, წერენ, რომ მან გადაიღო ფილმი „ომზე“ ისე, როგორც საბჭოთა რეჟისორები იღებდნენ. არ მესმის, როგორ უნდა გადაეღო აბა, თუკი ლოზნიცა იმ კინოხელოვნების პირდაპირი მემკვიდრეა და, რაც მთავარია, როგორ უნდა გადაეღო ფილმი მეორე მსოფლიო ომზე, ბელორუს პარტიზანებსა და ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ბელორუსიაზე ისე, რომ მაყურებელს ომზე გადაღებული საბჭოთა ფილმები არ გახსენებოდა?!

კადრი სერგეი ლოზნიცას ფილმიდან "ნისლში"


„თოჯუნური კინო“ გადაეღო? ბუტაფორული გარემოთი და „ბარბი-პერსონაჟებით“, რომელთაც უკვე აღარავინ სთხოვს მოტივირებულ ქცევას? იმ მოდას აყოლოდა, რომელსაც ნელ-ნელა ამკვიდრებს კანის საერთაშორისო კინოფესტივალი?

ჩემს მკითხველს (თუკი რუსულად კითხულობს) ვურჩევ, მოძებნოს ინტერნეტში ვასილ ბიკოვის ეს ნაწარმოები და წაიკითხოს. შესანიშნავი რომანია! ძალიან ცოცხალი ხასიათებით და ბიკოვისთვის დამახასიათებელი ანტიმორალისტური მორალიზმით. რას ნიშნავს „ანტიმორალისტური მორალიზმი“? ალბათ იმას, რომ ადამიანი ურთულესი სისტემაა, რომელსაც ვერ ჩაწვდა და, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ ჩაწვდება კაცობრიობა. რომანის და, შესაბამისად, ფილმის გმირს, წესიერ კაცს, ოჯახის მამას, მამაც პარტიზანს, მეგობრები ადანაშაულებენ ღალატში; იმაში, რომ მან პარტიზანები ნაცისტებთან გაყიდა და ამ უკანასკნელებმაც ამიტომ შეუნარჩუნეს სიცოცხლე. ყველა ფაქტი გმირის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. ამიტომ მისი უდანაშაულობისა ცოლსაც კი აღარ სჯერა. ახლა მეგობრებმა იგი უნდა დასაჯონ, როგორც მოღალატე.

ეს სქემა - უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც ბრალს სდებენ დანაშაულში - მეორდება კანის წლევანდელ ფესტივალზე ნაჩვენებ, თომას ვინტერბერგის „ნადირობაშიც“. გმირი სრულიად მარტო რჩება. ლოზნიცასა და ვინტერბერგის ამოცანაა, სურათის გმირს სოლიდარობა მაყურებელმა გამოუცხადოს! და ამას ორივე აღწევს. აღწევენ იმიტომ, რომ გვთავაზობენ არა ბუტაფორულ სამყაროს „ბარბი-გმირებით“, არამედ სიცოცხლეს, როგორც ურთულეს სისტემას, სადაც ადამიანის საქციელის ახსნა ზოგჯერ შეუძლებელია.

ასეთი არც ადამიანია მოსაწყენი, არც სიცოცხლე და არც კინო. კინო, რომელსაც წინასწარ ვერ განჭვრიტავ და ბოლომდე ვერ ახსნი.

ცოტაც და ყველაფერს შევიტყობთ. პირადად მე კანის 65-ე კინოფესტივალი ნანი მორეტის გამოცდაც მგონია. ფესტივალის შედეგები მისი შემოქმედების ერთ-ერთი „ფურცელი“ იქნება.