C ჰეპატიტის მკურნალობა შეუზღუდავად - რა მოსწონთ და რა არა პაციენტებს

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი

2016 წლის 10 ივნისიდან გაუქმდება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმები. ეს იმას ნიშნავს, რომ, ღვიძლის დაზიანების ხარისხის მიუხედავად, სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს და C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს უსასყიდლოდ მიიღებს C ჰეპატიტით დაავადებული ნებისმიერი ადამიანი. ეს განცხადება 6 ივნისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა და ისიც თქვა, რომ დღეს საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა 150 000 ადამიანს სჭირდება.

მას შემდეგ, რაც გასულ წელს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, მასში ჩართვა და უფასოდ მკურნალობა მხოლოდ მძიმე ავადმყოფებს შეეძლოთ. 10 ივნისიდან ეს შეზღუდვა მოიხსნება და წამლის მიღებას შეძლებს ყველა, ვისაც მკურნალობა ესაჭიროება:

„10 ივნისიდან პაციენტის ჩართულობის კრიტერიუმები აღარ იარსებებს - აქამდე პროგრამაში მხოლოდ მძიმე კლინიკურ მდგომარეობაში მყოფ პირებს შეეძლოთ ჩართვა, ახლა კი ყველას, ვისაც ამ მკურნალობის მიღება სჭირდება, შეფერხების გარეშე შეეძლება ამ პროგრამით სარგებლობა“.

ჯანდაცვის მინისტრმა 6 ივნისს ასევე განაცხადა, რომ თუკი აქამდე პაციენტის განაცხადის შეტანიდან მკურნალობის დაწყებამდე ორი თვე მაინც იყო საჭირო, ამ პროცესს უკვე მხოლოდ ორი კვირა დასჭირდება. მინისტრის განცხადებით, დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 9 000-ზე მეტი პაციენტია ჩართული. გაიზარდა წლიურად იმ პაციენტთა რაოდენობაც, ვინც მედიკამენტს უსასყიდლოდ მიიღებს:

„თუ ჩვენ წელიწადში მხოლოდ 20 000 პაციენტის სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების რაოდენობაზე ვიყავით მოლაპარაკებული, ეს რიცხვი 30 000-მდე გაიზარდა“.

რეკავენ ხოლმე ან მოდიან პაციენტები და უკმაყოფილებას გამოხატავენ - ამბობენ, სანამ არ მოვკვდებით, არ უნდა გვიმკურნალონო? რადგან მოლოდინი გაუჩნდათ, დიდხანს ამ რეჟიმში ყოფნა უწევთ. ზოგი უკვე ერთი წელია რიგში დგას და პროგრამაში ჩართვას ელის...
მანანა სოლოღაშვილი

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ გაიზარდა იმ გადამზადებული ექიმების რიცხვიც, ვინც პაციენტებისათვის დახმარების გაწევას შეძლებს და ამისათვის სპეციალურად ინფექციონისტების ჩართვა აღარ იქნება საჭირო. დავით სერგეენკომ საზოგადოებას კიდევ ერთი ახალი ამბავიც ამცნო: სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი საშუალოზე სამჯერ მაღალია, უახლოეს ხანებში დიდი მომსახურების ცენტრი აშენდება და რეგიონის მოსახლეობას ადგილებზე შეეძლებათ მკურნალობა.

„ზიანის შემცირების ქსელის“ წევრი ორგანიზაციის, „ჰეპა +“-ის (C ჰეპატიტით ინფიცირებულთა თვითორგანიზაცია), ხელმძღვანელი მანანა სოლოღაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ პროგრამას ჯერ სრულად არ მოუცავს პირველი ნაკადის პაციენტებიც და იმედს გამოთქვამს, რომ მეორე ეტაპი ყველას საჭიროებას დააკმაყოფილებს. თუმცა მანანა სოლოღაშვილი გვიზიარებს პაციენტების უკმაყოფილებასაც მკურნალობის დაწყების ხანგრძლივი მოლოდინის გამო. არის სხვა პრობლემებიც:

„რეკავენ ხოლმე ან მოდიან პაციენტები და უკმაყოფილებას გამოხატავენ - ამბობენ, სანამ არ მოვკვდებით, არ უნდა გვიმკურნალონო? რადგან მოლოდინი გაუჩნდათ, დიდხანს ამ რეჟიმში ყოფნა უწევთ. ზოგი უკვე ერთი წელია რიგში დგას და პროგრამაში ჩართვას ელის. გარდა ამისა, სხვა პრობლემაც არის - ამ მკურნალობას ახლავს გართულებები, გვერდითი მოვლენები, რაც სახელმწიფოს მხრიდან არ ფინანსდება. C ჰეპატიტით ინფიცირებულთა ეს კატეგორია, ნარკოდამოკიდებულებს ვგულისხმობ, გადახდისუნარიანობით დიდად არ გამოირჩევა და ამ გართულებების თვითდაფინანსება უჭირთ. მოკლედ, ბევრია კმაყოფილი, მაგრამ ბევრიც - უკმაყოფილო. ამას გარდა, პრობლემაა გეოგრაფიული მოცვაც. მაგალითად, გურიასა და კახეთში, ამ მხრივ, ყველაზე რთულადაა საქმე - პაციენტები სამკურნალოდ ან ქუთაისში უნდა ჩავიდნენ, ან თბილისში, რაც კიდევ ცალკე სირთულეებს უკავშირდება“.

რამდენიმე ათასმა პაციენტმა ამ პროგრამით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა ჩაიტარა, გვითხრა ელიმინაციის კომისიის წევრმა და აქტივისტმა პაატა საბელაშვილმა. მისი თქმით, იყო ხარვეზებიც - გეოგრაფიული არეალის მოცვის თუ დიაგნოსტიკის ჩასატარებლად საჭირო თანადაფინანსების მოთხოვნის კუთხით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამბობს პაატა, ელიმინაციის პროგრამამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. დღეს, როდესაც იწყება ახალი ეტაპი, მისი აზრით, საჭიროა იმ პოპულაციაზე სწორება, სადაც C ჰეპატიტის გავრცელების საფრთხე ძალიან მაღალია. მაგალითად, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები:

პაატა საბელაშვილი

„თუ ნარკოტიკის ინექციურ მომხმარებლებში პრიორიტეტულად არ მოხდება ამ რეზერვუარის ამოწურვა, მაშინ ქვეყნის მოსახლეობაში ამ დაავადების ელიმინაცია შეუძლებელი იქნება. დღეს, როდესაც ცარიელი, ნახმარი შპრიცის გამო ადამიანს ციხეში უშვებენ 8-9 წლით, როდესაც ადამიანებს ქუჩაში დასდევენ და ტესტირებებზე გადაჰყავთ, წარმოუდგენელია რამდენიმე ათეული ათასი ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლის გამოვლენა და მათი ამ პროგრამაში სამკურნალოდ ჩასმა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ თუკი სწორედ ამ პროგრამის დახმარებით არ მოხდება ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია ან, სულ ცოტა, პოლიტიკის ლიბერალიზაცია ისე, რომ ადამიანებს ნახმარი შპრიცის გადასაგდებად ნაგვის ურნებთან პოლიციელები აღარ ხვდებოდნენ, მაშინ ამ ინფექციის ელიმინაცია ვერ მოხდება, რადგან C ჰეპატიტის ვირუსს არ ესმის, რა არის ნარკოპოლიტიკა“.

პაატა საბელაშვილი გვიხსნის, რომ ამ ეტაპზე რთულია ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროგრამა და რომ ეს მის მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა, როგორც მისთვის არის ცნობილი, ამ ეტაპზე არსებობს ხუთწლიანი გეგმა, რომელიც შესაძლოა კიდევ გახანგრძლივდეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ C ჰეპატიტი ყოველწლიურად, დაახლოებით, 1.45 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. C ჰეპატიტით ქრონიკულად ინფიცირებულია 240 მილიონი ადამიანი. ყოველწლიურად, დაახლოებით, 780 000 ადამიანი იღუპება, აქედან 650 000 - ქრონიკული C ჰეპატიტის გართულებებით, ხოლო 130 000 - მწვავე C ჰეპატიტით. მსოფლიოში სულ ქრონიკული C ჰეპატიტი აღენიშნება 130-150 მილიონ ადამიანს, მასთან დაკავშირებული ღვიძლის გართულებებით კი ყოველწლიურად იღუპება 350 000-დან 500 000-მდე ადამიანი.