მსოფლიო ლიდერები გმობენ ბოსტონში მომხდარ აფეთქებას

აფეთქება ბოსტონში

მსოფლიო ლიდერები გმობენ ბოსტონის ყოველწლიური მარათონის მსვლელობის დროს მასაჩუსეტსის შტატში ორშაბათს მომხდარ სასიკვდილო აფეთქებას. აშშ-ის ქალაქ ბოსტონის პოლიციის ცნობით, სამი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაიჭრა ცნობილი „ბოსტონის მარათონის“ ფინიშის ხაზთან ახლოს მომხდარი ორი აფეთქების დროს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას აფეთქებების უკან, რომლის ტერაქტად მონათვლასაც ვაშინგტონი ჯერჯერობით არ ჩქარობს.

ბოსტონში მომხდარ აფეთქებებს ერთ-ერთი პირველი გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი გამოეხმაურა და მომხდარს „შემზარავი, უაზრო ძალადობა“ უწოდა:

„ვგმობ ამ უაზრო ძალადობას. რაც ყველაზე მეტად აღმაშფოთებელია, ძალადობა მოხდა ღონისძიებაზე, რომელიც სპორტული და ჰარმონიული სულისკვეთებით აერთიანებს ადამიანებს მთელი მსოფლიოდან“.

სამი დაიღუპა და ასობით დაიჭრა ცნობილი „ბოსტონის მარათონის“ ფინიშის ხაზთან ახლოს მომხდარი ორი აფეთქების დროს. ორშაბათს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა შტატგარეშე ფოტოგრაფი სერდარ ოზთურკი, რომელმაც ტელეკომპანია „ენბისისთან“ ასე გადმოსცა ნანახი:

ამ თვალსაზრისით ჩვენ ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე ვიმყოფებით, მაგრამ მსურს გავიმეორო: ჩვენ მოვძებნით ვინც ეს ჩაიდინა და პასუხს ვაგებინებთ...
ბარაკ ობამა
„ყველაზე უარესი ის არის, რომ ჯერ აფეთქდა ერთი ბომბი, შემდეგ კი მეორე და ის, რომ ასეთ დროს არ იცი, სად შეიძლება იყოს სხვა ბომბები, არ იცი, რა მიმართულებით გაიქცე. შეგიძლია გაიქცე ნებისმიერი მიმართულებით და მესამე ბომბი წამოგეწიოს. თუ ჯერ იყო ერთი და შემდეგ მეორე, მაშინ სავსებით შესაძლებელია, იყოს მესამეც და მეოთხეც“.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ტკივილს და ტანჯვას განიცდის ამგვარი ინციდენტების გამო“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარს „ბარბაროსული აქტი“ უწოდა და აშშ-ს რუსეთის მხარდაჭერა შესთავაზა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება, რომელსაც ვაშინგტონი ჯერ არ უწოდებს ტერორისტულ აქტს.

„ამ თვალსაზრისით ჩვენ ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე ვიმყოფებით, მაგრამ მსურს გავიმეორო: ჩვენ მოვძებნით ვინც ეს ჩაიდინა და პასუხს ვაგებინებთ,“- განაცხადა ბარაკ ობამამ და ბოსტონელებს „ერთად დგომისა და ერთმანეთის დახმარებისაკენ“ მოუწოდა.

რეპორტიორები ასევე იუწყებიან, რომ ბოსტონში აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს კიდევე ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის წარმომავლობაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ორშაბათს ბოსტონში გამართულ ყოველწლიურ მარათონში ათობით ქვეყნის 23 ათასი მორბენალი ღებულობდა მონაწილეობას. წლეულს გამართული მარათონი მიეძღვნა იმ 26 ადამიანის ხსოვნას, რომლებიც კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუთაუნში გასული წლის დეკემბერში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს დაიღუპნენ.