ტრამპი ანუ რეაქცია

რისი სახელია ტრამპი? პოლიტიკური რეაქციის. ოღონდ 21-ე საკუნის რეაქცია განსხვავდება მე-19 საუკუნის რეაქციისაგან, რომელსაც ევროპის ისტორიიდან ვიცნობთ. როგორც ყველაფერი დანარჩენი − იმპერია, ომი, ძალაუფლება, რევოლუცია − ეს რეაქციაც „ლაითია“. და, როგორც რეაქციის ყველა მონაკვეთი წარსულში, ისიც, სავარაუდოდ, დროში საკმაოდ შეზღუდული იქნება.

ერთი ციტატის გამოძიება

ჩემმა მეგობარმა სალომე ასათიანმა მომწერა, Rorty-ს ფილოსოფოსები ხომ ნამდვილად როგორც „რორტის“ თარგმნით ქართულადო. დავუდასტურე, თუმცა გამიკვირდა: რამ გაახსენა ტრამპის არჩევის მეორე დღეს ეს საკმაოდ დავიწყებული მოაზროვნე-მეთქი. პასუხი სალომესავე − როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო − გადაცემაში აღმოვაჩინე, როდესაც მან რორტიდან ციტატა წაიკითხა. ციტატის მიხედვით, მუშები ამერიკაში მალე აღმოაჩენენ, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს სამუშაო ადგილების მესამე სამყაროში გადატანის წინააღმდეგ, ხოლო საშუალო კლასი ისევ წინააღმდეგი იქნება, გადასახადების გაზრდის საშუალებით დაეხმაროს მათ, ვისაც უფრო უჭირს. ერთხელაც ისინი, ვინც არ ეკუთვნის საშუალო კლასს, აირჩევენ ბელადს, რომელიც მათ დაჰპირდება, რომ იბრძოლებს ელიტების წინააღმდეგ. ამის შემდეგ რასობრივი, ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობებისათვის მიღწეული ბევრი მონაპოვარი დაიკარგება, ხოლო ქალების დამცირება ისევ მოდაში შემოვა. ცხადია, ეს ბელადი ვერანაირ გაუმჯობესებას ვერ მიაღწევს, მაგრამ მოიტანს ნამდვილ კატასტროფას აშშ-სა და მსოფლიოსათვის. ამას რორტი ჯერ კიდევ 1998 წელს წერდა.

აქ უკვე უფრო სერიოზულად გამიკვირდა. საქმე ისაა, რომ რორტის სტუდენტობისას ინტენსიურად ვკითხულობდი და ღრმა სოციალურ-ეკონომიკური ანალიზისადმი მიდრეკილება მასთან არ აღმომიჩენია. გადმოვიღე მისი წიგნი „მივაღწიოთ ჩვენს ქვეყანას“ (ირონიული და საღ აზრზე დაფუძნებული მემარცხენე პროგრამა ამერიკისათვის ყოველგვარი თეორიული რადიკალიზმის გარეშე) და, მართლაც, ციტატა რორტის ეკუთვნის, ოღონდ ის სხვა ავტორის, ედვარდ ლუტვაკის ერთ-ერთი ნაშრომის შეჯამებას წარმოადგენს. ლუტვაკი ვიცოდი − მას დაწერილი აქვს ძალზე გონებამახვილური წიგნი „როგორ მოვაწყოთ სახელმწიფო გადატრიალება“ და, ასევე, რამდენიმე წიგნი იმპერიების დიდ სტრატეგიებზე. რაც არ ვიცოდი, ყოფილა ის, რომ თურმე 90-იანი წლების დასაწყისში გამოუქვეყნებია წიგნი იმაზე, თუ როგორ ემუქრება ამერიკის მომავალს ფაშიზმი.

თითქოს რა განსხვავებაა − გინდ რორტი ყოფილა, გინდ − ლუტვაკი, დიაგნოზი ხომ იგივეა. გამოდის, რომ ლუტვაკმა 1994 წელს იწინასწარმეტყველა ფაშიზმის აღზევება ამერიკაში, რომელსაც ოცი წლის შემდეგ კიდეც ვხედავთ. მაგრამ საქმე ისაა, რომ იმავე ლუტვაკს რამდენიმე თვის წინ დაუწერია სტატია, სადაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფს იმის შესაძლებლობას, რომ მისი ეს ადრინდელი ანალიზი ტრამპს მივუყენოთ. ამ სტატიაში ლუტვაკი დასცინის ტრამპოფობებს, ამბობს, რომ ტრამპი ჩვეულებრივი კონსერვატორი პრეზიდენტი იქნება და არანაირ განსაკუთრებულ ნაბიჯებს მისგან არ უნდა ველოდეთ. ლუტვაკი ტრამპს ადარებს რეიგანს, რომლისაც არჩევამდე ასევე ძალიან ეშინოდათ, რადგან ეგონათ, რომ ის ატომურ ომს დაიწყებდა.

ტრამპის ქცევა არჩევის შემდეგ თითქოს ლუტვაკის ჰიპოთეზას უფრო ადასტურებს, ვიდრე იმ პანიკის მართებულობას, რომელმაც მოიცვა მსოფლიოს მედია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. მაგრამ ნუ ვიქნებით ცინიკურები: პანიკას დღევანდელ მსოფლიო საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს.

რად გვჭირდება პანიკა?

თანამედროვე კლასიკოსის, ერმალო მაღრაძის ფილმს ჰქვია „აპოკალიფსი არ იქნება“. ამ ფილმის სათაური ზუსტად აღწერს დღევანდელი სამყაროს მდგომარეობას. დღევანდელი მსოფლიო სისტემა სტაბილურია სწორედ იმ პირობით, რომ ყველას მუდმივად აპოკალიფსის ეშინია. „დასასრული“ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა, რომელიც ინტელექტუალურ დისკურსში არსებობს, მოყოლებული მე-19 საუკუნიდან. ნიცშემ იწინასწარმეტყველა ღმერთის სიკვდილი და მას შემდეგ ფილოსოფია ათასნაირად ახდენს მისი სიტყვების ინტერპრეტაციას, რათა აგვიხსნას, რატომ არის, რომ ღმერთი, ამ სიტყვის ყველაზე ტრივიალური გაგებით, არ მოკვდა; მარქსმა იწინასწარმეტყველა კაპიტალიზმის სიკვდილი და მას შემდეგ დაინტერესებული სტუდენტები აგერ უკვე საუკუნე-ნახევარია, კაპიტალისტურ ქვეყნებში ქმნიან კითხვის წრეებს, რათა გაერკვნენ „კაპიტალის“ დიალექტიკაში; შპენგლერმა იწინასწარმეტყველა დასავლეთის მზის ჩასვენება სწორედ იმ საუკუნეში, რომელიც დასავლური ცივილიზაციის ყველაზე ფართო გავრცელებას მოესწრებოდა; ფუკომ იწინასწარმეტყველა ადამიანის, ხოლო ფუკუიამამ − ისტორიის დასასრული. ეს ყოველივე ვოლანდისთვის რომ მოგვეყოლა, გვეტყოდა, რა ხდება ამ თქვენს ლიბერალურ დემოკრატიებში, რასაც ხელს მოკიდებ, ყველაფერი დაგიმთავრდათო.

შეუძლებელია, ყველა ეს წინასწარმეტყველება, უბრალოდ, მცდარი იყოს. სინამდვილეში საქმე მათ ჭეშმარიტება-მცდარობაში კი არა, მათ ფუნქციაშია: ისინი ფუნქციონირებს, როგორც ცრუმორწმუნე ადამიანის ლაპარაკი ყველაზე არასასურველი მომავლის შესახებ, რათა ის არ ახდეს. სტრუქტურა დაახლოებით გასაგებია: საკმარისია, ადამიანთა ჯგუფმა დაიჯეროს, რომ მომავალი წინასწარაა განსაზღვრული, რომ ეს მომავალი იცვლება. როგორც კი წარმოსახვას ჰორიზონტი ჩაეკეტება, ჰორიზონტს რეალობა აღებს. როდესაც ადამიანის ცნობიერება უძლურია, დრო თვითონ ნახულობს გამოსავალს. მაგრამ ეს „თვითონ“ სინამდვილეში ფუნქციაა ადამიანური პანიკისა. აპოკალიფსი არ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოხდენის შესაძლებლობის ყველას სჯერა. აპოკალიფსური წარმოსახვა არის აზრის მონაწილეობის შესაძლებლობა სამყაროში (ცხადია, ეს მოდერნისტული პოზიციაა; ნამდვილი ტრადიციონალისტი იტყოდა, რომ აპოკალიფსი არ ხდება, რადგან ის უკვე მოხდა: მე-18 ან მე-15 საუკუნეში; ან, შესაძლოა, უფრო ადრეც, ძველ ბერძნებთან ან ძველ ინდოელებთან, რომლებმაც დასაბამისეული სიბრძნე დაივიწყეს). ატომური ომი არ მოხდა, რადგან − cum grano salis − მისი საშიშროების შესახებ ფილმები გადაიღეს კუბრიკმა, ბერგმანმა და ტარკოვსკიმ. დარწმუნებული ვარ, ბრიტანელებს რომ დაეჯერებინათ ბრექსიტის შესაძლებლობის, ხოლო ამერიკელებს − ტრამპის არჩევის რეალურობის, არც ერთი მოხდებოდა, და არც მეორე.

თანამედროვე სამყაროს ისტორია ოთხ საფეხურად

არ ვაპირებ ბევრ მარჩიელობას იმის თაობაზე, თუ როგორი პრეზიდენტი იქნება ტრამპი. არც ის მაინტერესებს მაინცდამაინც, როგორ მოიგო მან არჩევნები − მისი აღზევების ფენომენი მაშინაც საინტერესო იქნებოდა, პრეზიდენტად კლინტონი რომ აერჩიათ. თუმცა, ცხადია, მისი გამარჯვება ამ ფენომენს შეუდარებლად უფრო დიდ წონასა და მნიშვნელობას სძენს. ტრამპის გამარჯვების ფენომენი იმდენად მაინტერესებს, რამდენადაც ის გლობალური ტენდენციის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ამ გლობალური ტენდენციის ჩასახვა სწორედ ჩვენს რეგიონში მოხდა და ჩვენ მას ყველაზე მეტი ხანია ვაკვირდებით, შესაბამისად, მან მაინცდამაინც არ უნდა გაგვაკვირვოს. მაგრამ გვაკვირვებს, რადგან არ მოგვეპოვება მისი აღმნიშვნელი სახელი.

პირველი, რაც ტრამპის არჩევისას თვალში გვხვდება, არის მოულოდნელობა. ტრამპს არავინ ელოდა. ისევე, როგორც ბრექსიტს ბრიტანეთში, ლე პენის აღზევებას საფრანგეთში და პოლიტიკური ორგანიზაციის − „ალტერნატივა გერმანიისათვის“ − გაჩენას გერმანიაში. მოულოდნელობის მომენტია ის, რაც ამ მოვლენებს აერთიანებს.

რასაკვირველია, ვიცი, რომ ბრექსიტს, ლე პენს, ტრამპს, ორბანს უნგრეთში და კაჩინსკის პოლონეთში პოპულიზმს უკავშირებენ. პოპულიზმი − ესაა ლიდერის მიერ ელიტის თავზე გადახტომით პირდაპირ მასაზე გასვლა, რაც უმეტესწილად ავტორიტარული ტენდენციების მოჭარბებით მთავრდება. მაგრამ ეს არაა საკმარისი, სწორედ იმიტომ, რომ ტენდენცია ჩვენს რეგიონში, კერძოდ კი რუსეთში დაიწყო, რუსეთი კი სრულიადაც არაა პოპულისტური რეჟიმი. ტენდენციას, რომლის შესახებაც ვლაპარაკობ, პოლიტიკური რეაქცია ჰქვია. ევროპის ისტორიიდან, ალბათ, გვახსოვს − რეაქცია მუდმივად მოსდევდა რევოლუციას. რატომ?

დიდ ბრიტანელ სოციოლოგ ტ. ჰ. მარშალს რომ დავესესხოთ, მოქალაქეობის ისტორია დასავლეთში სამ საფეხურს მოიცავს: სამოქალაქოს, პოლიტიკურსა და სოციალურს. თითოეულის მიღწევას, ისტორიას თუ დავაკვირდებით, დაახლოებით ერთი საუკუნე სჭირდება. პირადად მე ამ სამს მეოთხესაც დავამატებდი: გლობალურს.

მოქალაქეობის სამოქალაქო ნაწილი მოიცავს გამოხატვის, აზრისა და რელიგიის თავისუფლების, ისევე როგორც კანონის წინაშე თანასწორობის აღიარებას; ამის მიღწევას, უხეშად რომ ვთქვათ, მე-18 საუკუნე დასჭირდა და დღეს ჩვენ მას ლიბერალიზმის სახელით მოვიხსენიებთ; ამისგან განსხვავებით, მე-19 საუკუნე შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ბრძოლა პოლიტიკური მონაწილეობის უფლებების დამკვიდრებისათვის − დღეს მოქალაქეობის ეს განზომილება ცნობილია, როგორც დემოკრატია; ხოლო მე-20 საუკუნე − როგორც სოციალური უფლებების აღიარების პროცესი, როცა განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის მინიმალური მოთხოვნები განიხილება, როგორც აუცილებელი პირობა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გამოყენებისათვის. თითოეულს ამ მიღწევათაგან მოჰყვებოდა მძაფრი პოლიტიკური რეაქცია, რომელიც ცდილობდა ახალგაჩენილი ღირებულებებისა და ინსტიტუტების განადგურებას. რეაქციის პერიოდი მე-19 საუკუნის ევროპაში ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. სხვათა შორის, საინტერესო ფაქტია, რომ იმდროინდელ ევროპულ არქიტექტონიკაში რეაქციის დამცველი სერიოზული ძალა სწორედ მეფის რუსეთი იყო.

21-ე საუკუნემ ამ ყოველივეს დაამატა გლობალური განზომილება - ამ სამი წყების უფლებების ერთიანობა გახდა მოდელი დანარჩენი სამყაროსთვის, მაგრამ ასევე დაიწყო მცდელობები მისი უფრო ფართო მასშტაბით განხორციელების მიმართულებით, ვიდრე ერი-სახელმწიფოს ჩარჩოებია (ევროკავშირის პროექტი). უკუდარტყმა აქაც ძალიან ძლიერი იყო, პირველ რიგში, იმ ქვეყნებში, რომლებისთვისაც მიუღებელია მოქალაქეობის ეს პირველი სამი განზომილება. ამ ანტიგლობალისტურ, ანტილიბერალურ ტენდენციას სათავე, როგორც ჩანს, რუსეთმა დაუდო ამ ათი წლის წინ. „სათავე დაუდო“ არ ნიშნავს „შექმნას“; ამ ტენდენციის ჩანასახი მანამდეც არსებობდა. უბრალოდ, რუსეთიდან დაიწყო გლობალური ტენდენცია, რომელმაც ჯერ აღმოსავლეთ ევროპაში იჩინა თავი, შემდეგ − დასავლეთ ევროპაში, ახლა კი აშშ-საც მიაღწია. ცხადია, ჯერ არ ვიცით, ტრამპი თანმიმდევრული რეაქციონერი იქნება, თუ ტრადიციულ კონსერვატიზმს დაყაბულდება. მაგრამ ტალღა, რომელმაც ის პრეზიდენტად მოიყვანა, ჩემი აზრით, რეაქციული იყო, ისევე როგორც ბრექსიტის, ან ლე პენის მხარდამჭერთა ტალღები.

აქ თავიდან უნდა ავიცილოთ ერთი ძირითადი გაუგებრობა: მოქალაქეობის ამ ოთხი საფეხურის კონცეფცია არანაირად არ გულისხმობს უწყვეტ პროგრესს. პირიქით. ჯერ ერთი, თითოეული საფეხურის გაჩენის შემდეგ რეაქცია, ანუ უკუდარტყმა, ძალიან მძაფრია, რაც იწვევს წყვეტებს; მეორე, თითოეული ახალი საფეხური აუცილებლად ურტყამს წინას. ჩვენ გვავიწყდება ხოლმე, რომ მე-19 საუკუნეში ლიბერალებს ეშინოდათ დემოკრატიის, გასულ საუკუნეში დემოკრატებს ეშინოდათ კეთილდღეობის სახელმწიფოსი, ხოლო ახლა კეთილდღეობის სახელმწიფოს მომხრეებს ეშინიათ გლობალიზაციის. როგორც დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი უაიტჰედი ამბობდა, ცივილიზაციის ყოველი სერიოზული მიღწევა თითქმის ანგრევს იმ საზოგადოებას, რომელშიც ეს მიღწევა ხდება. ამიტომ არანაირად არ უნდა ამოვიდეთ საფეხუროვანი პროგრესის იდეიდან, არამედ მთელი ეს პროცესი უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც მუდმივი კონფლიქტებისა და მრავალი ანტაგონიზმის შემცველი ზიგზაგი.

„ზიგზაგი“ − ეს იყო სიტყვა, რომლიც ობამამ შეაგება ტრამპის არჩევის ამბავს. ეს ძალიან ზუსტი სიტყვაა, რადგან ამ პროცესში ბოლომდე გაუგებარია, რომელია „ზიგ“ და რომელი − „ზაგ“: მსოფლიო ისტორიული ტენდენცია მიისწრაფვის გლობალური წესრიგისკენ, რომლის გზაზეც წყვეტებისა და გადახვევების მოწმენი ვხდებით, თუ პირიქით, ჩვენ წინაშეა ქაოსი, რომლის დასტაბილურება მოკლე დროით ხდება, რათა ყოველივე ისევ ამოსავალ წერტილს დაუბრუნდეს?

და, რაც ძალიან გვაინტერესებს, როგორია საქართველოს ადგილი ამ გლობალურ პროცესებში?

საქართველო

რეაქციის ტენდენცია საქართველოშიც იგრძნობა, ისევე როგორც მთელს რეგიონში. ოღონდ აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან კონსერვატიზმი და რეაქცია. როგორც ცნობილია, კონსერვატორი ისაა, ვისაც ინსტიტუტების შენარჩუნება უნდა, რეაქციონერს კი, პირიქით, ინსტიტუტების განადგურება სურს. ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ანუ იქ, სადაც ტრადიციები ათწლეულების და, ზოგჯერ, ასწლეულების განმავლობაში წყვეტას განიცდიდა, დამატებითი გამოწვევა გვაქვს, რადგან ამ ორი მოვლენის ერთმანეთისგან განსხვავება (რაც სხვაგანაც ჭირს) აქ კიდევ უფრო რთულია. ეს მოითხოვს დამატებით ენერგიასა და გამჭრიახობას, რაც საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება.

ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც საქართველოში გვაქვს, პანიკის არასაკმარისი ინსტიტუციონალიზაციაა. ჩვენ ვერ ვახერხებთ, ისე გვეშინოდეს აპოკალიფსის, რომ ყოველთვის ავიცილოთ ხოლმე ის თავიდან. რომ არა ჩვენი ტემპერამენტისეული ოპტიმიზმი, 90-იანი წლების დასაწყისის მრავალი კატასტროფა შეიძლება არც მომხდარიყო. სწორედ ეს არის ჩვენი ინტელექტუალური კლასის მნიშვნელოვანი ჩავარდნა. გარდა ამისა, გვჭირდება ინსტიტუტები, რომლებიც იღებენ პანიკის ამ სიგნალებს. მედია, სამოქალაქო სექტორი, აკადემიური სივრცე − აქაც მიმდინარეობს პროცესები, რომლებმაც შეიძლება სულაც არ შეუწყოს ხელი ადაპტაციას. მაგალითისათვის, დღეს არასამთავრობო სექტორიდან, რომელსაც ბევრი აკრიტიკებდა, როგორც ფართო მასების ინტერესებს მოწყვეტილ სფეროს, სიმძიმე გადადის ინდივიდუალურ აქტივისტებზე, რომელთა შესაძლებლობებიც ბევრად უფრო შეზღუდულია, ვიდრე ორგანიზაციებისა. კონსენსუსისა და კომპეტენციის პრობლემა ელიტებს შიგნით ტრადიციული გამოწვევაა, რომელსაც ჯერჯერობით ვერაფერი ეშველა. მომატებული აპოკალიფსიზმი ვერაფერს გააწყობს, თუ არ იქნა მისი იმ სიგნალების შთანთქმის მექანიზმები, რომლებიც ყოველთვის ინსტიტუციურია.

და, ცხადია, საჭიროა თვითრეფლექსია. მაგალითად, იმაზე, რატომ გახდა ლიბერალიზმი იმ რწმენის აღმნიშვნელი, რომ „ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება და, თანაც, თავისით“. რომელმა ლიბერალმა თქვა ეს? ჰაიეკმა, რომელიც იმაზე საუბრობდა, რომ ლიბერალური ტრადიცია ადამიანის ინსტინქტურ სწრაფვებს ეწინააღმდეგება და კულტურული (ანუ, არა ბუნებრივი) წარმომავლობისაა? თუ ისაია ბერლინმა, რომლის მიხედვითაც ლიბერალური ფილოსოფია ფუნდამენტური ღირებულებების ტრაგიკულ და გადაულახავ კონფლიქტს გულისხმობს? იმის შენარჩუნება, რაც არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი. როდესაც ამ ძალისხმევას პრიმიტიული კლიშეები და ზედაპირული ოპტიმიზმი ჩაანაცვლებს, რეალობა ორივეს უსაფუძვლობას გვიჩვენებს. რადგან სწორედ ამაშია ჩვენი თავისუფლების გარანტია − ის მყარს არაფერს ეფუძნება. სიხარულიც და შიშიც მოდიან ერთი და იმავე წყაროდან, რომელიც ჩვენ შიგნით ფუნდამენტურ განუსაზღვრელობაზე მიუთითებს. არაფერ გაყინულსა და გაშეშებულს არ უწერია მარადისობა, რაც უნდა კეთილი განზრახვით გავყინოთ და გავაშეშოთ ის. მოძრაობა და მარტო მოძრაობა.