„ეს სალმან რუშდი კარგი მწერალია, ხომ არ იცით? მეორე რომანის წაკითხვას ვცდილობ და ვერ გავიგე, რა უნდა და რა აწუხებს“, – დავწერე ამას წინათ ფეისბუქზე, რადგანაც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ „ლიტერატურული ოდისეის“ სერიით შარშან დაბეჭდილ მის რომანს „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამეს“ ვკითხულობდი, თითქმის ასი გვერდი ჩავამთავრე და მის ესთეტიკას ალღო ვერ ავუღე. და წამოვიდა მაშინვე შეფასებებიც, დიამეტრულად ურთიერთსაწინააღმდეგო. „სალმან რუშდი რომ არსებობს, ასეთ სამყაროში სხვები წერას, საერთოდ, როგორ ბედავენ“ – წერდა ერთი, მაშინ როცა, მეორე კატეგორიულად აცხადებდა: „არ არის მწერალი“. ზოგიერთი შეეცადა ავტორის ბუნება აეხსნა, რაც ასეთ კარდინალურად განსხვავებულ დამოკიდებულებას იწვევდა. მაგალითად, ლელა სამნიაშვილმა მითხრა: „ეტყობა, მეტისმეტად ევროპელი ხარ. მისტიკაა, სარკაზმი და ისტორიის დეკონსტრუქცია. აზიელის გაუცხოებაა აზიასთან“. ყველა, ძირითადად, იმაში თანხდებოდა, რომ „შუაღამის შვილებია“ საუკეთესო წიგნი და მის წაკითხვას მირჩევდნენ. თანხმდებოდნენ იმაშიც, რომ ეს რომანი ქართულად ძალიან ცუდადაა ნათარგმნი. ლევან ბერძენიშვილის აზრით, „თუ „შუაღამის შვილები“ იმსახურებს შეფასება 10-ს, დანარჩენები („სირცხვილის“ გარდა) 5-ზე ზემოთ ვერ ადიან. ყველაზე სუსტი კი ის აიების წიგნია, რისთვისაც აიათოლამ ფატვა გამოუცხო“. მალხაზ ხარბედიამაც დაიწუნა „სატანური ლექსები“: „ფატვა რის გამოც იყო, ის რომანი ვერ არის. ბოლომდე ჩავედი თავის დროზე, ტანჯვით. არადა, ველოდი, რომ შედევრი იქნებოდა, ისე კარგად იწყება“. ერთი სიტყვით, რამდენიმე დღე რუშდის ფენომენის აწონ-დაწონა მიდიოდა ჩემს გვერდზე, ამასობაში კი მეც ჩემი აზრი ჩამომიყალიბდა. „წავიდა მერე თანდათან რომანი, დაიქოქა „უცნაურობათა ხანიდან“ მოყოლებული. თუმცა, ამ რომანშიც ცხადად ჩანს, რატომაა ასეთი გაორებული დამოკიდებულება ამ მწერლისადმი“. – აი, ასეთი იყო ჩემი მოკლე შეფასება. დღეს კი მოდით, შევეცადოთ, უკეთ გავერკვეთ ამ ავტორის ხელწერაში და კონკრეტულად, თუ რა ხდება რომანში „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“, ამაში კი მთარგმნელი სალომე ბენიძე დაგვეხმარება. აქვე ვიტყვი, რომ ყველა, ვისაც უკვე წაკითხული ჰქონდა ეს წიგნი, აღნიშნავდა მთარგმნელის მაღალ ოსტატობას და მეც იმავე აზრის გახლავართ. ამის მაჩვენებელია ისიც, რომ სალომე ბენიძე 2017 წლის „საბას“ კონკურსში თარგმანის ნომინაციის შორტ-ლისტში მოხვდა. მოვუსმინოთ მას.
Your browser doesn’t support HTML5
სალომე ბენიძე: ქართულ გამოცემას რაღაცნაირი გარეკანი აქვს: ძალიან ჭრელი და მრავალგანზომილებიანი. მე მგონია, რომ ძალიან უხდება ეს გარეკანი იმ სტრუქტურას და შიგთავსს, რაც არის თვითონ ნაწარმოებში. ეს არის ბევრი ამბავი, როგორც ახასიათებს რუშდის ზოგადად, ბევრი ამბავი, რომელიც არის გადახლართული ერთმანეთთან და თან ამ დროს გაბნეული დროში, სივრცეში, დედამიწის სხვადასხვა წერტილში, არსებულ და არარსებულ სამყაროში და ა.შ. ერთი მხრივ, შეიძლება იყოს ზღაპარი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზღაპრებში უნდა ვეძებოთ ფესვები ამ წიგნის, იმიტომ რომ, ორი წელი, რვა თვე და 28 ღამე, ჯამში, არის 1001 ღამე, საიდანაც ამოზრდილია, ასე ვთქვათ, ხერხემალი ამ ნაწარმოების. ამავდროულად, ეს არის თანამედროვე იგავ-არაკი, სადაც უამრავი რამ ხდება. მეტაფორულად უამრავი რამ არის, გადატანითი მნიშვნელობით ვხვდებით უამრავ პერსონაჟს და ადამიანს, ვისაც შეიძლება სხვა ნაწარმოებებიდან, ფილმებიდან, ტელევიზიიდან ვიცნობდეთ. რუშდის ზოგადად უყვარს პოპ-კულტურა, უყვარს კომიქსები, უყვარს ბესტსელერები, ამიტომ ხშირად გადაწვდება ხოლმე ჰარი პოტერს, X-man-ს და ასე შემდეგ.
ანუ, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ესაა „მაგიური რეალიზმის“ აღმოსავლური ვარიანტი და, გამომდინარე იქიდან, რომ „მაგიური რეალიზმი“, როგორც ლიტერატურული ფენომენი, სულ სხვა ტიპის კულტურამ ჩამოაყალიბა და დაამკვიდრა ჩვენში, სალმან რუშდის, თითქოსდა, იმავე ჟანრში დაწერილი, მაგრამ ამავე დროს მეტისმეტად უცნაური ტექსტი, თავდაპირველად, ერთგვარ მიუღებლობას იწვევს. პირველივე გვერდებიდან აღმოვჩნდებით აღმოსავლური ზღაპრის ნაცნობ ატმოსფეროში, მაგრამ როდესაც ამ სამყაროს სხვა სამყაროებთან გადაჯაჭვა და აზელვა იწყება, ავტორის ეს მანიპულაციები ნაძალადევის შთაბეჭდილებას ტოვებს. თავისდაუნებურად სამხრეთამერიკელებს ადარებ და ისინი უფრო ლაღები, ბუნებრივები და სათქმელით დატვირთულები გეჩვენება. ამიტომაც იყო, ის კითხვა რომ გამიჩნდა, რომელმაც ვერ მომასვენა და ხმამაღლა ამოვთქვი. თუმცა რუშდი თხრობის ცენტრში, თანდათან, ჯინების ბრძოლას აყენებს და წიგნის ხასიათი იკვეთება. ეს ბრძოლა წარმოსდგება როგორც რაციონალურის და ირაციონალურის, მეცნიერების და რწმენის დაპირისპირება, როგორც ორი დიდი მოაზროვნის – ფილოსოფოს იბნ რუშდის და ღვთისმეტყველ ღაზალის პოლემიკა. მეთორმეტე საუკუნეში დაწყებულ კამათს ისინი 21-ე საუკუნეში აგრძელებენ. ჯინები მათ მტვრად ქცეულ ნეშტებს ლაპარაკის უნარს უბრუნებენ, რაც საკმარისია იმისათვის, რომ მათ ძალაც დაუბრუნდეთ და ბრძანებებიც გასცენ, როგორც მხედართმთავრებმა. ეს სატირულ-გროტესკული იგავი, ძირითადად, ნიუ-იორკში ვითარდება, სადაც „უცნაურობათა ხანა“ იწყება და კეთილი და ბოროტი ჯინები ერთმანეთთან კონფლიქტში შედიან და გამომდინარე აქედან, შედიან კონფლიქტში ადამიანებთანაც ან მათ დამცველებად გვევლინებიან. აქ იშლება პერსონაჟთა ძალიან ფართო სპექტრი, რომელთა დათვლაც კი, ალბათ, ძალიან ძნელია, რომლებიც ხან ქრებიან, ხან კვლავ ჩნდებიან, თუმცა მთელ ამ ორომტრიალში და პანიკისმომგვრელ უცნაურობებში მაინც იკვეთება მთავარი ხაზი, რასაც ბოლომდე მიჰყვება ავტორი. ესაა მებაღე ჯერონიმო, რომლიც „თან არის და თან არ არის“ მეთორმეტე საუკუნის ფილოსოფოსი იბნ რუშდი და რომელიც ნელ-ნელა დედამიწასთან დაშორებას იწყებს. მებაღეა და მიწას შორდება, ჰაერში ეკიდება. ეს ერთ-ერთი რიგითი უცნაურობაა მათ შორის, რაც ნიუ-იორკელებს ატყდებათ თავს.
და რატომ ნიუ-იორკი? რატომ ეს მუსულმანური სამყაროდან მოსული ჯინები, რომლებიც მეხს ატეხენ ქალაქს თავზე? რამდენად სკანდალური და პროვოკაციული ტექსტი დაწერა სალმან რუშდიმ ამჯერად? მოვუსმინოთ კვლავ სალომე ბენიძეს.
სალომე ბენიძე: მე მგონია, რომ თავისი წილი ფატვა მიიღო უკვე და ეყოფა. სიმართლე რომ გითხრათ, მეჩვენება, რომ ეს უკვე ცოტა დაღლილი ავტორის დაწერილი ტექსტია, ეს არ არის, ალბათ, ისეთი ცეცხლით და შემართებით დაწერილი ტექსტი, არის მისი ადრინდელი რომანები. მაგალითად, „შუაღამის შვილები“, „სატანური ლექსები“ ანუ „ეშმაკეული აიები“, როგორც ქართულ თარგმანშია. ეს არის სხვა ტიპის ტექსტი. გარკვეულწილად, ზოგჯერ მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მონანიე ადამიანის დაწერილიც კი არის, იმიტომ რომ, ზოგან ისეთი ნოსტალგია იგრძნობა ინდოეთის, მისი მშობლიური ქალაქის, ბომბეის, რომ, რაღაცნაირად, მართლა ცოტათი გულსატკენი და გულსაწყვეტიც არის ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ ამ წიგნში დიდად გასაბრაზებელი არაფერი დაუწერია, თუ ძალიან არ ჩაუღრმავდებიან და ძალიან არ ჩაეკირკიტებიან, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ბევრ საჭირბოროტო საკითხს ეხება, დაწყებული მსოფლიო პოლიტიკიდან ეკონომიკური სისტემებით გაგრძელებული. ასევე ბევრგან ეხება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ქალთა პრობლემებს და საკითხებსაც და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ ის არის რუშდი და, რა თქმა უნდა, ის განყენებულად აბსოლუტურად ვერასდროს ვერ წერს.
ანუ რუშდი კაცობრიობის ყველაზე მტკივნეულ საკითხებს ეხება და ეს პრობლემატიკა რომ გაამძაფროს, ადამიანები ჯინებთან შეხებაში მოჰყავს, მათ სამყაროს, ფერისტანსა და დედამიწას შორის კარს ხსნის. ჯინების ბუნებას, მათ თვისებებს აღწერს და იმ კონტრასტებით, რაც ადამიანებს და ჯინებს შორის თავს იჩენს, ცდილობს ადამიანები სრულიად განსხვავებული რაკურსიდან დახატოს. ამაზე მეტის თქმა, ალბათ, აქ უკვე შეუძლებელია. დანარჩენი უნდა წაიკითხოთ ან ვერ წაიკითხოთ. ამაზე ხომ უკვე შევთანხმდით, რომ ძალიან თავისებური მწერალია სალმან რუშდი და მისეული სარკასტული მუტაციები მაგიურ-მისტიკურ-ჯადოსნურისა რეალურთან რა რეაქციას დაბადებს თქვენში, ამის განსაზღვრა რთულია. თუმცა ის კი ცხადია, რომ ასეთი ტიპის წიგნის თარგმნა ძალიან რთული იქნებოდა. ბოლო კითხვაც სალომე ბენიძეს იმაზე დავუსვი, თუ როგორ მიდიოდა ეს პროცესი.
სალომე ბენიძე: არასოდეს არაფერში ჩემს ცხოვრებში ამხელა შრომა არ ჩამიდია, რაც ჩავდე ამ წიგნში. მართლა ძალიან რთული ტექსტია. რუშდის წინადადებების წყობა არ არის ნამდვილად მარტივი, მისი მეტაფორული აზროვნება არ არის მარტივი და გარდა ამისა, ჩემთვის მისიას ართულებდა ისიც, რომ ის ჩემი საყვარელი მწერალია და შესაბამისად, ყოველთვის დამატებითი პასუხისმგებლობაა, როდესაც შენი საყვარელი მწერლის ტექსტს ეჭიდები. ემოციურად, ჩემთვის საკმაოდ რთული წიგნი იყო, არ ვიცი, შეიძლება რაღაცნაირად დაემთხვა რთულ პერიოდს ჩემს ცხოვრებაში. რომ ვფიქრობ მუშაობის პროცესზე, ჩემი თავი მახსენდება, პირველ რიგში, შესვენებების პერიოდში კედელზე მიკრული ხერხემლით, იმიტომ, რომ ასე ვისვენებდი. ჯოჯოხეთური შრომა იყო ეს წიგნი ჩემთვის და მიხარია, რომ ცუდი შეფასებები არ მოჰყოლია და ეს, მართლა, ძალიან მნიშვნელოვანია რამაა ჩემთვის.