ჯოზეფ კონრადის ჩაძირული სიყვარული

„პოლონური წარმოშობის ინგლისელი მწერალი, ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი. თავისუფლად ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და რუსულ ენებს. მიიჩნევა ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ რომანისტად“ - აი, სულ ეს წერია ქართულ ვიკიპედიაში ჯოზეფ კონრადზე. მართალია, ქართული ვიკიპედია თავს ვერანაირად ვერ მოიწონებს, მაგრამ ეს ორად ორი ფრაზა ამ ავტორზე მე მაინც სიმპტომატური მეჩვენა. ჯოზეფ კონრადს შეიძლება საქართველოში ვიღაც კითხულობს და უყვარს, მაგრამ ასეთი ადამიანები უმცირესობაში არიან.

Your browser doesn’t support HTML5

ჯოზეფ კონრადის ჩაძირული სიყვარული

ლიტერატურის მოყვარულთა პოლემიკაში ეს სახელი თითქმის არ კრთება ხოლმე და ვინმემ მასზე სიტყვაც რომ ჩამოაგდოს, მეეჭვება, კამპანია მას საუბარში აჰყვეს. ისევ კაფკაზე, ბორხესსა თუ ფოლკნერზე ლაპარაკს არჩევენ. ქართულად ნათარგმნიც ცოტაა ჯოზეფ კონრადისა და შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი ობიექტური მიზეზი, მაგრამ რაღაც უფრო არსებითიც უნდა იმალებოდეს ყოველივე ამაში. აგერ მეც, არც კი ვიცი რამდენია ხანია, გონებაში სულ მონიშნული მყავდა ეს მწერალი, სულ მინდოდა წამეკითხა, გამერკვია, თუ რა ფენომენია იგი და თითქმის დღემდე რატომღაც ვერ მივაღწიე ამ ავტორამდე, სულ მუდამ გვერდზე მრჩებოდა. და გამომცემლობა „დიოგენემ“ ამას წინათ შვიდიოდე ახლად გამოცემული წიგნი რომ გამომიგზავნა და მათ შორის კონრადის მცირე რომანი აღმოვაჩინე, ჩემს თავს ვუთხარი, დააყენე საშველი და ამითი დაიწყე, შოთა-მეთქი. 1910-1911 წლებში დაწერილი „შვიდი კუნძულის ფრეია“ ირმა ტაველიძემ თარგმნა ინგლისურიდან და პატარა წინათქმაც დაურთო, სათაურით „ერთგულება“, სადაც თავის დიდ სიყვარულს გვიმჟღავნებს ჯოზეფ კონრადისადმი. საუბარიც ჯერ ზოგადად დავიწყეთ მწერალზე და მერე გადავედით კონტრეტულად ამ რომანზე.

ირმა ტაველიძე: ალბათ, ჯოზეფ კონრადის გაცნობა ამ წიგნით არ უნდა დაიწყოს მკითხველმა, იმიტომ რომ ეს წიგნი საკმაოდ განსხვავებულია მისი სხვა წიგნებისგან. აქ კონრადი თავის თავს ჰგავს და თან არც ჰგავს. ჯოზეფ კონრადი ისეთი მწერალია, ვისი წიგნებიც ითხოვს ხელახლა წაკითხვას. ერთხელ წაკითხვა არასდროს არის საკმარისი. და ეს არ არის იმ სახის სათავგადასავლო ლიტერატურა, რომელიც მკითხველს შეუქმნის შორეულ ქვეყნებში მოგზაურობის ილუზიას ან მხოლოდ ცნობისმოყვარეობას დაუკმაყოფილებს. მწერალს მიჰყვები მართლაც წარმოუდგენელ ადგილებში და ადრე თუ გვიან აღმოაჩენ, რომ ეს არის მოგზაურობა საკუთარ თავში, საკუთარი არსების ყველაზე, ყველაზე შეუცნობელ მხარეში. ალბათ, ამიტომაც ვკითხულობდი და ვკითხულობდი "წყვდიადის გულს". ყველა მკითხველს ვურჩევ მისი გაცნობა დაიწყოს „ლორდი ჯიმით" და „წყვდიადის გულით". მერე მოთხრობები: "ტაიფუნი" და სხვ. თითოეულ ჯერზე ეს ფსკერამდე ჩასვლა, ჩაღრმავება არის ძალიან საინტერესო. რაღაც ისეთს მოიხელთებ, რაც სრულიად ახალია, წარმოუდგენელია და არის ახალი სიმართლე სამყაროს შესახებ, საკუთარი თავის შესახებ. ჯოზეფ კონრადს განასხვავებს კიდევ ის, რომ თითოეულ ჯერზე, როცა ვკითხულობ, მგონია, რომ ეს ჩემზეა, ცოტათი შემზარავიც კია, იმდენად კარგად გიცნობს შენ მწერალი, ისეთ სიღრმეებს ხედავს.

ირმა ტაველიძე

არასწორად დამიწყია ამ მწერლის გაცნობა, მაგრამ სხვა რა გზაა, რაც დავინახე და ვიგრძენი, იმაზე უნდა ვილაპარაკო. ეს რა წავიკითხე, ეს რა აღმოვაჩინე-მეთქი, ვერ ვიტყვი, არ გადავრეულვარ, თუმცა ის განცდა კი გამიჩინა, რომ რაღაც ისეთს ვკითხულობდი, რისი განწყობაც ღრმად დავიწყებული მქონდა და თავიდან ამომიტივტივდა. ასეთ წიგნებს, მგონი, უკვე აღარც კითხულობენ. მოზარდებს უკვე თავიანთი ფენტეზი აქვთ და იმ თვალისმომჭრელ სამყაროს მიჩვეულებისთვის, ალბათ, ეს სამყარო ნამეტანი მარტივი და მოსაწყენი იქნება. გაიზრდებიან და „სერიოზული ლიტერატურის“ კითხვას დაიწყებენ და ასეთი პროზა „საყმაწვილოსა“ და „სერიოზულს“ შორის ჩაიძირება. არადა, როგორი თვალისმომჭრელია იგი, ფენტეზის ხელოვნური თვალისმომჭრელობისაგან სრულიად განსხვავებული, ბუნებრივი. რომ ვკითხულობდი, ბავშვობასა და მოზარდობაში წაკითხული ბევრი წიგნი მახსენდებოდა, გამიელვებდა გონებაში. შეიძლება ეს გარეგნული ეფექტის გამო იყო, იმ გარემოს გამო, სადაც ხდება მოქმედება, და იმ პერსონაჟების გამო, რომლებიც რაღაცნაირად სულ გეცნობა. ამ გარეგნული ეფექტის მიღმა, ალბათ, მართლა ბევრი განსხვავებაა და კონრადი, უბრალოდ, „სათავგადასავლო პროზის“ ყალიბს იყენებს, რათა შიგ საკუთარი ამბები დაატრიალოს, მაგრამ ამ პირველი შეხებისას ეს ყალიბიც და მისი გახსენებაც ძალიან ძვირფასი და ბევრ რამეზე დამაფიქრებელი იყო ჩემთვის. მოვუსმინოთ კვლავ ირმა ტაველიძეს.

ირმა ტაველიძე: ერთი მხრივ, აქ ისევ ის არის, რაც ჯოზეფ კონრადის სხვა წიგნებში: შორეული ზღვები, მოგზაურობა, მეზღვაურები, ადამიანური ვნებები, მორალური კოდექსი... გმირები, რომლებიც ძალიან მყარად დგანან მიწაზე. და სამყარო რომ დაინგრეს, ერთ დღეს რომ ყველაფერი ამოტრიალდეს, ისინი მაინც ისე მოიქცევიან, როგორც საკუთარი სინდისის ხმა ჰკარნახობთ... და ეს ძალიან მომწონდა. ყოველთვის მომწონდა - მყარი ღირებულებები კონრადთან. მეორე მხრივ, ეს არის სიყვარულის ისტორია, ძალიან რომანტიკული. არ ელოდები ამ კაცისგან, რომ დიდ სიყვარულზე დაწერს. არ არსებობს კაცი, რომელიც დაავიწყებდა ფრეიას შეყვარებულისთვის მიცემულ პირობას და არ არსებობს ქალი, რომელზეც ჯესპერ ალენი გაცვლიდა ამ ოქროსფერთმებიან დანიელ გოგოს. ასეთი ამბები, მგონია, რომ ყოველთვის მოსწონს მკითხველს და ყოველთვის მომხიბლავია. შეიძლება ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა.

არ მოგიყვებით აქ, რა სასიყვარულო ისტორია თამაშდება რომანში, თუმცა ერთს მაინც ვიტყვი. აღმოსავლეთის არქიპელაგის წყლებში არსებული „შვიდი კუნძულის“ ჯგუფის მზეთუნახავ ფრეიას და სავაჭრო ბრიგ „ბონიტოს“ კაპიტნის, ჯესპერ ალენის, სასიყვარულო ურთიერთობას კრავს და ბოლოს ანგრევს სწორედ ეს ბრიგი, ავტორის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ზღვის დაბინდული მარგალიტი ან სულაც ხელოვნების მიგდებული ნიმუში“, რომელსაც ჯესპერ ალენი ისე ეპყრობა, როგორც გულისსწორს, ასეთი მოპყრობა კი ბრიგს კიდევ უფრო ამშვენებს და ბრწყინვალებით ავსებს. და ჯესპერ ალენის გულშიც ბრიგისა და ფრეიას მიმართ გაჩენილი გრძნობები ერთმანეთს ერწყმის. ქალ-ვაჟის საიდუმლო გეგმებიც აქ იჯაჭვება: მათ „ბონიტოზე“ უნდა იცხოვრონ, იქ უნდა იყვნენ ბედნიერები, თავისუფლები. მათი სიყვარული ერთადერთ ადგილას შეიძლება შედგეს და ეს ადგილი ბრიგია. და როცა ბრიგი რიფს ეჯახება, ჯესპერ ალენი უკვე ვეღარ ხედავს, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს მათი სიყვარული. მას ეჩვენება, რომ სიყვარულს აღარ იმსახურებს, რადგან მას კვარცხლბეკს ვეღარ სთავაზობს. ის ყოველდღე მიდის და უყურებს, როგორ იძარცვება, პარტახდება და თანდათანობით „გემის ჩონჩხის ნაცრისფერ მოჩვენებას“ როგორ ემსგავსება მისი „დაბინდული მარგალიტი“ და, შესაბამისად, როგორ უიმედოდ კვდება მისი სიყვარულიც. რა არის ეს? სიყვარულის მატერიალიზაცია, რომელიც დამღუპველია? ამ სიმბოლური სახეებით რაზე გველაპარაკება კონრადი? მოვუსმინოთ ერთხელაც ირმა ტაველიძეს.

ირმა ტაველიძე: მგონი, ეს ჩვეულებრივი მიჯაჭვულობების ამბავია, რაც ხდება და რაც თან ახლავს ხოლმე ყველა სასიყვარულო ისტორიას. ყველა რაღაცაზე ვართ მიჯაჭვული და ყოველთვის რაღაც გვიშლის ხელს ნაბიჯის გადადგმაში. რაც ძალიან მომწონს ამ წიგნში, არის ის, რომ თითოეულ გმირს აქვს თავისი სიმართლე. ვერ იტყვი, რომ ის მართალი არ არის, თუ მისი თვალით შეხედავთ. რაციონალური გონება ბოლომდეა ტექსტში. ეს არ არის ამაღლებული სიყვარულის, ისეთი სიყვარულის ამბავი, რომელიც სადღაც გაგიტაცებს და მიწას მოგწყვეტს. დიდი სიყვარულია, მაგრამ ეს გმირები მყარად დგანან მიწაზე. შეიძლება ჩემს ისტორიას რაღაცით ეხმიანებოდა ან გმირთან იდენტიფიკაცია ადვილი იყო ჩემთვის. ანუ ეს არ არის ისეთი სათავგადასავლო წიგნი, რომელსაც მოზარდობისას კითხულობ და შემდეგ ვეღარ წაიკითხავ. აი, ვთქვათ, როგორიც ჟიულ ვერნია, რომელიც ძალიან მიყვარდა, როცა 13-14 წლის ვიყავი, მაგრამ შარშან ვეღარაფრით წავიკითხე. აუცილებლობა აღარ იყო წაკითხვის. ერთხელ წაიკითხავ და საკმარისია, ჯოზეფ კონარდი კი ითხოვს ბევრჯერ წაკითხვას, დროს