გამომცემლობა „ინტელექტმა“ წელს სოსო მეშველიანის ახალი წიგნი - „ქუნარეშ“ - გამოსცა. ეს მისი მესამე კრებულია, მაგრამ, წინა ორისგან განსხვავებით, ამჯერად - პროზაული. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია სოსო ინტენსიურად, მრავალფეროვნად მუშაობს პოეზიაში და 2014 წელს გამოცემული „მიჟლაჰარის“ შემდეგ, სავარაუდოდ, ახალი პოეტური კრებულისთვისაც ექნებოდა უკვე დაგროვილი მასალა, მან მაინც გადაწყვიტა ამ ჯერზე სხვა ამპლუაში წარმდგარიყო მკითხველის წინაშე. წიგნში 26 მცირე ზომის ტექსტია შესული: ზოგი წმინდა წყლის მინიატურაა, ზოგიერთს რამდენიმეგვერდიანი მოთხრობის სახე აქვს, თავისი სიუჟეტური განვითარებით და კვანძის გახსნით თუ ფინალით, არის ჩანახატების ტიპის ტექსტებიც, ხოლო ერთ-ერთ მათგანს „დეკემბრის დღიურებიდან“ ჰქვია და მასში სამი ერთმანეთთან დაუკავშირებელი ჩანაწერია შესული. თუმცა, მიუხედავად ამ, თითქოსდა, გარეგნული სხვაობებისა, ვერ ვიტყვით, რომ სოსო მეშველიანი ფორმათა სიჭრელეს ესწრაფვის და ამით ცდილობს მკითხველი მოხიბლოს. მთავარი მისთვის სულ სხვა რამაა და ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, მაშინვე მიხვდება, თუ რამ განაპირობა ის, რომ პოეტს გაუჩნდა მოთხოვნილება თუ აუცილებლობა, ლირიკის ფორმებს მიღმა გამოეთქვა თავისი სათქმელი. ყოველივე ამაზე საუბარი პოეტსა და მთარგმნელს, გიორგი ლობჟანიძეს, ვთხოვე.
Your browser doesn’t support HTML5
გიორგი ლობჟანიძე: სოსო მეშველიანი, ალბათ, ათი წლის წინ გავიცანი. მაშინ ვმუშაობდი ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" პოეზიის განყოფილების გამგედ და ერთხელაც, როცა მივედი სამსახურში, მითხრეს, ერთი ბიჭი იყო მოსული, ახალგაზრდა პოეტი, და ლექსები დაგიტოვაო. იმდენი ახალგაზრდა პოეტი ტოვებდა ლექსებს, რომ დიდი ხალისით არ შევხვედრივარ ამ ინფორმაციას, თუმცა, ცხადია, წავიკითხე ეს ლექსები და ეს იყო ის შემთხვევა, როცა ამ ათასი პოეტიდან მართლა ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, რომ ეს კაცი აუცილებლად უნდა გამეცნო... რამაც ლექსებში მომხიბლა, პირველყოფილი გულწრფელობა იყო, რაც ძნელია პოეზიაში შეინარჩუნოს ადამიანმა, იმიტომ რომ როდესაც მერე ტექნიკურად მართავს პოეტი ლექსს, ბევრი რამე იკარგება. და სოსოსთან ეს ყველაფერი შენარჩუნებული იყო - ძალიან დიდი სიახლოვე თავის მშობლიურ გარემოსთან, ბუნებასთან და რაღაცნაირად მეტი ქვეტექსტი, ვიდრე ტექსტი... როცა გავიგე, რომ პროზასაც წერდა, უკვე ეჭვის თვალით შევხედე, რადგან ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გაამართლოს ხოლმე პოეტების პროზამ, მით უმეტეს დოკუმენტური პროზის შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენთან რაღაცნაირი ბუმია დოკუმენტური, ავტობიოგრაფიული ლიტერატურის. დიდი შიშით მოვკიდე ხელი ამ წიგნს, ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა იმედი გამცრუებოდა და სულაც პირიქით: ამან ისე შეავსო ის, რასაც წერს სოსო მეშველიანი პოეზიაში, რომ ჟანრული დიფერენციაციის პრობლემა აღარ იდგა საერთოდ - თითოეულ ამ მინიატურას ვკითხულობდი როგორც კარგ ლექსს.
უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სოსო მეშველიანი სვანურ სახელწოდებას აძლევს თავის წიგნს. ქუნარეში ძველი სვანური ტრადიცია ყოფილა: ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე იშლება სუფრა გარდაცვლილთა სულებისთვის. სულ რამდენიმე სურათით არაჩვეულებრივად ხატავს ავტორი იმ განწყობას, რომელიც რიტუალის დროს იბადება. აი, მაგალითად: „მაგიდის ერთ მხარეს, გაშლილ სუფრაზე, ჩიბუხი ან ანთებული სიგარეტი დევს, მეორე მხარეს - მაწოვარაწამოცმული რძით სავსე შუშის ბოთლი“. საერთოდ, წინაპართა სულები სულ ტრიალებენ ამ ნაწერებში: მოგონებები, გადმოცემები, ძველი, თითქმის მივიწყებული ისტორიები... სოსო მეშველიანს შეუძლია სულაც ერთი ავსტრიელი ბიჭის ისტორიას მოჰყვეს, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები სვანეთში დესანტად გადმოსვამენ, -თანამებრძოლებთან კონტაქტს კარგავს, მშიერი დაეხეტება მთებში და, საბოლოოდ, შიმშილის მსხვერპლი ხდება, - მაგრამ ეს მოთხრობა მაინც სვანეთსა და წინაპრებზე იყოს - „უპატრონო, დამშეული ბავშვის“ მკვლელ ვითომ „გმირზე“ და მთვრალ ჟორაიაზე, რომელიც დიდი ხნის დაგვიანებით სიმართლეს მაინც მიახლის მას პირში. ამ ტექსტებით სოსო მეშველიანი ცდილობს დაინახოს, თუ როგორ აყალიბებდა მას ეს გარემო - ასეთი იდუმალი, ლამაზი და, ამავე დროს, სასტიკიც. და როგორ ეხმარება ის იმაში, რომ გაუძლოს და გადაიტანოს სულ სხვა სახის სისასტიკეები, რომელთაც უკვე ესპანეთში, ემიგრაციაში მყოფი აწყდება. მოვუსმინოთ კვლავ გიორგი ლობჟანიძეს.
გიორგი ლობჟანიძე: ამ ავტობიოგრაფიულ ნაწერებს აქვს ერთი დიდი ნაკლი: ადამიანი ცდილობს იმაზე უკეთესად წარმოაჩინოს საკუთარი თავი, ვიდრე არის სინამდვილეში. სოსოსთან ასეთ რამეს ვერ შეხვდები. ისე არის დაწერილი ეს ყველაფერი, რომ შენს თვალწინ იქმნება ყველა ტექსტი მთელი თავისი მოულოდნელობებით და ჩანს ადამიანი, შერჩენილი ამ მოვლენების პირისპირ, თვითონაც, ხშირ შემთხვევაში, დაბნეული, გულუბრყვილო, მაგრამ არასოდეს ცდილობს ავტორი, რომ შეალამაზოს რაღაც. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თემატურად ორ სივრცეს მოიცავს: ერთი არის მისი ბავშვობისდროინდელი და სიყმაწვილისდროინდელი სვანეთი, რომელთანაც ის მუდმივად ემოციურად არის დაკავშირებული, და მეორე არის ემიგრაციაში ყოფნის პერიოდი. სხვათა შორის, ქართულ ლიტერატურას ძალიან აკლია აღწერა იმისა, თუ როგორ ცხოვრობენ უცხოეთში წასული ქართველები. რაღაც სერიოზული რომანი ან ნაწარმოები ამ თემაზე არ მახსენდება. ვთქვათ, სავაჭროდ წასული ქართველები ან სამუშაოდ წასული ქართველები, ან მოხუცების მომვლელად წასული ქართველები... გაგახსენდება, ვთქვათ, ზაირა არსენიშვილის შესანიშნავი მოთხრობა "ქალმა ქმარი დაიტირა", რომელზეც მერე ნუცა ალექსი-მესხიშვილმა გადაიღო ასევე კარგი ფილმი "ფელიჩიტა" და ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რამ იყო, მაგრამ მაინც ეს ყველაფერი არის ფრაგმენტული. თანაც, სოსოს შემთხვევაში ეს არის პირველი პირის მიერ მოთხრობილი, უშუალოდ განცდილი და მთლიანად იმ ამბებში მყოფი ადამიანის არა მხოლოდ შთაბეჭდილებები, უკვე გააზრება მთელი იმ პროცესებისა, რაც მას თავიდან შეიძლება ვერც წარმოედგინა, როცა უცხოეთში მიდიოდა და, უბრალოდ, ამ სიტუაციებში აღმოჩნდა და სოსოს ეყო იმდენი ძალა, რომ ამ ყველაფერზე სიმართლით ელაპარაკა და, რაც მთავარია, გაეაზრებინა, რა ხდება მის თავს.
მთავარი სიმძიმე ემიგრანტული პერიოდის ტექსტებისა არ მოდის სოციალური გაჭირვების აღწერაზე, იმაზე, თუ რა ქანცისგამწყვეტი შრომა და რამდენი პრობლემის გადალახვა უწევს მას, რათა რაღაცნაირად დაიმკვიდროს თავი უცხო გარემოში. რა თქმა უნდა, არის ყოველივე ეს და ძალიან დამთრგუნველია ამის კითხვა, მაგრამ სოსო მეშველიანს ყველაზე მეტად სულ სხვა რამ აწუხებს და ამაზე ზღვრამდე მისული სიმძაფრით წერს: ესაა ის დამოკიდებულებები, რასაც იგი ემიგრანტ ქართველებს შორის ხედავს: გაუტანლობა, ერთმანეთის ბოროტად გამოყენება, ორპირობა და, საბოლო ჯამში, ადამიანის გულცივად გაწირვის უნარი. ყველაზე თვალსაჩინოდ ამ „შინაგანად დამძაღებულ, დაბინძურებულ სისტემას“ იგი მოთხრობაში „ავგიას თავლა“ გვაჩვენებს. ესაა ამბავი ერთ პატიოსან, მორცხვ და თავმდაბალ ტრაქტორისტ დათოზე, რომელიც სხვების წაქეზებით სვანეთიდან ესპანეთში მიდის სამუშაოდ და იქ გაქექილი ქართველები ისეთ დღეში ჩააგდებენ, რომ განავლის მწმენდავად აქცევენ, ვალებში დაახრჩობენ, საკვებისა და სიგარეტის გარეშე დატოვებენ, შრომაში სულს ამოხდიან და ბოლოს ისე გაამწარებენ, რომ მკვლელად აქცევენ. ძალიან მტკივნეულია ყოველივე ამის კითხვა, მაგრამ ძალიან აუცილებელიცაა და სწორედ ამაზე ამხვილებს ყურადღებას გიორგი ლობჟანიძეც.
გიორგი ლობჟანიძე: მე, მაგალითად, ჩემს შვილს ვურჩევდი... ახალგაზრდა ბიჭების საკითხავი უნდა იყოს ერთ-ერთი, იმიტომ რომ რა მოულოდნელობებით არის სავსე ცხოვრება და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დააყენოს ადამიანი ამ ცხოვრებისეულმა კატაკლიზმებმა, ამ წიგნში ძალიან კარგად არის ნაჩვენები. და გნებავთ, ეს არის დასავლეთის და აღმოსავლეთის შეხვედრა ან კავკასიურ-ქართული მენტალიტეტისა და დასავლური ღირებულებების ერთმანეთთან შეხვედრა, ხშირ შემთხვევაში - ძალიან მტკივნეული, სადაც სოსო ამ ყველაფერს იაზრებს და იზიარებს. და, რაც მთავარია, ენობრივად და სტილისტურად არის ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი, რამდენადაც შეიძლება ამ ტიპის ბიოგრაფიული ნაწარმოები იყოს და მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ძალიან სერიოზული წიგნია, რაც დღეს დაიწერა.
წიგნი სრულდება მოთხრობით, სადაც ავტორი ბავშვობისდროინდელ პერიოდს იხსენებს, როცა მას „ჯადოქარი ერმილეს ნაშიერს“ უწოდებენ და საგონებელში აგდებენ. თანდათანობით ის არკვევს, რომ მის დიდ ბაბუას მართლაც სწამებდნენ ჯადოქრობას, უცნაურ ამბებს ჰყვებოდნენ მასზე. ბავშვი ნელ-ნელა აზარტში შედის, უხარია კიდეც, რომ ასეთი წინაპარი ჰყავდა, მაგრამ ერთხელაც ახლობელი ბერიკაცი ეუბნება, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, ერმილე ჯადოქრად მოეჩვენათ იმიტომ, რომ ის, ხალხთან შედარებით, ასი თავით მაღლა იდგა ცოდნით და იღბლიანი, გამჭრიახი კაცი იყო. მოთხრობა ბერიკაცის სიტყვებით მთავრდება, ბავშვის რეაქცია არცაა ნაჩვენები. არ ვიცი, პატარა სოსო მეშველიანს გული გაუტყდა თუ არა მაშინ, მაგრამ ახლა ნამდვილად შემიძლია შევაგულიანო და ვუთხრა, რომ ის ნამდვილად არის „ჯადოქარი ერმილეს ნაშიერი“ და უკვე თვითონაც ჯადოქარია.