„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ თავის შესანიშნავ სერიაში „ლიტერატურული ოდისეა“ წელს გამოსცა უკრაინელი მწერლის, იური ანდრუხოვიჩის, რომანი „მოსკოვიადა“. მიუხედავად იმისა, რომ ანდრუხოვიჩი „სულ რაღაც“ 57 წლისაა, მას უკრაინულ ლიტერატურულ სივრცეში „პატრიარქს“ უწოდებენ და ეჭვმიუტანელი ფაქტია, რომ სწორედ მისმა მოსვლამ შეცვალა ძალიან ბევრი რამ თანამედროვე უკრაინულ ლიტერატურაში და ახალი თაობების ძლიერი ნაკადიც მოიყოლა. იგი შარშან თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე იყო და ქართველ მკითხველს მაშინ პირველად გაუჩნდა შესაძლებლობა, მის მრავალფეროვან შემოქმედებას შეხებოდა. უშუალოდ ფესტივალისთვის უკრაინაში მოღვაწე ქართველმა პოეტმა, რაულ ჩილაჩავამ, თარგმნა მისი ლექსები და ფრაგმენტი რომანიდან „მოსკოვიადა“, რომლებიც ჟურნალ „ახალ საუნჯეშიც“ დაიბეჭდა. ეს იყო ის ბიძგი, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა გამომცემლობისათვის, რომ მთარგმნელი დაეყოლიებინა, რომანი სრული სახით თარგმნილიყო, და ბარემ აქვე ვიტყვი, თარგმნილიყო სრულიად შთამბეჭდავად. რადიო თავისუფლება კიევში დაუკავშირდა რაულ ჩილაჩავას და სთხოვა კომენტარები გაეკეთებინა წიგნთან დაკავშირებით.
Your browser doesn’t support HTML5
რაულ ჩილაჩავა: იური ანდრუხოვიჩი არის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო წარმომადგენელი თანამედროვე უკრაინული ლიტერატურისა. დაიწყო, როგორც პოეტმა, 80-იან წლებში. სხვათა შორის, არ არის კიეველი. რატომღაც მივეჩვიეთ, რომ ყველა პოეტი უსათუოდ დედაქალაქში უნდა ცხოვრობდეს. ანდრუხოვიჩი არის დასავლეთ უკრაინიდან - ივანო-ფრანკოვსკიდან. ძველად ამ ქალაქს სტანისლავი ერქვა და სწორედ იური ანდრუხოვიჩზე ამბობენ, რომ მან შექმნა ეგრეთ წოდებული „სტანისლავის კულტურული ფენომენი“. ის დარჩა თავის მშობლიურ ქალაქში. თუმცა ცხოვრობს ევროპის სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ მაინც დაბრუნების წერტილი მისთვის არის ივანო-ფრანკოვსკი. 80-იან წლებში მას ჰქონდა ძალიან ხმაურიანი დებიუტი თავის თანამოკალმეებთან ერთად. ისინი იყვნენ მისი მეგობრები: ვიქტორ ნებორაკი და ალექსანდრე ირვანეცი, რომლებმაც ერთად შექმნეს პოეტური გაერთიანება, რომელსაც ერქვა „ბუ-ბა-ბუ“, ანუ ბურლესკი, ბალაგანი, ბუფონადა. მათ მაშინ ძალიან მკვეთრი ყურადღება მიიპყრეს საზოგადოებისა, არამარტო უკრაინისა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ზოგადსაკავშირო მაშინდელი ფენომენი გახდა. მერე იური ანდრუხოვიჩი წავიდა მოსკოვში. ის იყო მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტის სტუდენტი, სადაც მას მოუსწრო სწორედ საბჭოთა კავშირის ნგრევამ.
1992 წელს დაწერილი და მხოლოდ 1997 წელს გამოცემული „მოსკოვიადა“ სწორედ ამ პერიოდს აღწერს - ერთ დღეს ლიტერატურის ინსტიტუტის უკრაინელი სტუდენტისა, რომელსაც რატომღაც გერმანული ჟღერადობის სახელი აქვს: ოტო ვილჰელმოვიჩ ფონ ფ. მოქმედება ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში იწყება. ანდრუხოვიჩი ნაცრისფერი, უსახური რეალობის ხატვით იწყებს რომანს. ესაა გარემო, სადაც ათწლეულების განმავლობაში „საბჭოთა მწერალი“ იწრთობოდა ასობით ერებისა და ეროვნებების წარმომადგენლებისაგან და უნიჭოთა თუ საშუალოდ ნიჭიერთა დიდ ნაკადებში ხანდახან, ცხადია, ხვდებოდნენ ნიჭიერებიც. მაგრამ ეს აზელილობა, ეს ცხოვრების საერთო წესი თუ „დიდ ლიტერატურაში“ მოხვედრის უბადრუკი მცდელობები და მეთოდები, რაც ამ საცხოვრებლის კედლებსა თუ ჰაერში ბოლომდე გამჯდარა, დაშლის პირას მისულ იმპერიაში ბოლომდე იხრწნება და ავტორი ამ ერთი კონკრეტული სივრცით და იქ მცხოვრები სტუდენტებით ქმნის იმ განწყობას, რომელიც თანდათან უნდა განავითაროს და აამოძრაოს, გამოიყვანოს თავისი პროტაგონისტი ამ საცხოვრებლიდან და მთელ მოსკოვს მოსდოს, მოახვედროს ლუდხანებში, სასადილოებში, სადგურებზე, ჯურღმულებში... ანდრუხოვიჩი ე. წ. „ჩერნუხასგან“ პირქუშ კარნავალს ქმნის ირონიით, სარკაზმით, გროტესკით, სტილური და ენობრივი სიჭრელით...
მოვუსმინოთ კვლავ რაულ ჩილაჩავას.
რაულ ჩილაჩავა: როცა მოსკოვში სწავლობდა, მაშინ უკრაინაში იგრძნობოდა ის აპოკალიფსური ხედვები, რომლებიც შემდეგ განვითარდა მის ასეთ საკულტო, თუ შეიძლება ითქვას, რომანში და მაშინ უკვე მწიფდებოდა ეს თემა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ლექსების რაღაც ფრაგმენტებად, ექოებად გამოვლინდებოდა ხოლმე და უცებ მან გამოაქვეყნა ეს რომანი - „მოსკოვიადა“, რომელმაც, ასე შეიძლება ითქვას, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის შთაბეჭდილება მოახდინა. მე ამას ბოლომდე არ დავეთანხმები, მაგრამ კრიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ ეს რომანი არის ერთგვარი ექო, გამოძახილი ან გარკვეული მიბაძვა ცნობილი რომანისა - ‘’მოსკოვი-პეტუშკი’’ ვენედიქტ ეროფეევისა. თუმცა ვენედიქტ ეროფეევი წერს თავის სამშობლოზე, წერს პოეტურად, ხოლო „მოსკოვიადის“ გმირი ამას უყურებს როგორც დამონებული ქვეყნის შვილი და, შესაბამისად, მისი დამოკიდებულება არის მძაფრი, სარკასტული, ირონიული და ბევრ ადგილებში დაუნდობელიც კი.
ეს პარალელი ამ ორ ნაწარმოებს შორის, ალბათ, ყველას გაუჩნდება წიგნის კითხვისას და არის ბევრი რამ, რაც სტრუქტურულად ერთმანეთს ემთხვევა. ორივეგან მთავარი გმირი მთელი ნაწარმოების განმავლობაში ლოთობს, ორივეგან ერთი დღის ისტორიაა მოთხრობილი, ორივეგან, ფაქტობრივად, „მოგზაურობაა“ აღწერილი - როგორც ერთი ჭიქიდან თუ სირჩიდან მეორე ჭიქამდე თუ სირჩამდე, ასევე ერთი პუნქტიდან მეორემდე. ჩემი აზრით, ეს ანდრუხოვიჩს სრულიად გააზრებულად აქვს გაკეთებული: მან აიღო ეროფეევის რომანის ქარგა, მაგრამ კარდინალურად შეცვალა მიდგომა, ესთეტიკა და ეს, კაცმა რომ თქვას, სხვანაირად ვერც იქნებოდა, ვინაიდან 1968 წლის საბჭოეთსა და აპოკალიფსურ მდგომარეობაში მყოფ იმპერიას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. რამ დაანგრია იმპერია? ამაზე მწერალს ბევრი პასუხი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან მკაფიო და ცინიკურია: „იმპერიას დროზე უნდა ეზრუნა თავის ლოთებზე. კი არ უნდა ეომა ლიბერალიზმისა და ნაციონალიზმის ქარის წისქვილებთან, კი არ უნდა ენადირა რელიგიურობის კუდიანზე და სამართალდამცველობის მოჩვენებასთან, არამედ გაეკეთებინა ერთადერთი რამ - ეზრუნა თავის ერთგულ ლოთებზე, რათა მათ ყოველთვის ჰქონოდათ ჩასახეთქი და ჰყვარებოდათ საკუთარი მახინჯი ქალები, რათა გაეჩინათ მათივე მსგავსი შვილები. მორჩა და გათავდა. მაგრამ იმპერიამ უღალატა საკუთარ ლოთებს და თავისი თავი დასარღვევად გაწირა“.
როგორ მიდიოდა თარგმანზე მუშაობა? რა პრობლემებს აწყდებოდა მთარგმნელი? ყოველთვის საინტერესოა ამის მოსმენა, რადგან ეს ტექსტის თვისებებს უკეთ გვაჩვენებს.
რაულ ჩილაჩავა: ძალიან რთული სათარგმნი იყო ქართულად, თუნდაც იმის გამო, რომ ნაწარმოების ენობრივი ქსოვილი არის ძალიან მოდერნული თვით უკრაინული ენისთვისაც კი. ბევრი ვულგარიზმის გადმოცემა, ბევრი ნეოლოგიზმის, რომელიც ამ რომანში, შეიძლება ითქვას, ანდრუხოვიჩმა პირველად გამოიყენა. ხშირად ციტირება ტექსტებისა, რომლებიც პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ, სავარაუდოდ, იგრძნობა, რომ ეს არის ჩანართი ტექსტები - ესეც იყო მოსაძებნი, გადმოსაქართულებელი და, რა თქმა უნდა, ის საერთო სტილი, რომელიც ახასიათებს თვითონ ანდრუხოვიჩს.
უნდა აღინიშნოს, რომ ფინალისკენ ტექსტი სტილურად ძალიან იცვლება. მთავარი გმირის თრობის ახალ დონეებზე გადასვლა ეტაპობრივად ანგრევს იმ მერყევ რეალიზმს, რომელშიც თვითირონიული ოტო ფონ ფ. ბორძიკობს და ნელ-ნელა საბოლოოდ ხვდება ჰალუცინაციებისა და ფანტაზმების საშინელ სამყაროში, რომლის ბოლო აკორდიცაა „მიცვალებულთა სიმპოზიუმი“, სადაც ლენინის, ივანე მრისხანის, სუვოროვის, ეკატერინე მეორისა და მსგავს პოლიტიკურ ფიგურათა ნიღბიანი კარიკატურები იმპერიის გადარჩენის გეგმებს სახავენ სისხლითა და ფეკალიებით მოთხვრილ ტრიბუნასთან. ისინი ასკვნიან, რომ უნდა შექმნან „ბევრი დამოუკიდებელი სანაგვე, რომელთა სათავეშიც უსუსური მარიონეტები იდგებიან“. მათი აზრით, რაც დრო გავა, „ერები სულ უფრო და უფრო მოიხედავენ უკან და თავიანთ მოტყუებულ ხილვებში დაინახავენ დიად სახელმწიფოს - კოსმიურს, ცეცხლოვანს, განიერს, ათასწლოვანს“. გულანთებული, პატრიოტი უკრაინელი პოეტი, თუნდაც გალოთებული, თუნდაც კლოუნის ნიღბით სახეზე, ცხადია, ამას ვერ დაუშვებს და უნდა შეებრძოლოს სიმპოზიუმის მონაწილეებს. და ის იბრძვის, მაგრამ ეს ბრძოლაც შარჟია, ბუფონადაა. ერთადერთი, რაც, ალბათ, ნაღდია, მისი მგზავრობა მატარებლით სამშობლოსაკენ, მისი „მოსკოვიადის“ დასასრული, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაგვირკვევია, ცოცხალია ის ჯერ კიდევ თუ უკვე მკვდარი.
დაბოლოს, ერთხელაც მოვუსმინოთ რაულ ჩილაჩავას.
რაულ ჩილაჩავა: მიუხედავად იმისა, რომ დაწერილია მეოთხედი საუკუნის წინ და მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში, დღეს, შეიძლება ითქვას, უფრო თანამედროვედ, უფრო აქტუალურად ჟღერს იმიტომ, რომ ბევრი რამ მწერალმა იწინასწარმეტყველა ამ ნაწარმოებში. თუნდაც, უკრაინისა და რუსეთის დაპირისპირება, ის მძაფრი წინადგომა ამ ორი სლავური იდეისა - ერთი იმპერიული და მეორე თავისუფალი. და ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ავტორმა მანამდე ნახა, განიცადა და ეს დროც მხატვრულ სახეებში ჩამოაყალიბა და ერთგვარი სიგნალი გადმოუგზავნა მომდევნო თაობას.