მოზარდობის ასაკში ერთი ლურჯი წიგნი მიყვარდა, ხშირად ვუბრუნდებოდი: ივო ანდრიჩის „დრინის ხიდი“. ბევრი ფუსფუსი იყო ამ ხიდზე, ათასი ჯურის ადამიანი გადადიოდა და გადმოდიოდა მასზე სხვადასხვა მიზნებით სხვადასხვა ეპოქებში, ბოლოს ხიდი ინგრეოდა. ხიდი ინგრევა თორნთონ უაილდერის „მეფე ლუდოვიკო წმინდას ხიდშიც“ და ეს თეოლოგიური ჭვრეტის, ადამიანის ბედისწერის კვლევის საბაბი ხდება. ხიდი ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და პრაგმატული რამაა კაცობრიობის ისტორიაში და, ამავე დროს, ძალიან იდუმალი და ირაციონალურიც. ორ ნაპირს, ორ სოფელს, ორ სამყაროს შორის ხიდის გადება ჯადოქრული აქტია და რამდენადაც ზუსტ ცოდნას მოითხოვს, იმდენადვე ესთეტიზებულია და ამიტომაცაა, ხელოვნება რომ სულ უტრიალებს ამ ფენომენს. პოეზიაში საერთოდაც ვინ მოთვლის, რამდენი ხიდი გამხდარა შთაგონების წყარო, აპოლინერის „მირაბოს ხიდიდან“ დაწყებული გალაკტიონის „ალუბლის ხიდით“ დამთავრებული. ლეო კარაქსის ფილმიც, „შეყვარებულები ახალი ხიდიდან“ ხომ არ გაგახსენდათ ამასობაში? ერთი სიტყვით, ჟანრი არა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ხელოვნების ერთ-ერთი სუბჟანრი კი არის ხიდი და ამ სუბჟანრს თავისი გამორჩეული ნაწარმოებები, თავისი შედევრები აქვს. დღეს ერთ-ერთ მათგანზე ვისაუბრებთ: ესაა ფრანგი მწერლის, პიერ ბულის, რომანი „ხიდი მდინარე კვაიზე“, დაწერილი 1952 წელს, რომლის მიხედვითაც 1957 წელს რეჟისორმა დევიდ ლინმა ჰოლივუდის ერთ-ერთი საუკეთესო, თითქმის სამსაათიანი, ბლოკბასტერი გადაიღო. თუმცა რომანი სქელტანიანი სულაც არაა, სულ რაღაც 160 გვერდს ითვლის. წიგნი შარშან დაბეჭდა გამომცემლობა „დიოგენემ“ და იგი ფრანგულიდან თარგმნა ზაზა შენგელიამ. ეს მისი სადებიუტო ნამუშევარია და უნდა აღინიშნოს, რომ მშვენივრად შესრულებული. მწერლის ბიოგრაფია პირდაპირ კავშირშია წიგნში აღწერილ მოვლენებთან, ამიტომ მთარგმნელმაც საუბარი პიერ ბულის ცხოვრების გზის აღწერით დაიწყო.
Your browser doesn’t support HTML5
ზაზა შენგელია: პიერ ბული საკმაოდ უცნობი და, ამავე დროს, საინტერესო ავტორია ქართველი მკითხველისთვის, უცნობი უფრო ალბათ იმიტომ, რომ თვითონ ფრანგული ლიტერატურისთვის საკმაოდ ატიპიური ავტორია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მის ეპოქაში, ანუ მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში და შემდგომაც, არ ეწერებოდა ფრანგული ლიტერატურის ამ სცენაში და ძირითად მიმდინარეობებში, ცალკე მდგომი ავტორი იყო, რომელიც ფრანგი მწერლებისთვის ზოგადად ნაკლებად დამახასიათებელ ჟანრში - ფენტეზიში, საიენს ფიქშენში - მონაწილეობდა ძირითადად და მისი ყველაზე ცნობილი წიგნია „მაიმუნების პლანეტა“, რომელიც ბევრჯერ იქნა ეკრანიზებული და გაუთქვა მას სახელი, როგორც მსგავსი წიგნების ავტორს, თუმცა მას ძალიან საინტერესო პირადი ცხოვრება და წარსული გააჩნია, რადგანაც იგი აქტიურად მონაწილეობდა მე-2 მსოფლიო ომში. კერძოდ, ომმა მას მოუსწრო მალაიზიაში, სადაც ის კაუჩუკის პლანტაციის მენეჯერად მუშაობდა ინგლისელებთან და იქვე მოხდა მისი ინგლისის საიდუმლო სამსახურში სამუშაოდ აყვანა და მას დაევალა მაშინდელ საფრანგეთის კოლონიებში, რომლებიც ვიშის, ანუ იმდროინდელ საფრანგეთის მთავრობას, ექვემდებარებოდა, წინააღმდეგობის ქსელის შექმნა. მან, როგორც ამბობენ, შესაბამისი ტრენინგი გაიარა და შემდეგ იქნა გაგზავნილი საფრანგეთის ინდოჩინეთის, როგორც მაშინ უწოდებდნენ, კოლონიაში, რათა დაემყარებინა ურთიერთობა ადგილობრივ წინააღმდეგობის მოძრაობასთან. იგი მალევე ტყვედ ჩავარდა, ტყვედ დიდი ხანი გაატარა და, აქედან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე დღეებიც გამოიარა. ტყვეთა ბანაკში შემდგომ იყო ინგლისელებთან ერთად. მას სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, უბრალოდ, ვერ მოესწრო მისი ეგზეკუცია, გადარჩა და იქნა შემდგომ გათავისუფლებული.
რომანში იაპონელები დატყვევებულ ინგლისელებს ბირმასა და ტაილანდს შორის სტრატეგიული მნიშვნელობის რკინიგზას და ხიდს აშენებინებენ. ამის მეშვეობით იაპონელები გეგმავენ სამხედრო ძალებისa და ტექნიკის გადასროლას დასავლეთით და ინგლისურ კოლონიებზე შეტევას. იაპონიის იმპერატორის ბრძანებით სამუშაო ექვს თვეში უნდა შესრულდეს. ყოველთვის და ყველგან ტყვე მოიაზრება როგორც მუქთა შავი მუშახელი და იაპონელებიც ასე უდგებიან ამ საკითხს. ტყვეს რეგალია ეკარგება, ჯარისკაცი, ოფიცერი და პოლკოვნიკი თანაბრდება და ყველამ ერთნაირად უნდა თხაროს მიწა და აგოროს ლოდები. კონფლიქტიც აქ იბადება, რადგან ინგლისელ ტყვეებში სამხედრო იერარქია არ გამქრალა და პოლკოვნიკ ნიკოლსონს მიაჩნია, რომ ამ მდგომარეობაშიც მან უნდა განკარგოს ხელქვეითები. რიგითებსაც მიაჩნიათ, რომ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი პოლკოვნიკის ბრძანებებს უნდა დაემორჩილონ და არა იაპონელი პოლკოვნიკი საიტოსი. პირველივე შეხებიდანვე გრძნობს ამას საიტო და ეს აცოფებს, ცდილობს ამოშანთოს ეს დამოკიდებულებები, მოკლას ნიკოლსონში პოლკოვნიკობის პრეტენზია და თავად გახდეს ინგლისელი ჯარისკაცების რეალური მეთაური. ბრძოლა დიდხანს გრძელდება, საიტოს ნიკოლსონი სიკვდილის პირამდე მიჰყავს, მაგრამ მას მაინც ვერ ტეხს. რიგითებიც მხოლოდ პირობითად ემორჩილებიან მას. მუშაობენ, მაგრამ უხარისხოდ, საბოტაჟს აწყობენ და საქმე წინ ვერ მიიწევს. და რათა იმპერატორის დავალება არ ჩავარდეს, საიტო თმობს პოზიციებს: აძლევს ნიკოლსონს საშუალებას, უხელმძღვანელოს თავის ჯარისკაცებს და პროფესიონალ ჯგუფთან ერთად მშენებლობა ეფექტურად წარმართოს. რათა „ღირსების ბრძოლა“ ბოლომდე მოიგოს და ინგლისური სამხედრო, სამშენებლო თუ ზოგადად, კულტურის უპირატესობა დაამტკიცოს, ნიკოლსონისთვის ხიდის მაღალ დონეზე აგება წმინდა მიზანი ხდება. ანუ ხიდი, როგორც თავისთავადობა, როგორც სრულქმნილი ობიექტი, ხოლო ის, თუ რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ ეს ხიდი, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ინგლისელ ტყვეებს შორის არავის აფიქრებს და ადარდებს. აქ ჩნდება მეორე ხაზი და პარადოქსული კონფლიქტიც: კალკუტაში ინგლისელების საიდუმლო სამსახური გეგმავს მშენებარე ხიდის აფეთქების ოპერაციას, რათა იაპონელების შეჭრა მათი გავლენის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე აღკვეთოს. მაიორ შირსის რაზმიც და ტყვეთა არმიაც, პოლკოვნიკ ნიკოლსონის მეთაურობით, უნაკლოდ ასრულებს თავის საქმეს. ორივე ძალას ერთნაირად კარგად შეუძლია როგორც კონსტრუირება, ასევე დეკონსტრუირება და კონსტრუქტორები და დეკონსტრუქტორები სწორედ აქ ეჯახებიან ერთმანეთს.
"ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ იცოდნენ, რა ახლოს ვართ... და ის, რომ ამ ხიდს იაპონელები ვერასდროს გამოიყენებენ. ეს ამბავი დიდად გაამხნევებდათ", - ფიქრობენ ტყვეებზე მაიორ შირსის რაზმელები და ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ მათ მზე და მთვარე ამოსდით ამ ხიდზე, მისით ამაყობენ და ბოლომდე დაიცავენ კიდეც მას.
მოვუსმინოთ კვლავ ზაზა შენგელიას.
ზაზა შენგელია: იმ ეპოქაში, როცა ეს წიგნი იწერებოდა, არ არსებობდა ის რამდენიმე ფენომენი, რომელიც დღეს აძლევს ხალხს საშუალებას, რომ ერთმანეთი გაიცნონ, სხვა ცივილიზაციებს ეზიარონ და ა.შ.: მასობრივი ტურიზმი, ინტერნეტი, ტელევიზია და ა.შ. ანუ ამ დიდი მოვლენების შედეგად, ხალხი ეცნობოდა ერთმანეთის კულტურას, ერთმანეთის ზნე-ჩვეულებებს, მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებულ ბანაკებში იყვნენ, და ეს მომენტები წარმოშობდა ლიტერატურისთვის ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს... ამ რომანში ინგლისელები არიან მთავარ როლში, რომლებიც დასახულ ამოცანას, მიუხედავად იმისა, რა არის ეს ამოცანა, საბოლოო ჯამში, პირნათლად ასრულებენ ბოლომდე. და ეს ტრაგიკომიკურ დასასრულს იწვევს, რადგანაც, საბოლოო ჯამში, ისე ხდება, რომ საკუთარ თავს და საკუთარ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან ამ მაქსიმალიზმში. ზოგადად არის, გარდა ამ სიუჟეტური ხაზისა, საკმაოდ კონდენსირებულად და მოზომილად რეფლექსია ომის თემაზე და იმ თემაზე, რომელიც შეეხება, ამ ომიდან გამომდინარე, ადამიანების ურთიერთობას ერთმანეთთან - ეს ეხება როგორც მტერთან ურთიერთობას, ასევე ჯარისკაცის და ოფიცრის ფილოსოფიას. ასევე, ალბათ, ორი სიტყვა უნდა ითქვას, როგორ ხედავს მწერალი იაპონელებს და, ამ შემთხვევაში, აღმოსავლეთის ცივილიზაციისთვის დამახასიათებელ თვისებებს. დღევანდელ ეპოქაში, ალბათ, ეს წიგნი პოლიტკორექტული ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ საკმაოდ პირდაპირი და არასახარბიელო ეპითეტებითაც არის მოხსენიებული იაპონელების მხარე. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს წიგნი არის ბინარული, - დასავლეთი დადებითი და აღმოსავლეთი უარყოფითი - იმიტომ რომ ჩვენს წინაშეა სურათი, სადაც როგორც აღმოსავლეთს, ისე დასავლეთს, საკმაოდ თავისებური და ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ყველას თავისი ნაკლი აქვს, ყველას თავისი დადებითი თვისება აქვს და აი, სწორედ ამით არის კიდევ საინტერესო ეს წიგნი, რომ არ არის შავ-თეთრი ხედვა.